ინფორმაცია მძღოლებისთვის - ყველა დეტალი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ყველა დეტალი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან "საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილებები ამოქმედდა. სიახლეების ძირითადი ნაწილი ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას უკავშირდება. რას გულისხმობს ცვლილებები, რომელიც რამდენიმე დღეში შედის ძალაში, რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა, რა დამატებითი საშუალებებით გაკონტროლდება საქართველოს გზებზე მოძრაობა და რა მექანიზმებით დაფიქსირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ასევე, სამომავლოდ, რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს მართვის მოწმობის გამოცდის დღეს არსებულ მოდელს - ამ და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს ესაუბრა.

- ბატონო შალვა, თავდაპირველად ვისაუბროთ სიახლეზე, რომელიც ქულათა სისტემას უკავშირდება. როგორც ცნობილია, 1-ელ ივლისს, მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა კი დარიცხული ქულების შემცირებას გამოიწვევს. რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ახალი სისტემის ძირითადი პრინციპის შესახებ?

- 1-ელი ივლისიდან ძალაში შედის ქულათა სისტემა. ყველა მძღოლის მართვის მოწმობას 100 პირობითი ქულა დაერიცხება, რომელიც 1-ელ იანვრამდე იქნება ძალაში, თუ კანონით დადგენილი წესით არ შემცირდა. შემცირება გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირი ჩაიდენს სამართლადარღვევას. ამ სამართალდარღვევას დააფიქსირებს პატრულ-ინსპექტორი, მძღოლს გააჩერებს და პირადად დააჯარიმებს. ამ პროცესში პატრულ-ინსპექტორს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე, თუ რამდენი ქულა აქვს მძღოლის მართვის მოწმობას. შესაბამისად, სპეკულაციები და ინსინუაციები არ იქნება.

დღის თემა: ყველა დეტალი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე, რომელიც 5 დღეში ამოქმედდება

თუმცა, როდესაც პატრული მძღოლს დააჯარიმებს, ამობეჭდილ ქვითარზე იქნება ინფორმაცია, რამდენი ქულით შეუმცირდა და რამდენი ქულა აქვს დარჩენილი მართვის მოწმობაზე მძღოლს. ასევე მიუვა SMS, რათა მოქალაქეები ინფორმირებული იყვნენ. ქულათა სისტემა მოქმედებს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, თუ ევროკავშირის ქვეყნებში. ამ მოდელის ძირითადი მიზანია, რომ მეტი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოხდეს მძღოლზე, რათა მან თავისი ქცევა გააკონტროლოს, დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და გაუფრთხილდეს უფრო ფასეულს, როგორიც არის მართვის უფლება, ვიდრე ერთჯერადად, 20 ლარიან, ან 50 ლარიან ჯარიმას.

ვფიქრობთ, მოდელი საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს. იგივე წესი მოქმედებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებზეც, რომლებიც შემოვლენ და მათ მართვის მოწმობას საქართველოში იურიდიული ძალა მიენიჭება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქულათა სისტემა არ ვრცელდება არც ვიდეო ჯარიმებზე და არც საურავებზე.

- რა ხდება მაშინ, როდესაც მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები განულდება?

- როდესაც პატრულ-ინსპექტორი მძღოლს შეაჩერებს და ამობეჭდილ ქვითარზე გამოჩნდება, რომ ქულები განულდა, ან ნულს ქვემოთ არის, ეს ითვლება მართვის უფლების შეჩერების დადგენილებად და იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. თუმცა, არის გარკვეული საშეღავათო პირობა.

- როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუ მას მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 0-მდე შეუმცირდა, თუმცა აღნიშნული უფლების აღდგენა სურს?

- მას შეუძლია მომსახურების სააგენტოს მიმართოს, ჩააბაროს გამოცდა სრული პროცედურით და აღიდგინოს მართვის უფლება. თუმცა ამის უფლება აქვს წელიწადში ერთხელ. გამოცდაზე გასვლა მეორე დღესვე შეუძლია, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ავტომობილის მართვით ირჩენენ თავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ მძღოლს მართვის უფლება შეუჩერდა, რადგან წესები არ იცოდა, თუ იცოდა და უგულვებელყოფდა. თუ იცოდა და უგულვებელყოფდა, ხალხურ ენაზე რომ ვთქვათ, მინიმუმ ჭკუის სასწავლებელია, რომ ბევრი დარღვევის გამო, მან მართვის მოწმობა დაკარგა. თუ არ იცოდა, შესაბამისად, მართვის უფლებას ვერც აღიდგენს.

- ქულათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა რომელ სამართალდარღვევაზე განისაზღვრა შესამცირებელ ქულათა მაქსიმალური ოდენობა?

- მინიმალური ქულა 5-ით, მაქსიმალური კი, 40 ქულით განისაზღვრა. ყველაზე მეტი ქულა აქვს ისეთ დარღვევას, როგორიც არის, მაგალითად ნასვამი ადამიანისთვის ავტომობილის გადაცემა, ასევე როდესაც მძღოლს ბავშვები გადაჰყავს, ავტოსაგზაო შემთხვევას ჩაიდენს და წესებს არ იცავს. სამართალდარღვევის სხვადასხვა ნაწილებია, როდესაც ბავშვებს ეხება, ის ნაწილი მკაცრ სანქციას ითვალისწინებს. უფრო მომეტებული რისკის სამართალდარღვევად ითვლება.

რაც შეხება საყოველთაოდ გავრცელებულ დარღვევებს, ჩვენ გავითვალისწინეთ ქართული სპეციფიკა, გავითვალისწინეთ, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ გარკვეული შეჩვევა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, ამიტომ არც თუ ისე დიდი ქულები არის გახშირებულ დარღვევებზე, თუნდაც ტელეფონზე საუბარზე, ღვედის გამოუყენებლობაზე ისეა ქულები განსაზღვრული, რომ წელიწადში 7-8 დარღვევის შესაძლებლობას აძლევს მძღოლს.

- როგორც ცნობილია, მკაცრდება რეგულაციები ნასვამ მძღოლებთან მიმართებაში და სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება უჩერდება. კიდევ რა ცვლილებები ეხებათ მათ?

- თუ ნასვამ მძღოლს შეეძლო 700 ლარიანი ჯარიმით შეცვლილიყო საპატრულო პოლიციის მიერ მისი მართვის უფლების შეჩერება, ახლა მას მხოლოდ სამი თვის გასვლის შემდეგ შეუძლია მიმართვა და 700 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 1000 ლარიანი ჯარიმაა. თუმცა, ასევე დავუშვით, თუ მძღოლი ჩააბარებს გამოცდას, იგივე პრინციპით აღუდგება მართვის მოწმობა, როგორც ქულების გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობის შემთხვევაში.

- ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, ვის აკლდება ქულები სამართალდარღვევის ჩადენისას, უშუალოდ სამართალდამრღვევს, თუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს?

- ქულა აკლდება მას, ვინც ავტომობილი გადასცა წინასწარი შეცნობით ნასვამ ადამიანს. ნასვამი ვინც არის, მას ავტომატურად უჩერდება მართვის უფლება. თუ მძღოლი ნასვამი არ იყო, ავტომობილის მფლობელს არაფერი აკლდება, ქულები დააკლდება პირს, რომელიც მართავდა მანქანას. თუ მძღოლი ნასვამი იყო და დადგინდა, რომ მფლობელმა ავტომობილი ათხოვა წინასწარი შეცნობით ნასვამ ადამიანს, მაშინ ქულები მფლობელს აკლდება.

- რა წესების დაცვა არის აუცილებელი ბავშვების ავტომობილით გადაადგილებისას?

- ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა, რომ ყველას ჰქონოდა საბავშვო სკამი, რომელიც გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ნაწილობრივ გავიზიარეთ ეს მოთხოვნა. ახლა არის რეგულაცია, რომ 16 წელს მიღწეულ პირს შეუძლია უკანა სავარძელზე კალთაში ჩაისვას ბავშვი, მხოლოდ, თვითონ უნდა ეკეთოს ღვედი. ასევე, საბავშვო სავარძელი თავისთავად, გამოყენებადია.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად "ინტერპრესნიუსზე"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ