კახეთის გზატკეცილზე, მე-12 კილომეტრთან სტამბაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე კვლავ მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ამ წუთებში სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ნაწილი რკინის კონსტრუქციების დაშლის სამუშაოებს აწარმოებს, რათა არ მოხდეს ხელახალი კერების გაჩენა.
ტერიტორიაზე შევიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებენ. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა როგორც თანამშრომლები აღნიშნავენ, თავდაპირველად ცეცხლი იმ ტერიტორიას გაუჩნდა, სადაც საღებავები იყო განთავსებული.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება აღარ შეინიშნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ხანძრის ლიკვიდირებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 800 კვ. მეტრ ფართის გარე სასაწყობე მეურნეობა. საბოლოო ჯამში ოპერაციაში ჩართული იყო 30 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.