ძალიან დამღლელია ყველაფერი ის, რაც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხდება - არ წყდება ტყუილები, პარლამენტზე შეტევა, არ წყდება საბოტაჟი მისი მხრიდან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კობახიძემ ისიც აღნიშნა, თუ რა უფლება აქვს პრეზიდენტს კონსენსუსზე საუბრობდეს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების გამართვის პროცესში არ ჩაერთო.
“მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პირით მოვისმინეთ. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაბამისი დოკუმენტი ვენეციის კომისიისგან გაეგზავნა. გვაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც. გარდა ამისა, როცა ფიქრია ჩიხრაძემ თავისი პრესკონფერენცია დაიწყო, მისი პირველი სიტყვა იყო: „გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს“... მან პირადად დაადასტურა, რომ ჰქონდა მიღებული დოკუმენტი, გაეცნო მას და ამის საფუძველზე ჩაატარა ბრიფინგი. ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი. ამაში ქალბატონ ანას ვერ დავადანაშაულებ, რადგან როცა საუბრობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საუბრობს პრეზიდენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.