ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ დავით და ტარიელ მახარობლიძეებს და გიორგი რეხვიაშვილს აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობა განესაზღვრათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ რამდენიმე საფრთხე არსებობს, მათ შორის მიმალვის საფრთხე, რის გამოც სამივე ბრალდებული პატიმრობაში უნდა იყოს.
"პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებულია. არსებობს საფრთხეები და ყველაზე მომეტებულად უკვე დაკითხულ ან დასაკითხ მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხეა. მომეტებულ საფრთხედ მიმაჩნია ახალი დანაშაულის ჩადენა, ასევე არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე", - განაცხადა მოსამართლემ.
სასამართლოს მიმდინარეობისას ბრალდებული ტარიელ მახარობლიძე შეუძლოდ გახდა, თუმცა სასწრაფო დახმარების გამოძახება საჭირო არ გამხდარა. ორწუთიანი შესვენების შემდეგ პროცესი გაგრძელდა.