საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ადასტურებს, რომ პარლამენტის უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილთან მეგობრობა აკავშირებს, თუმცა ამტკიცებს, რომ მეგობრულ შეხვედრებზე საქმიან საკითხებს არ წყვეტენ.
როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს ზარდიაშვილთან ურთიერთობის თაობაზე გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისას განუცხადა, პარლამენტის წევრს რესტორანში, როგორც მეგობარს შეხვდა და ის იყო „ჩვეულებრივი, კვირა საღამოს ვახშამი".
"ზარდიაშვილთან ნაცნობობა ახალი ამბავი არ არის. 18 წელია ერთმანეთს ვიცნობთ, ვიყავით კურსელები. 18 წლის განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა. ვანო ზარდიაშვილთან წინა კვირასაც მქონდა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან, რომელსაც ესწრებოდა როგორც ქალბატონი ეკა ბესელია, ისე ბატონი ზარდიაშვილი და სხვა მოადგილე. იქ იყვნენ წარმოდგენილი ევროკავშირის ელჩი და იუსტიციის მინისტრი. ჩვენ გვქონდა საქმიანი შეხვედრა, რომელზეც ვმსჯელობდით სასამართლოს წინაშე მდგარ პრობლემატურ საკითხებზე.
ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან ხშირად მიწევს მათთან შეხვედრა თუნდაც ღია სივრცეში. დამალული არაფერი ყოფილა და ჩვენ ვნახეთ, რომ იქ ვახშმობდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტიც, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი. დასამალი არაფერი იყო. ჩვეულებრივ ვვახშმობდით. ძალიან ცოტა დრო მაქვს იმისთვის, რომ დავისვენოთ და ჩვენი თავისთვის დრო გავატაროთ. მე ვცდილობ, როცა ვისვენებ, საქმეზე არ ვისაუბრო. ასეთ შეხვედრებზე ჩვენ არანაირ საქმეებს არ ვწყვეტთ",- განაცხადა მიქაუტაძემ.
რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის მეუღლეს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობს, მიქაუტაძე ამბობს, რომ "ის არ მუშაობს სამსახურში, რომელიც მოსამართლეების შეფასებას ეხება".
"ვანო ზარდიაშვილის მეუღლე მუშაობდა საბჭოში მანამდე, სანამ მე საბჭოს წევრი გავხდებოდი. თუ არ ვცდები 7-8 წლიანი გამოცდილება აქვს საბჭოში მუშაობის. დაინტერესდით, 7-8 წლის წინ ჩვენ რას ვაკეთებდით. რა კავშირში მოგყავთ ეს ყველაფერი ერთმანეთთან, ვერ ვხვდები. ის არ მუშაობს სამსახურში, რომელიც მოსამართლეების შეფასებას ეხება. ეს არასწორი ინფორმაციაა. ის მუშაობს დეპარტამენტში, რომელიც აგროვებს ინფორმაციებს, კი ბატონო, ეხმარება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. სწორედ იმისთვის არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები ყველაფერს ვერ გააკეთებენ. ეს არის პერსონალი, რომელიც ასრულებს საბჭოს დავალებებს. რაც შეეხება მოსამართლეების შეფასებას, ამას აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი თითოეული წევრი და არა აპარატის რომელიმე თანამშრომელი,"- განაცხადა მიქაუტაძემ.