დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში - მაიკ პენსის სიტყვით გამოსვლის მთავარი მესიჯები

დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში - მაიკ პენსის სიტყვით გამოსვლის მთავარი მესიჯები

დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ახორციელებს იმ დღიდან, როცა "რუსულმა ტანკებმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელეს".

აშშ-ის ვიცე - პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ძლიერი და განვითარებული საქართველო შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას, რის მისაღწევადაც აშშ საქართველოს ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვახორციელებთ იმ დღიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა 2008 წელს მოახდინეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მყარ პოზიციაზე დგომას. ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისადმი.

უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას. აშშ გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რისი მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას, რაც მოიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკიურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როცა საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას", - განაცხადა მაიკ პენსმა.

პენსმა კვირიკაშვილს სტუმარ-მასპინძლობისა და ქვეყნის განვითარების მყარი მიმართულებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ვიმუშავებთ ბიზნესის სფეროში, გავამყარებთ ბიზნეს ურთიერთობებს და მიმდინარე რეფორმები ნათლად ცხადყოფს თქვენს ერთგულებას დასავლეთის მხარესთან ბიზნეს ურთიერთობების გამყარების თვალსაზისით. მე მივესალმები იმას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები ეხსნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ანაკლიის პორტი გახლავთ საუკეთესო გამოხატულება ამისა. ჩვენ კიდევ მეტად შეგვიძლია გავამყაროთ ეკონომიკური განვითარება და ბატონი დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერდზე ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული. ჩვენი ძალა ყოველთვის არის და იქნება ჩვენს ერთიანობაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სტუმარ-მასპინძლობისთვის და მადლობთ იმ მყარი მიმართულებისთვის, რომლითაც თქვენი ქვეყანა მიდის, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ჩვენ ურთიერთობაში", - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა თუ რა იქნებოდა აშშ-ის პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ნატო-ს საზღვრებთან წვრთნებს ჩასატარებლად. ასევე "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტმა მიმართა მაიკ პენსს, დაიცავდა თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

"პრეზიდენტმა ტრამპმა გამომგზავნა მე აღნიშნულ ტურნეში, რათა ნათელი გზავნილი მიმეტანა ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის, რომ აშშ გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს და ჩვენ ამას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ქმედებებით ვამტკიცებთ. მაგალითად, პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ამერიკული კონტინგენტი პოლონეთში, ბრიტანული - ესტონეთში, კიდევ ერთხელ თვალნათლივ ასახავს იმას, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ვალდებულებების და მეხუთე მუხლის მოთხოვნების. 100-ათასიანი რუსული კონტინგენტის გადასროლა გახლავთ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-ს პარტნიორები ერთ პოზიციებზე იდგნენ. პრეზიდენტ ტრამპს და მე ღრმად გვწამს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის იწყება თითოეული პარტნიორის პოზიციების აღიარებითა და პატივისცემით და იმ სანქციებს, რომელსაც ამ კვირას ტრამპი მოაწერს ხელს, ამის მეშვეობით ჩვენი ქვეყანა ნათელ გზავნილს განახორციელებს ყველა ჩვენი მოკავშირის მისამართით, რომ რასაც ვაცხადებთ, ზუსტად იმას ვაკეთებთ", - აღნიშნა პენსმა.

ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაცია და ტერორიზმის მხარდამჭერი რეჟიმების მხარდაჭერა, ართულებს პროცესს, თუმცა პენსი დარწმუნებულია, მომავალში რუსეთთან დიალოგის განხორციელება შესაძლებელი იქნება.

"პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ თავის დროზე ამერიკის პოზიციის არამკაფიო განცხადების გამო შეიქმნა ეს რეალობა. ამერიკა ავლებდა წითელ ხაზებს და რეალურად, არ მიჰყვებოდა თავის განცხადებებს, ამან მისცა სხვა მხარეებს თავისებური სიგნალი და გაამხნევა ისინი, რომ ემოქმედათ. ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან, - მშვიდობა და სიმტკიცე. დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგი მოგვიტანს უკეთეს შედეგებს და ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას უკრაინაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში...

...ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების საფუძველი გახლავთ ძირითადი პრინციპი: შეტევა, თავდასხმა ერთ წევრზე, გულისხმობს ყველა წევრზე თავდასხმას. აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე გააჟღერა და მე ჩემი ტურნეს ფარგლებში ხაზს ვუსვამ, რომ აშშ იმოქმედებს ზუსტად იმის საფუძველზე, რასაც აცხადებს. რაც შეეხება საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ს წევრობისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ბატონ პრემიერთან, საქართველოს მთავრობასთან, რათა გავაფართოოთ და გავაძლიეროთ საქართველოს ნატო-სთან დაახლოება, რათა საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი გახდეს", - განაცხადა მაიკ პენსმა.

ამასთან, როგორც პენსმა აღნიშნა, აშშ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს პროგრესს არა მხოლოდ ბოლო 25 წლის, არამედ ხუთი წლის თვალსაზრისით და ამას საქართველოს ნატო-ში მომავალი წევრობის კუთხით უყურებს.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთში რუსული ტანკები განლაგებულია დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც ვიმყოფებით. აშშ გააგრძელებს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებაში. ვეცდებით, ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადღგენას აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

პენსის განცხადებით, ის მოხიბლულია და მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ქრისტიანულმა ტრადიციებმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და იმ სტუმარ-მასპინძლობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემი და ჩემი მეუღლის მიმართ. ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა თეთრ სახლში და ახლა ჩემი ვიზიტი ამ ისტორიულ ქვეყანაში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენ გვერდზე ვდგავართ, ქართველი ხალხის გვერდზე. შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ამერიკა ნომერ პირველია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკა მარტო გახლავთ ამ გზაზე, ამერიკა ქართველი ხალხის გვერდზე დგას. წელს აღვნიშნავთ 25 წლის იუბილეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან. საქართველო იმყოფება ერებისა და ცივილიზაციების გზაგასაყარზე. ათასწლეულების განმავლობაში ამ ქვეყანამ შექმნა უმდიდრესი ტრადიციები, გააჩნია საკუთარი ენა, თვითმყოფადობა. გუშინ საღამოს პირველად ვეზიარე ქართულ სუფრას, სამზარეულოს, ტრადიციულ ფოლკლორს, სადაც შესრულებული იყო აფხაზური, ოსური სიმღერები და ცეკვები. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტიანულმა ტრადიციებმა, ჩვენ ველით დღეს შეხვედრას პატრიარქთან სიონის საკათედრო ტაძარში", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ მზად არის, კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობა საქართველოსთან.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. საქართველო იმყოფებოდა საპყრობილეში საბჭოთა კავშირში, შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჟიმი. საქართველომ ხელი გაუწოდა დასავლეთის და ევროპის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის და ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, კიდევ უფრო ჩავწვდეთ მის შემართებას და კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები", - აღნიშნა მაიკ პენსმა.

იხილეთ ვიდეო: ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."