პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა ამტკიცებს, რომ კონსენსუსის შემთხვევაში არსებობს "პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა", რომ კანონპროექტში ცვლილებები აისახოს.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა.
"რაც შეეხება მეორე მოსმენით ჩვენს მიერ მიღებულ კონსტიტუციას, მისი დაბრუნება არის გამორიცხული. შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მივიღებთ. არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში ცვლილებები აისახოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
მან მედიასთან საუბარში აღნიშნა ისიც, რომ მესამე მოსმენამდე დარჩენილია დაახლოებით 3 თვე, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები შედგეს.