ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო

ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 3 ივლისს უბედური შემთხვევა მოხდა. ზღვაში არასრულწლოვანი ბიჭი დაიხრჩო, რომელიც მაშველებმა ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს წყლიდან. როგორც ირკვევა, დაღუპული 16 წლის ცოტნე ცქიტიშვილი იყო. მოზარდი ჟურნალისტის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის უფროსი ვაჟი იყო.

ცოტნე ბავშვობიდან აქტიურად იყო დაკავებული სპორტით. თამაშობდა კალათბურთს და გატაცებული იყო პარკურით. გავრცელებული ინფორმაციით, მან ზღვაში გადახტომისას თავის ტრავმა მიიღო, სავარაუდოდ, გონება დაკარგა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. მისმა თანმხლებმა პირებმა 112-ში დარეკეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო - მაშველებმა მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ცოტნე ცქიტიშვილმა ჩამოაყალიბა პარკურის კლუბი "დელტა" და ჯგუფის წევრები - ტრეისერები პარკურის ილეთებს თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე ამუშავებდნენ.

რამდენიმე კვირის წინ "რადიო თავისუფლებამ" პარკურის ქართველ მიმდევრებზე სიუჟეტი მოამზადა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ცოტნე ცქიტიშვილი იყო. მან ისაუბრა, როგორ დაინტერესდა პარკურით:

იხილეთ ვიდეო

"როცა პირველად ვცადე რამდენიმე ილეთის გაკეთება, შევატყვე ჩემ თავს კარგად გამომივიდა, თან ვგრძნობდი სიამოვნებას, თან იყო შიშის და აღტაცების გრძნობა. ეს არ არის უბრალოდ გადახტომა-გადმოხტომა, ჩამითრია, ასე ვთქვათ... პარკური ფსიქო-ფიზიკურ ამაღლებაზეა მითითებული, შიშის და ფობიების გადალახვაზე და შექმნილია იმისთვის, რომ შეგამზადოს ისეთი სიტუაციებისთვის, რომელშიც შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდე", - ყვებოდა სიუჟეტში მისი გატაცების შესახებ ცოტნე ცქიტიშვილი.

იქამდე სანამ პარკური გაიტაცებდა, ცოტნე კალათბურთს თამაშობდა და ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრი იყო. ცოტნე ცქიტიშვილის შესახებ, AMBEBI.GE-თან, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორი გიორგი ალავიძე საუბრობს:

"ცოტნეს გარდაცვალება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ახლაც ვერ ვიჯერებთ ამ ამბავს. ძალიან ზრდილობიანი, ნიჭიერი და კარგი ახალგაზრდა იყო. ერთი წელი დადიოდა ჩვენს აკადემიაში და კალათბურთს თამაშობდა. გამორჩეული ბავშვი იყო. აპრილში წავიდა ჩვენი აკადემიიდან, რადგან სპორტის სხვა სახეობით - პარკურით დაინტერესდა. საკუთარი კლუბიც შექმნა და გვიხაროდა მისი წარმატებები. მრავალმხრივ ნიჭიერი ბავშვი იყო და დასანანია, რომ უბედურ შემთხვევას შეეწირა მისი სიცოცხლე..." - იხსენებს ალავიძე დაღუპულ მოზარდს.

"შენს გარეშე უაზრობაა.. ვინ მოგგვმატებს პოზიტივს? ვინ აგვაყენებს როცა წავიქცევით? ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი მეგობარი, მეამაყებოდა შენთან ერთად პატარა, მაგრამ მაინც დროის გატარება და არა მარტო მე, ჩვენ ყველას! ძალიან გვიყვარდი, გვიყვარხარ და გვეყვარები", - წერს ცოტნე ცქიტიშვილის შესახებ კლუბის ერთ-ერთი მეგობარი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია