აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი, ნემად კერიმლი აფგან მუხთარლის საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანის დეტალებზე საუბრობს. როგორც კერიმლიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მუხთარლიმ მას დეტალურად უამბო თუ სად ჩასვეს ის თბილისში მანქანაში და როგორ მიიყვანეს აზებაიჯანის საზღვრამდე. ადვოკატი, აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე დაყრდნობით ამბობს, რომ პირები, რომლებმაც ის სახლთან ახლოს მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს, პოლიციის ფორმაში იყვნენ ჩაცმული.
”სახლში რომ ბრუნდებოდა, აფგან მუხთარლიმ ჯერ თავის მეგობარს დაურეკა, შემდეგ კი მეუღლეს, რომელსაც ჰკითხა, ხომ არ სჭირდებოდათ პური ან რაიმე. პურისთვის მაღაზიაში შევიდა, იყიდა და გზა სახლისკენ განაგრძო. სახლს რომ მიუახლოვდა, უეცრად მის წინ მანქანა გაჩერდა და პოლიციის ფორმაში ჩაცმული სამი ადამიანი გადმოვიდა. მათ თან ახლდათ კიდევ ერთი პირი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მათ მუხთარლი ძალით ჩასვეს მანქანაში, სცემეს და დაზიანებები მიაყენეს. მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რაც ხელახალი ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. როგორც აფგანი ამბობს, მანქანა, რომელშიც ის ჩასვეს, ოპელის მარკის იყო”, - განაცხადა მუხთარლის აზერბაიჯანელმა ადვოკატმა და აქვე დასძინა, რომ ძალადობის კვალი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ კიდევ ეტყობა.
ნემად კერიმლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ხელებიც მაგრად შეუკრეს.
”თავზეტომარაწამოცმული მუხთარლი ვერ მიხვდა, სად მიდიოდნენ, თუმცა, მიხვდა, რომ ქალაქი დატოვეს. როგორც აფგან მუხთარლი ამბობს, გამტაცებლები ძირითადად ჩუმად იყვნენ, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვეს, მაგრამ ის მიხვდა, რომ ქართულად ლაპარაკობდნენ. შემდეგ სხვა მანქანაში გადასხდნენ, სადაც უკვე აზერბაიჯანული საუბარი გაისმა. მანქანიდან რომ გადმოიყვანეს და ოთახში შეიყვანეს, მუხთარლი უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მან სასაზღვრო დეპარტამენტის განყოფილება იცნო. შემდეგ, ვიღაცას, სახელად ჯეროს, მოახსენეს, რომ აფგან მუხთარლი უკვე მათ ხელში იყო. მეორე დღეს ის ბაქოში წაიყვანეს. საღამოს უკვე საქმე აღძრეს და იურისტები ჩაერთნენ პროცესში”, - განაცხადა ნემად კერიმლიმ.