შს მინისტრი: "შეცდომები მოგვდის, მაგრამ არავის აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს და ყელზე ბაწარგამობმული ატაროს"

შს მინისტრი: "შეცდომები მოგვდის, მაგრამ არავის აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს და ყელზე ბაწარგამობმული ატაროს"

"შეიძლება შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "ბირჟა მაფიის" კლიპზე საუბრისას განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა აღნიშნულმა კლიპმა, თუმცა, ის მხოლოდ "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავების შემდეგ ნახა. მინისტრი გამორიცხავს, რომ ჯგუფის წევრების დაკავება უკავშირდებოდეს ვიდეოკლიპს, რომელშიც პოლიცია გაშარჟებულია.

"არ მქონდა ნანახი ეს კლიპი. არავითარ შემთხვევაში მათი დაკავება არ უკავშირდება მათ ნამუშევარს და არ შეიძლება, რომ შური იძიოს ვინმემ, მით უმეტეს ამ ფორმით და მით უმეტეს პოლიციელებმა. მე ეს კლიპი ვნახე მხოლოდ და მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ. მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ კლიპმა. ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება, ეს არის მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა. უბრალოდ სირცხვილია მსგავსი კლიპების გადაღება მაშინ, როდესაც დღეს და ღამეს ასწორებენ პოლიციელები ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს სასწორზე.

ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და, შესაბამისად, შეიძლება შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სასტიკად არ მომეწონა ეს კლიპი. იმ ქვეყანას, სადაც პოლიციელს და ჯარისკაცს პატივს არ სცემენ, მომავალი არ აქვს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ