ე.წ. კანიბალიზმის საქმეში კიდევ ორ ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში კიდევ ორ ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება 2016 წლის 19 ოქტომბერს მომხდარ დანაშაულს, რომლის დროსაც, გამოძიების ინფორმაციით, ბექა შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილმა საცხოვრებელ სახლში მოკლეს ლუბა ყოჩიაშვილი, ცხედარი დაანაწევრეს, შემდეგ კი ნაგავსაყრელზე დაწვეს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენაში ბრალდებულები - დ.კ. და ა.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.შ-მ და ი.ყ.-მ ამ უკანასკნელის დედის მკვლელობა განიზრახეს. 2016 წლის 19 ოქტომბერს, ბ.შ.-მ და ი.ყ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ლ.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლეს, გვამი ჩანთაში მოათავსეს და ავტომანქანით გადაიტანეს ბ.შ.-ს ნაქირავებ ბინაში, სადაც სხეული დაანაწევრეს, ხოლო შემდეგ ქ.თბილისის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ყოფილ ნაგავსაყრელზე დაწვეს.

დ.კ.-მ და ა.ა.-მ იცოდნენ ბ.შ-ს და ი.ყ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, რაც არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა დ.კ 2016 წლის 3 ნოემბერს, ხოლო ა.ა. 4 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.კ. - ს ორი წლისა და სამი თვის ვადით, ხოლო ა.ა. - ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ