ნახტომი "საბჭოთა კავშირიდან": ერთი გაქცევის ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

 ნახტომი "საბჭოთა კავშირიდან": ერთი გაქცევის ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ქვეყნიდან, რომელსაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ერქვა და რომელიც დანარჩენი მსოფლიოსგან ე.წ. "რკინის ფარდით" იყო იზოლირებული, ბევრი ცდილობდა თავის დაღწევას.  მართალია, ზოგის მცდელობა მარცხით დასრულდა, ზოგი კი, მეტად წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ სტანისლავ კურილოვის გაქცევა მაინც ერთ-ერთი უნიკალურია ტოტალიტარული სახელმწიფოს 70-წლიან ისტორიაში.

გაქცევა საბჭოთა კავშირიდან!

1974 წლის დეკემბერი, წყნარი ოკეანე. სამგზავრო ლაინერის "Советский Союз"-ის ბორტზე რამდენიმე ასეული იღბლიანი საბჭოთა მოქალაქეა, რომელთაც გაუმართლათ და ცივ ზამთარში ტროპიკულ კრუიზში გაემგზავრნენ...

ტურისტები ბევრს სვამდნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ და მხოლოდ ყველაზე დაკვირვებული თუ შეამჩნევდა მარტოხელა მამაკაცს, რომელიც მთელი დღე ბორტთან იდგა და საათობით უყურებდა ოკეანეს.

1974 წლის 13 დეკემბერს მამაკაცი ზედა გემბანზე გავიდა და გაიხედ-გამოიხედა. წყვილები ცეკვავდნენ, ქალბატონები მამაკაცების მიწვევას ელოდნენ, მარტოხელა მგზავრი კი ჯერ ბობოქარ ოკეანეს და ჩაბნელებულ ჰორიზონტს აკვირდებოდა დიდხანს, მერე კი მთავარი გემბანის კიჩოზე ჩავიდა და სახელმწიფოს საზღვარს ბორტიდან გადააბიჯა.

წინა სადღესასწაულო დღეებში, როცა ბედნიერი საბჭოელები ახალი1975 წლის შესახვედრად ემზადებოდნენ, ოკეანის გაღმიდან სენსაციური ამბავი გავრცელდა  - საბჭოთა მოქალაქე ლაინერის ბორტიდან წყნარ ოკეანეში გადახტა, სამი დღე-ღამის შემდეგ კი, ფილიპინების კუნძულებს მიაღწია. მართალია, საბჭოთა პრესა და ტელევიზია არაფერს ამბობდა, მაგრამ რადიოსადგურის "ამერიკის ხმის" მსმენელებმა ე.წ. "ჩამხშობების" ხმაურისა და ხარვეზების ფონზე, მაინც გაიგეს გაქცეულის ვინაოდა. სტანისლავ კურილოვი, რომელიც ოფიციალურად უგზოუკლოდ დაკარგულად გამოცხადდა, მხოლოდ 12 წლის შემდეგ გამოჩნდა, როცა  პირველი ინტერვიუ მისცა ისრაელის ტელევიზიას და ბევრმა ვერც დაიჯერა, რომ სწორედ ამ შუახნის მორიდებულმა მამაკაცმა, ცუდი ინგლისურითა და მორცხვი ღიმილით შეძლო ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნიდან გაქცევა.

"Черномор"-ის წყალქვეშა ლაბორატორია

ჯერ ლაინერიდან გადახტომას, რაც პრაქტიკულად ხუთსართულიანი სახლის სახურავიდან ნახტომის ტოლფასი იყო, მერე კი, სამდღიან ცურვას ზვიგენებით სავსე ოკეანეში, ბევრი ვერ გაბედავდა, თუმცა, სტანისლავ კურილოვს წყალქვეშ მუშაობის სერიოზული გამოცდილება ჰქონდა და სწორედ ამ გამოცდილების წყალობით შეძლო გადარჩენა.

1968 წელს "Черномор"-ის წყალქვეშა ლაბორატორიის ცდებში, რომელიც ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმის განსაზღვრას და უჩვეულო პირობებში ორგანიზმის ქცევის შესწავლას ისახავდა მიზნად, სხვებთან ერთად ახალგაზრდა ოკეანოლოგი სტანისლავ კურილოვიც მონაწილეობდა, რომელიც ერთ-ერთი ექსპედიციის შემადგენლობაში რამდენიმე კვირა ცხოვრობდა მრავალტონიან წყალქვეშა ნავზე და მუშაობდა ზღვის ფსკერზე, მზის სინათლის გარეშე და მაღალი წნევის პირობებში კი, მუდმივად განიცდიდა ფიზიკურ ზეწოლას.  

გემი Albert Ballin და ლაინერი "Советский Союз"

მართალია, ლაინერი "Советский Союз", რომლის სიგრძე 200 მეტრს აღწევდა, წყალწყვა კი, 30 ათას ტონას აღემატებოდა, ქვეყნის ყველაზე  დიდ სამგზავრო ტრანსპორტად ითვლებოდა, მაგრამ გერმანული წარმომავლობის წყალობით საზღვაოსნო ცნობარებში ვერასდროს ხვდებოდა.

1925 წელს აგებული ლაინერი Albert Ballin, რომელიც საბჭოთა ავიაციამ ზუსტად 20 წლის შემდეგ ჩაძირა ბალტიის ზღვაში, რეკონსტრუქციის შემდეგ, 1970-იანი წლების დასაწყისში პირველად შევიდა ვლადივოსტოკის პორტში "Советский Союз"-ის სახელით, მდიდრული ინტერიერის წყალობით სწრაფად მოიპოვა "მცურავი სასახლის" ტიტული და ყველა რიგითი საბჭოელის ოცნებად იქცა, მითუმეტეს, რომ იმ პერიოდში საზღვარგარეთის საგზურის ხელში ჩაგდება ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ნამდვილი გამართლება იყო.

საზღვაო კრუიზი "ზამთრიდან ზაფხულში

გაუმართლა სტანისლავ კურილოვსაც. მამაკაცი შემთხვევით გადააწყდა გაზეთში "Вечерний Ленинград" სარეკლამო განცხადებას "ზამთრიდან ზაფხულში", რომელიც მსურველებს საზღვაო მოგზაურობაში იწვევდა და ცივ ზამთარში, ცხელი მზის გულზე დასვენებას, გარუჯვას და დროის სასიამოვნოდ გატარებას სთავაზობდა. ლაინერი არ გეგმავდა უცხო ქვეყნების პორტში შესვლას, ეკვატორამდე შეჩერების გარეშე მიდიოდა, ზუსტად იმავე მარშრუტით ბრუნდებოდა უკან და სწორედ ამიტომ, მგზავრებს არც უცხოეთის ვიზა სჭირდებოდათ, არც მათი დაცვა იყო აუცილებელი, რადგან უსაფრთხოების სამსახურის ყველაზე გამოცდილ თანამშრომლებსაც არ ეყოფოდათ ფანტაზია, წარმოედგინათ, რომ ვინმე ლაინერიდან ოკეანეში გაბედავდა გადახტომას.

სტანისლავ კურილოვი ბავშვობიდან ოცნებობდა თავგადასავლებზე, უყვარდა ზღვა, რომელიც არასდროს ენახა და საათობით ტკბებოდა იალქნიანი გემების სურათებით. 10 წლის სლავამ მეგობრებთან სანაძლეოც კი დადო, რომ ირტიშს - უზარმაზარ სანაოსნო მდინარეს, თავისი მორევებითა და სწრაფი დინებით გადაცურავდა და მართალია, სითამამე ძვირად დაუჯდა, მაგრამ პირობა მაინც შეასრულა, თუმცა, ნამდვილი გამოცდა კურილოვს 28 წლის შემდეგ ელოდა, როცა გაშლილ ოკეანეში აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდა.

ლაინერი "Советский Союз" ვლადივოსტოკის პორტიდან 1974 წლის 8 დეკემბერს გავიდა. სტანისლავ კურილოვი ფიქრებში ემშვიდობებოდა ახლობლებს, თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რომ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმას გაბედავდა, მითუმეტეს, რომ არც ოკეანის რუქა ჰქონდა, არც კომპასი, რაც გასაქცევად გამზადებული ადამიანისთვის გაუმართლებელი დაუდევრობა იყო. როგორ განვითარდა მოვლენებიიხილეთ სიუჟეტი palitranews.ge-ზე

მომზადებულია ფილმის სიუჟეტის მიხედვით

ნანა ჩხაიძე

"გადავწყვიტეთ, დავიქირავოთ აუდიტი და ყველაფერი ჩვენს "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდება"- ვარლამ გოლეთიანი დაფინანსებაზე

"იყავით ფხიზლად! ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა" - თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

28 მაისს, მსოფლიო მასშტაბით მენსტრუალური ჰიგიენის დღე (MHDay) აღინიშნება