საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვენეციის კომიიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო "დაუღალავად დადის ყოველ პერიოდში საქართველოში და გვიხსნის ანბანურ ჭეშმარიტებებს".
როგორც გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, სულ ცდილობდა ბუკიკიოს თვალით დაენახა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. "ჯანი ბუკიკიო მე მგონი პირველი კონსტიტუციის პერიოდიდან თუ არა, შემდეგ სულ ჩართული იყო ამ პროცესში. რომ უყურებს ამ პროცესს, ეტყობა რჩება შთაბეჭდილება - ერთ თაობასთან ჩამოვდივარ, ავუხსნი რას ნიშნავს დემოკრატია... წავა ეს ადამიანი, რამდენიმე წელში დაიბარებენ და ისევ ამ ჭეშმარიტებას ახსნევინებენ. ასე დაუღალავად დადის ყოველ პერიოდში საქართველოში და გვიხსნის ანბანურ ჭეშმარიტებებს.
მე არ ვიცი რისთვის გვინდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ის ვიცი, რომ ჩვენ დროს ვაცდენთ ამ ტრივიალური ჭეშმარიტებების ძიებაში, რას ნიშნავს სიტყვების მნიშვნელობა და ვერ ვიცლით იმაზე გასაერთიანებლად, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. ამ წლების განმავლობაში და ახლაც ვარ იმ დილემის წინაშე, როგორ გამოვიდე ამ უაზრო დიალოგებიდან, არ ვეკამათო ტრივიალურ ჭეშმარიტებებზე ადამიანებს",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.