ლეილა მუსტაფაევა ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლებასა და შსს-ს შუალედურ ანგარიშზე

ლეილა მუსტაფაევა ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლებასა და შსს-ს შუალედურ ანგარიშზე

ძალოვანი უწყების ორი მაღალჩინოსანის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოძიების კუთხით არანაირი აზრი არ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ განუცხადა, რითაც მისი მეუღლის საქმესთან დაკავშირებით შსს-ს შუალედურ ანგარიშს და სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

"ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლებას გამოძიების მსვლელობის კუთხით არანაირი აზრი არ აქვს. ივნისში კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიების კუთხით არაფერი გაუკეთებიათ. არანაირი დადებითი შედეგი არ დამდგარა. ამიტომაც აღნიშნულიდან არაფერს მოველი", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

ის ასევე შეეხო იმ ფაქტს, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება მთავარ პროკურატურას გადაეცა.

"ჩვენ ამას პირველი დღიდან ვითხოვდით, რომ საქმე პროკურატურისთვის გადაეცათ. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიების მსვლელობის კუთხით რამე შეიცვლება, მაგრამ დღეის მდგომარეობით, პოლიციამ თითქმის ყველა ფაქტი წაშალა აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ასეთ პირობებში როგორ გამოიძიებს ამ საქმეს პროკურატურა. პოლიციას ამ საქმეში ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს საქმე მხოლოდ მაშინ იქნება გამოძიებული, როდესაც მმართველ ძალას, "ქართულ ოცნებას" ამის პოლიტიკური ნება გაუჩნდება", - აღნიშნა აფგან მუხთარლის მეუღლემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ განაცხადა უარი შსს-ს მიერ შეთავაზებულ დაცვაზე, ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის და მისი მეუღლე არ იყვნენ აღიარებული, როგორც დანაშაულის მსხვერპლი.

"იმ სიტუაციაში, როდესაც მე და აფგან მუხთარლი დანაშაულის მსხვერპლად არ გვაღიარეს, მაშინ რატომ უნდა დაგვიცვან? ჩვენ ვითხოვთ მსხვერპლის სტატუსს. ეს სტატუსი ჩვენთვის არ მოუციათ. ალოგიკურია ჩვენი დაცვით უზრუნველყოფა, როდესაც მსხვერპლის სტატუსი არ გვაქვს", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."