ავტორი:

ჰუდსონის საოცრება - ბატების გუნდთან შეჯახებული თვითმფრინავი და პილოტი, რომელმაც წყალზე დაშვებით 150 მგზავრი გადაარჩინა

ჰუდსონის საოცრება - ბატების გუნდთან შეჯახებული თვითმფრინავი და პილოტი, რომელმაც წყალზე დაშვებით 150 მგზავრი გადაარჩინა

თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ხშირია ავიაკატასტროფები, რომელთა უმრავლესობა ფატალურად სრულდება, თუმცა, არის იღბლიანი, უნიკალური შემთხვევებიც და სწორედ ერთ-ერთი ასეთია 2009 წლის 15 იანვარს, ნიუ-იორკში მომხდარი ინციდენტი, რომელიც მსოფლიო ავიაციის ისტორიაში "ჰუდსონის საოცრების" სახელით შევიდა, მფრინავმა კი, რომელმაც 150 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა, "ეროვნული გმირის" ტიტული დაიმსახურა.

უკიდურესი შემთხვევა

სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების გვერდით, სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებაა, რადგან მრავალგზის ტესტირების წყალობით შესაძლებელი გახდა კატასტროფების მინიმუმამდე დაყვანა, თუმცა, ექსტრემალური შემთხვევებისგან, რომელთა შორის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ თვითმფრინავის წყალზე დაფრენა ითვლება, ყოველთვის ვერ ხერხდება თავის დაღწევა.

უმაღლესი კლასის მფრინავი

ტეხასელი მოზარდი ჩელსი სალენბერგერი, რომელიც საკმაოდ ადრეულ ასაკში გახდა ქალაქ მენსის ინტელექტუალთა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ავიაციით 16 წლის ასაკში დაინტერესდა და ცნობილი აეროკლუბის რიგებშიც ჩაეწერა, მერე კი, მფრინავის პროფესიის სერიოზულად შესწავლა გადაწყვიტა და18 წლის ასაკში შეერთებული შტატების სამხედრო საავიაციო ძალების აკადემიაში ჩაირიცხა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ყველა შესაძლო ჯილდოთი და top flyer-ის (უმაღესი კლასის მფრინავის) კლასიფიკაციით დაასრულა.

არმიაში შვიდწლიანი სამსახურის და ურთულესი საბრძოლო დავალებების წარმატებით შესრულების შემდეგ, სალენბერგერმა სამოქალაქო ავიაციაში გადაინაცვლა, სადაც საკუთარი სამხედრო გამოცდილების და მაღალი IQ-ს წყალობით, ავიაკატასტროფების გამომწვევ მიზეზებს იძიებდა, რამდენიმე წელიწადში კი, საკუთარი საკონსულტაციო კომპანია Safety Reliability Methods დააარსა, თუმცა, საყვარელ საქმეს მაინც არ უღალატა და მთელი 30 წელი, სერიოზული ინციდენტების გარეშე იმუშავა ამერიკულ ავიაკომპანია US Airways-ში, სადაც კოლეგების ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

უიღბლო აფრენა

2009 წლის 15 იანვარი 57 წლის გამოცდილი პილოტისთვის, რომელიც ერთ კვირაში დაბადების დღეს აღნიშნავდა, ჩვეულებრივი სამუშაო დღე უნდა ყოფილიყო. ნიუ-იორკ - შარლოტა - სიეტლის რეისს ფრანგული წარმოების თვითმფრინავი Airbus A320 ახორციელებდა, რომელიც ექსპლუატაციაში რამდენიმე წლით ადრე შევიდა, სისტემატურად გადიოდა გეგმიურ შემოწმებას და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საჰაერო ხომალდის რეპუტაციით სარგებლობდა.

კომპანიონობას სალენბერგერს მეორე პილოტი - 49 წლის ჯეფრი სქაილზი უწევდა, რომელსაც US Airways-ში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა Airbus A320-ი მხოლოდ მეორედ უნდა ეფრინა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 150 მგზავრი და 3 ბორტგამცილებელი იყო, ნიუ-იორკის ლა გუარდიას აეროპორტიდან ცუდი მეტეოპირობების გათვალისწინებით რამდენიმე წუთის დაგვიანებით აფრინდა და თითქმის მაშინვე განიცადა კატასტროფა.

საზარელი ჩიტები

ჩიტებთან შეჯახება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნებისმიერ პილოტს და სწორედ ამიტომ, ყველა აეროპორტს ფრინველის განდევნის სპეციალური სისტემა აქვს. თუმცა, Airbus A320 არა ერთ, არამედ კანადური ბატების მთელი გუნდს გადაეყარა, ვერ შეძლო გვერდის აქცევა და აფრენიდან დაახლოებით 90 წამში, როცა თითქმის 800 მეტრის სიმაღლე აკრიფა, ფრინველთა გუნდს ემსხვერპლა.

მართალია, ძრავის მწყობრიდან გამოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა, მაგრამ ექსტრემალურ პირობებში თანამედროვე ავიალაინერს ერთი გამართული ძრავითაც შეუძლია ფრენა, იმ ავბედით დღეს კი, ბატებმა ორივე ძრავა დააზიანეს და მგზავრებმა ჯერ ყრუ დარტყმის ხმა გაიგეს, მერე არასასიამოვნო სუნი იგრძნეს, ზოგმა კი, ილუმინატორიდან ცეცხლმოკიდებული ძრავებიც დაინახა.

"ჩვენ წყალზე ვეშვებით!"

სიტუაციის შეფასების შემდეგ, სალიმ (სწორედ ასე მიმართავდნენ ჩელსი სალენბერგერს კოლეგები), ავიადისპეჩერს ნიუ-იორკის აეროპორტის დასაფრენ ბილიკზე დაჯდომის ნებართვის თხოვნით მიმართა, თუმცა, ცეცხლის ალი იმდენად სწრაფად ვრცელდებოდა, რომ პილოტი მიხვდა, აეროდრომზე დასაბრუნებლად უბრალოდ დრო არ ეყოფოდა.

მეორე შესაძლო ვარიანტი, რომელსაც პილოტი და დისპეჩერი განიხილავდნენ უახლოეს - ტეტერბოროს აეროპორტში დაფრენა იყო, მაგრამ გაჩნდა ეჭვი, რომ თვითმფრინავი ვერც მეზობელ ქალაქამდე შეძლებდა მიღწევას.

მფრინავმა შესაფერისი მოედანი აღმოაჩინა ახლომდებარე პარკში, რომელიც თავისი ღია სივრცის და უზარმაზარი ტერიტორიით, ზუსტად ერგებოდა A320-ის გაბარიტების თვითმფრინავს, თუმცა, დისპეჩერმა არ მისცა სალენბერგერს ჩანაფიქრის განხორციელების უფლება, რადგან პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის გამოყენებით.

სტაჟიან პილოტს არჩევანი არ ჰქონდა და მეტად სარისკო გადაწყვეტილება მიიღო - ლაინერი სამხრეთისკენ მიაბრუნა და გეზი ჰუდსონის მდინარისკენ აიღო. სალენბერგერმა სხვებზე კარგად იცოდა, რომ წყალზე დაშვება ძალიან რთული, სახიფათო იქნებოდა და შეშინებულ მგზავრებს ჯერ შექმნილი სიტუაციის შესახებ აცნობა, მერე კი მაქსიმალურად ფრთხილად მოუწოდა:"მოემზადეთ დარტყმისთვის! ჩვენ წყალზე ვეშვებით!"

VIDEO: იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

მთავარ სირთულეს ავიალაინერის კონსტრუქცია წარმოადგენდა, რადგან მისი ძრავები ფრთების ქვეშ იყო მოთავსებული და წყალზე დაშვებისას სალენბერგერს პირველ რიგში სწორედ ძრავები უნდა დაეცვა წყალთან შეხებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი სწრაფად ჩაიძირებოდა მდინარეში. თუმცა, პილოტმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო - ბალანსი გაასწორა და ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის - ჯორჯ ვაშინგტონის ხიდის გვერდის ავლით, მინიმალური სიჩქარით დაეშვა და ავიალაინერი წყლის ზედაპირზე გააჩერა.

მართალია, თავიდან მასიურ თვითმფრინავს მცირე ზომის ნაწილები მოწყდა და წყლის შხეფებით დაიფარა, მდინარის ნაპირზე თავმოყრილ ნიუ-იორკელებს კი მოეჩვენათ, რომ თვითმფრინავი დაიმსხვრა ან წყალში ჩაიძირა, მაგრამ ძალიან სწრაფად გაირკვა, რომ მფრინავმა წარმატებით განახორციელა ექსტრემალური დაშვება და კატასტროფის თავიდან აცილება მოახერხა. თუმცა, მგზავრების სიცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხეში იყო, რადგან თვითმფრინავი, რომლის სალონი წყლით ივსებოდა, დიდხანს ვერ შეძლებდა ზედაპირზე ტივტივს და ისიც გაურკვეველი იყო ჩაიძირებოდა თუ უბრალოდ აფეთქდებოდა.

მგზავრებმა საავარიო გასასვლელიდან სცადეს თავის დაღწევა, თუმცა გასაქცევი არსად იყო, რადგან თვითმფრინავი მდინარეში ტივტივებდა, იანვრის თვეში ცივ წყალში ბანაობა კი, ისედაც დამფრთხალ ადამიანებს "ტიტანიკის" მგზავრების ბედის გაზიარებით ემუქრებოდა, რომელთა უმრავლესობა სწორედ წყალში გაიყინა.

კაპიტანი ბოლოს ტოვებს ლაინერს!

არანაკლები შოკი განიცადეს ნიუ-იორკელებმა, რომელთაც თვითმფრინავის კრიტიკულ სიმაღლეზე ფრენამ 11 სექტემბრის ცნობილი ტერორისტული აქტი გაახსენა. თუმცა, როცა ავიალაინერის ფრთებსა და სახურავზე ამძვრალი მგზავრები დაინახეს, ადგილობრივ პოლიციასა და სამაშველო სამსახურთან ერთად, თვითონაც დაიძრნენ დაზარალებულების დასახმარებლად, მითუმეტეს, რომ თვითმფრინავი სწრაფად იძირებოდა.

საბედნიეროდ, ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა და ავიაკატასტროფა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. 150 მგზავრიდან 83 დაშავდა და მხოლოდ 5-მა მიიღო მძიმე დაზიანება, დანარჩენები კი, მსუბუქი მოყინვით გადაიყვანეს კლინიკაში. ჩელსი სალენბერგერმა, როგორც გამოცდილმა კაპიტანმა, საჰაერო ხომალდი ყველაზე ბოლოს დატოვა, როცა სალონი გულდასმით შეამოწმა და დარწმუნდა, რომ ბორტზე აღარავინ დარჩა.

ნაციონალური გმირი თუ უპასუხისმგებლო პილოტი

Airbus A320, რომლის აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, დღეს ქალაქ შარლოტას, კაროლინას ავიაციის მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ექსპონატად ითვლება, ჩელსი სალენბერგერი კი, სწრაფად იქცა ამერიკის ნაციონალურ გმირად და ნიუ-იორკის მერისგან ქალაქის სიმბოლური გასაღებიც ჩაიბარა, ექსპერტთა ნაწილის მტკიცებას კი, თითქოს თვითმფრინავის სხვაგვარად დაშვება შეიძლებოდა და პილოტმა გაუმართლებლად ჩააგდო მგზავრების სიცოცხლე საფრთხეში, ხანგრძლივმა გამოძიებამ უპასუხა, რომელმაც დაადასტურა, რომ საკუთარი მდიდარი გამოცდილების და აუღელვებელი მოქმედების წყალობით, სალენბერგერმა მართალია სარისკო, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

იტალიელმა პროფესორმა G20-ის მონაწილეებს "შოუ მოჰპარა“ - წელს ზემოთ შიშველი ნიკოლა ფრანჯიონეს ფოტოები, რომელსაც პოლიტიკოსებმა მყუდროება დაურღვიეს

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"