საქართველოში ზოგი მინისტრისა და პარლამენტარის ქონება რამდენიმე მილიონს შეადგენს. ქართველ მილიონერთა კლუბის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ავრცელებს. მათი ცნობით, ქართველ მილიონერთა რიგებშია დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, რომლის ქონებაც 12 მილიონად არის შეფასებული.
გასული წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტის წევრის პოსტზე მაკრახიძის შემოსავალმა 3 690 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს 441.30 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს გორში; ამავე მისამართზე მდებარე 396 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს; 997.44 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში და ამავე მისამართზე მდებარე ჯამში 412,290 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს.
დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატს, "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 3 900 ლარი; "ბანკი ქართუს" სახელფასოზე - 4 394 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 4 500 ლარი ჰქონდა.