საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს

საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს

საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს, რომლის მიხედვით ეს უნიკალური კორორტი დამსვენებლებს ოთხივე სეზონზე მოემსახურება.

ამის შესახებ ვრცელი განმარტება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. მისი თქმით, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ახალი ქალაქთმშენებლობითი გეგმა თანამედროვე ხედვებსა და მიდგომებს ითვალისწინებს, რაც კურორტის სწორი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

"ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, რომელიც მინდა გამცნოთ, არის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობისთვის დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ, რომელიც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის მართლაც ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. ასევე ამ კურორტის კანონზომიერ განვითარებას განსაზღვრავს ყველა იმ კომპონენტით, რომელიც უნდა გააჩნდეს თანამედროვე კურორტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულში დასასვენებელი კურორტი, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ეს კურორტი იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი ტურისტული და სპორტული პოტენციალი გააჩნია და თუ ეს პოტენციალი ბოლომდე იქნება ათვისებული, იგი წამყვან ევროპულ კურორტებსაც კი გაუწევს სრულფასოვან კონკურენციას.

"ბახმაროს გურიისთვის არა მხოლოდ საკურორტო, არამედ ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ბახმარო არის გურიის სიმბოლო და ამით ყველა გურული ამაყობს. ჩემთვის საამაყოა, რომ მისი განვითარების გეგმის დამტკიცება ჩემი დეპუტატობის დროს მოხდა და ეს მომცემს საშუალებას გაცილებით მეტად ჩავერთო ამ პროექტში" - განაცხადა ნინო წილოსანმა. დეპუტატის განცხადებით, რეგიონს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მხრივ. "ჩვენი რეგიონისთვის ეს პროექტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ რეაბილიტაციის პროცესიც და შემდგომი პერიოდიც მოითხოვს ბევრ მუშახელს, რაც ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს რეგიონში. თანაც არა სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ტურიზმის განვითარებას მოაქვს შემოსავლები, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და წინსვლა, რაც ჩვენი გუნდის ამოცანა გახლავთ" - ამბობს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №317 განკარგულების "ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე" შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. კონკურსში კომპანია - შპს "არტსტუდიო-პროექტმა" გაიმარჯვა.

პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა შეისწავლეს დასაგეგმარებელი ტერიტორიები, ასევე პანორამული გადმოსახედი ადგილები ზონირებისა და განაშენიანების რეგულირების კონტექსტში შეაფასეს. პარალელურად, მოახდინეს წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სამთო-სათხილამურო ტრასების, გაუკვალავ თოვლში სრიალის (ჰელისკის) და ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობების შეფასება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."