რომელი პროდუქტი გაგიწმენდთ ორგანიზმს ზაფხულში და რატომ არ შეიძლება ე.წ. ეფექტური დიეტების დაცვა

რომელი პროდუქტი გაგიწმენდთ ორგანიზმს ზაფხულში და რატომ არ შეიძლება ე.წ. ეფექტური დიეტების დაცვა

ზაფხულში წონის პრობლემაზე განსაკუთრებით წუწუნებენ, ამიტომ ბევრი მიმართავს ზაფხულის ე.წ. ეფექტურ დიეტებს, როგორიც არის მაგალითად, ხილის, ან ბოსტნეულის სამდღიანი დიეტა და ამ პერიოდში ჭამენ, ვთქვათ, მხოლოდ ნესვს, ან ატამს ან კიდევ კიტრს და ზედმეტ კილოგრამებს ასე ებრძვიან... რამდენად ეფექტურია მსგავსი ხანმოკლე დიეტები და რამდენად მართებულია მათი დაცვა - ამ თემაზე ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება:

- დღის რაციონში მონოდიეტების ჩართვა მისაღებია, რადგანაც ეს ორგანიზმის ერთგვარი გაწმენდაა, მაგრამ ასევე ამ დროს უნდა ვიცოდეთ შესაბამისი პროდუქტების არჩევა, ანუ რითი ვიწყობთ ამ განტვირთვის დღეებს.

ზაფხული მდიდარია ხილით და ბოსტნეულით, სხვა სეზონებთან შედარებით, არჩევანი დიდია. თუმცა ხილისა და ბოსტნეულის მიღებისას უნდა გვახსოვდეს ზომიერება და თითოეული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების შეფასება უნდა შეგვეძლოს. ნესვი ძალიან მაღალკალორიულია, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და მთელი დღის განმავლობაში, ნახშირწყლების გამო მისი სამი-ოთხჯერ მიღება არ შეიძლება, რადგანაც მდგომარეობას ვამძიმებთ, კერძოდ, ნახშირწყლოვან ცვლას, რა დროსაც ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილების ჩალაგება ხდება.

თუ ავიღებთ საზამთროს, ის დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემცველობის 70% დაახლოებით წყალია, ამ შემთხვევაში როგორც გამწმენდი საშუალება, სასურველია დღის განმავლობაში მხოლოდ საზამთრო გამოვიყენოთ, მაგრამ ამაშიც ზომიერება და დოზირების დაცვაა აუცილებელი.

ხოლო თუ დღის განმავლობაში ხილს გამოვიყენებთ, სასურველია ხილის ასორტი იყოს, სულ კილო-ნახევარის ოდენობით (საზამთროს შემთხვევაში, 2 კილოგრამის), როგორც განტვირთვის საშუალება. ვინაიდან, როგორც ვთქვით, საზამთროში, ვიდრე სხვა ხილში, წყლის შემცველობა ბევრად მეტია, შესაძლოა გარკვეული პათოლოგიები, დაავადებები გაააქტიუროს. ამიტომ ასეთ დროს დიდი რაოდენობით სითხის შემცველი პროდუქტების მიღება რეკომენდებული არ არის.

- კერძოდ რას გულისხმობთ?

- როდესაც არის შარდსასქესო სისტემის სხვადასხვა დაავადებები, კონკრეტულად, თირკმლის... თუ კენჭოვანი დაავადებაა, შეიძლება კენჭის დაძვირის პროვოცირება მოვახდინოთ, რაც შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს... ბოსტნეულიდანაც შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გამოვყოთ და ზაფხულის ერთ-ერთი დაბალკალორიული პროდუქტი კიტრია, პომიდორიც დაბალკალორიულია, მაგრამ მეტ-ნაკლებად კუჭნაწლავის ტრაქტსა და ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს, ამიტომ, მხოლოდ პომიდვრის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში, დისკომფორტს გამოიწვევს.

- ე.ი. როგორც ორგანიზმის გამწმენდი საშუალება პომიდორს, კიტრი ჯობია...

- დიახ. ისე პომიდორთან ერთად, კიტრიც ერთ-ერთი ნაღვლმდენია, მაგრამ კუჭნაწლავის ტრაქტს არ აღიზიანებს, ორგანიზმზე დიდ ზეწოლას არ ახდენს და დადებით თვისებებს ამჟღავნებს, ვინაიდან მასში დიდი რაოდენობით წყალია. ზაფხულში სიცხის პირობებში წყლის დეფიციტი ისედაც ვითარდება. ამასთან, გარდა იმისა, რომ კიტრის მიღებით განწმენდა და ორგანიზმის დასვენება ხდება, ბევრი ტოქსინი და შლაკი გამოიდევნება. მაგრამ ამ დროს წონის კორექცია ცხიმოვანი (სხვადასხვა ტოქსინის, შლაკის გამოდევნით) ქსოვილის ხარჯზე არ ხდება, ამით უბრალოდ შეშუპება ცხრება, ვინაიდან ორგანიზმი ამ პერიოდში მარილიან საკვებს არ იღებს და ზედმეტი სითხისგან იცლება.

- მოკლედ, წონის კლება ორგანიზმისთვის ჯანსაღი პროცესით არ მიმდინარეობს.

- დიახ. იმისთვის, რომ დაკლებული კილოგრამები შევინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია როგორც ზაფხულის სეზონზე, ისე სხვა სეზონებზე დავიცვათ ჯანსაღი კვების პრინციპები. განტვირთვის დღეები კი კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ ბოსტნეულით შეიძლება მოვიწყოთ იმისთვის, რომ არ გადავტვირთოთ კუჭნაწლავის ტრაქტი, უფრო მხნედ, ენერგიულად ვიგრძნოთ თავი და ამის ფონზე წონის კონტროლიც მოვახერხოთ.

- "ზაფხულის რეჟიმს მორგებული დიეტა" - ინტერნეტში უხვად არის ასეთი სახელწოდების დიეტები. რას ნიშნავს ეს?

- ზაფხულის სეზონს (რეჟიმს) მორგებული სწორი კვება, სხვა სეზონებისგან განსხვავდება, რადგანაც ამ დროს რაციონში დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული გვაქვს. ვინაიდან ხილი და ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით, მათი მიღებისას, ორგანიზმი ერთგვარ მარაგს აგროვებს, რომ მთელი წლის განმავლობაში გამოიყენოს.

უნდა ვერიდოთ მალფუჭებად პროდუქტებს, მათ შორის, რძის ნაწარმს და ხორცის პროდუქტებს, თუმცა რაციონიდან მათი სრული გამორიცხვაც არ შეიძლება. მაგალითად, საუზმე შეგვიძლია დავიწყოთ გარგრით, ატამით, რომელთა უზმოზე მიღება დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, რადგან ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კუჭის ლორწოვანის ამოფენას ახდენს და ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში, შემდგომი სწორი ნივთიერებათა ცვლის განვითარებისთვის ამზადებს.

- ერთ-ერთ დიეტაში, რომელიც ინტერნეტში ამოვიკითხეთ, მეშვიდე დღეს 4 ჭიქა მწვანე ჩაი იყო დასალევი... ეს ორგანიზმის გაწმენდაზე კი არა, მგონი, პირდაპირ სავალალო შედეგზეა ორიენტირებული...

- ეს შიმშილია, რა დროსაც ისეთ დიდ ზიანს ვაყენებთ ორგანიზმს, რომ შესაძლებელია მსგავსი მძიმე შედეგი გადაჭარბებული კვებით არ მივიღოთ, ვინაიდან შიმშილისგან მიღებულ სტრესს, ორგანიზმი ძალიან განიცდის. ამ დროს ცუდ ზეგავლენას ვახდენთ საკუთარ ორგანიზმზე, მეტაბოლურ ცვლაზე, როგორც ვთქვით, ვიდრე ზედმეტი კილოკალორიების მიღებისას. ამიტომ უნდა ვერიდოთ ინტერნეტში მოწოდებულ ისეთ კვების რეჟიმს, რომელსაც სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში ხშირად ვაწყდებით, ეს შიმშილს და არანორმალურ კვებას ასახავს. ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც მხოლოდ წყლის მიღება მთელი დღის განმავლობაში, რადგან ამ დროსაც ორგანიზმი შიმშილობს. შემდგომ კი უკვე ნორმალური კვების დაწყებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ვეღარ ახერხებს გარკვეული საკვების გადამუშავებას, რაც პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.

აქ ვსაუბრობთ სწორ კვებასა და ჯანსაღად დაკლებულ კილოგრამებზე. სხვა შემთხვევაში, საერთოდ არ ხდება ცხიმოვანი ცვლის მოწესრიგება, უბრალოდ, ორგანიზმი იფიტება სასარგებლო ნივთიერებებით, რასაც სასწორზე დაკლებული ციფრები გვაჩვენებს...

- რაც არ არის ჯანსაღი პროცესი...

- დიახ და არ შეიძლება ზაფხულის სეზონზე მისი პერმანენტული გამეორება, რადგანაც ამან შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. ხშირ შემთხვევაში, როცა ასეთი ტიპის შიმშილობას მიმართავენ, შემოდგომისთვის ნაღველკენჭოვანი, თირკმელკენჭოვანი და ა.შ. დაავადებები უჩნდებათ...

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის მიღება, ვინაიდან წყლის დანახარჯი ზაფხულის სეზონზე ძალიან დიდია. იმისთვის, რომ უჯრედები არ გამოშრეს, არ გამოიფიტოს და არ განვითარდეს დეჰიდრადაცია, წყალი დიდი ოდენობით უნდა ვსვათ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი