რისთვის ემზადება კახა კალაძე?

რისთვის ემზადება კახა კალაძე?

"კახი კალაძეს ყველაზე სუსტი პოლიტიკური სტარტი ჰქონდა, თუმცა მან სპორტული ხასიათი გამოავლინა - ცდილობს, განვითარდეს და ისწავლოს, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური თამასა, რომელსაც დიდი შრომის მიუხედავად, მაინც ვერ გადაახტება"

"ღარიბაშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნა იყო ტვირთი, რომლისგან გათავისუფლებაც მას ძვირი დაუჯდა და რატომ უნდა უნდოდეს ამ მისთვის აუწეველი ტვირთის კიდევ ერთხელ ზიდვა, გაუგებარია"

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატურაზე "ქართული ოცნება" კახი კალაძეზე შეთანხმდა. ამბობენ იმასაც, რომ უახლოეს დღეებში ენერგეტიკის მინისტრი პოსტს დატოვებს და არჩევნებისთვის ოფიციალურად მოემზადება. ვის რა პოზიცია და პოლიტიკური წონა აქვს როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში, არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, "კვირის პალიტრას" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი­ ესაუბრება:

- თუ "ქართული ოცნება" კახი კალ­აძის კანდიდატურაზე შიდა განხილვებში­ მაინც ორჭოფობდა, დღეს უკვე თბილისის მერად კალაძის კანდიდატურა საბოლოოდ გადაწყვეტილია. პირადად ჩემთვის ეს არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ კალაძის არალოგიკურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია - რატომ დაინტერესდა ის თბილისის მერის პოზიციით, გასაკვირია.

- რატომ, თბილისის მერი ხომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობაა, ვიდრე ენერგეტიკის მინისტრის პოსტი?

- თბილისის მერის პოსტი მისთვის შეიძლება საინტერესო იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშს იწყებს.

თანამდებობრივად თბილისის მერის სტატუსი ბევრად არ აღემატება ენერგეტიკის მინისტრის პოსტს, თუმცა მნიშვნელოვანი რისკია და მასზე წასვლას მხოლოდ ორ შემთხვევაში აქვს ახსნა: ან დაავალდებულეს, ეს გაეკეთებინა (თუმცა "ქართული ოცნებისთვის" არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, კალაძეს დაასახელებს კანდიდატად თუ ვინმე სხვას, რადგან გუნდში არავინაა ლიდერი და გამარჯვებაც მხოლოდ პარტიის პოლიტიკური კაპიტალის საფუძველზეა შესაძლებელი), ან კახი კალაძემ საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად მიზანმიმართული თამაში დაიწყო. ბუნებრივია, თბილისის მერის პოზიცია პოლიტიკური ფიგურის დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის, რადგან შესაძლებლობას აძლევს, არჩევნებისთვის საკუთარი პოლიტიკური ძალით გამოსვლა სცადოს. თუმცა სხვა საქმეა, რომ მის ამბიციებს რესურსები არ ემთხვევა­ - თავდაპირველად, ხელისუფლებაში კალაძეს ყველაზე სუსტი პოლიტიკური სტარტი ჰქონდა, თუმცა მან სპორტული ხასიათი გამოავლინა - ცდილობს, განვითარდეს და ისწავლოს, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური თამასა, რომელსაც დიდი შრომის მიუხედავად, მაინც ვერ გადაახტება­ - შესაძლოა, ამბიცია აქვს, მაგრამ კალაძის ეროვნულ ლიდერად ჩამოყალიბება წარმოუდგენელია. ამის მისაღწევად მხოლოდ სისტემური მუშაობა საკმარისი არ არის, პოლიტიკური ლიდერიც უნდა იყო, რისი "აკრეფაც" კალაძეს არ შეუძლია - მან წარსულში ბევრი პარამეტრი დაკარგა. შესაძლოა, პოლიტიკაში რაღაც ისწავლო, თუმცა სწავლა ბიოგრაფიის დასაწყისიდან იწყება - ნახევარი ცხოვრება ფეხბურთი ითამაშო, მეორე ნახევარი კი პოლიტიკაში ეროვნულ ლიდერად ჩამოყალიბებას შეალიო, არ გამოვა. თუმცა არ გამოვრიცხავ, თავად ამის ილუზია ჰქონდეს და უფრო მასშტაბური თამაშის წამოსაწყებად ემზადებოდეს.

- და ფიქრობთ, მმართველი გუნდი კალაძის დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბების რისკს ვერ ხედავს?

- შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" ერთგვარი ბალანსისთვის არჩევნებში კიდევ ერთი კანდიდატურა შემოგვთავაზოს. ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პერსონაც განიხილება, თუმცა ღარიბაშვილის თამაშში გამოყვანა უცნაურად მეჩვენება - ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან. შესაძლოა, თავად ირაკლი ღარიბაშვილს სურს თამაშში დაბრუნება, მაგრამ როგორც ღარიბაშვილისთვის, ისე "ქართული ოცნებისთვის","ეს უდიდესი შეცდომა იქნება. ღარიბაშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნა იყო ტვირთი, რომლისგან გათავისუფლებაც მას ძვირი დაუჯდა, რატომ უნდა უნდოდეს ამ მისთვის აუწეველი ტვირთის კიდევ ერთხელ ზიდვა, გაუგებარია.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."