ცნობილი ქართველი და ჰოლივუდელი ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს გვანან

ცნობილი ქართველი და ჰოლივუდელი ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს გვანან

ალბათ ხშირად დაგითვალიერებიათ ფოტოგალერეები, რომელშიც ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა ჰოლივუდელ ვარსკვლავებს და მათში მსგავსებას ეძებენ. ახლა გადავწყვიტეთ ქართველი მსახიობები და ჰოლივუდის ვარსკვლავები შევადაროთ, რომლებიც ერთმანეთს გვანან:

ნინო კასრაძე და კერი ენ მოსი

47 წლის ნინო კასრაძე კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობია. მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე ფილმში, თამაშობს სპექტაკლებში და ტელემაყურებელს განსაკუთრებით შეაყვარა თავი "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული მაკა ანჯაფარიძის როლით.

ნინო კასრაძის ასაკისაა კანადელი მსახიობი კერი ენ მოსი. 49 წლის მოსს სუპერპოპულარობა მოუტანა "მატრიცას" ტრილოგიაში (1999–2003) განსახიერებულმა ტრინიტის როლმა.

ნანკა კალატოზიშვილი - მილა კუნისი

38 წლის ნანკა კალატოზიშვილი არამარტო თეატრსა და კინოში, ტელევიზიაშიც წარმატებით მოღვაწეობს. 2007 წლიდან არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი. პარალელურად, რამდენიმე ცნობილი სატელევიზიო შოუს წამყვანია.

33 წლის მილა კუნისი უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მსახიობია. სამსახიობო კარიერა პატარა ასაკიდან დაიწყო. ძირითადად რომანტიკულ კომედიებშია დაკავებული, თუმცა 2010 წელს ფსიქოლოგიურ თრილერში "შავი გედი" შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა "ოქროს გლობუსი" მოუტანა.

ეკა ნიჟარაძე - ჯულია ლუი დრეიფუსი

47 წლის ეკა ნიჟარაძე არაჩვეულებრივ ფორმაშია, კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი უკვე ბებიაა, თუმცა მისი გარეგნობა ამის თქმის საშუალებას არ მოგცემთ. აქტიურად დაკავებულია მარჯანიშვილის თეატრში.

56 წლის ჯულია ლუი დრეიფუსი ამერიკელი კომედიური მსახიობი და პროდიუსერია. ამერიკულ სატელევიზიო სივრცეში სუპერპოპულარულია, რადგან რამდენიმე კომედიური შოუს ავტორია.

მიშა მესხი - ედრიენ ბროუდი

35 წლის მიშა მესხი მაყურებელმა ცნობილი ფილმით "მოგზაურობა ყარაბახში" გაიცნო. ბოლო დროს ახალგაზრდა მსახიობი მის ირგვლივ ატეხილი სკანდალებით უფროა ცნობილი, ვიდრე კინოში შესრულებული როლებით. 2013 წელს გადაღებული ფილმის "მანდარინების" წყალობით, რომელშიც მიშა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, მსახიობი "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზეც კი მოხვდა, სადაც როგორც ჩანს, ისე მოწყინდა, რომ ჩაეძინა...

მიშა მესხისგან განსხვავებით "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე არ ჩასძინებია ედრიენ ბროუდის. 44 წლის ამერიკელმა მსახიობმა სუპერპოპულარობა რომან პოლანსკის ფილმით, "პიანისტი" მოიპოვა. პოპულარობასთან ერთად, ფილმმა 2002 წელს სანატრელი "ოსკარიც" მოუტანა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ზურა ყიფშიძე - იან მაკშეინი

მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი. 63 წლის ზურა ყიფშიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ ფილმში. ამჟამად თეატრში თამაშობს და პერიოდულად სატელევიზიო სერიალებში იღებენ.

ქართველი კოლეგის მსგავსად, 74 წლის ინგლისელი მსახიობი იან მაკშეინი, არამარტო როლებით, ხმითაც ცნობილია. მაგალითად, ის ახმოვანებს ერთ-ერთ პერსონაჟს ცნობილ ანიმაციაში "კუნგ ფუ პანდა". ასევე მონაწილეობს "კარიბის ზღვის მეკობრეების" მეოთხე სერიაში.

გიორგი ნაკაშიძე - ვუდი ჰარელსონი

46 წლის გიორგი ნაკაშიძის კარიერაში ოცამდე კინოროლია. განსაკუთრებული პოპულარობა არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბითაც, მოუტანა ზაზა ურუშაძის 2013 წლის ფილმმა "მანდარინები", რომელშიც ჩეჩენი მებრძოლის, აჰმედის როლი შეასრულა. 2014 წელს გიორგი ნაკაშიძემ მიიღო მთავარი პრიზი საუკეთესო მსახიობი კაცისათვის ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

56 წლის ვუდი ჰარელსონი კარგად ცნობილი ამერიკელი მსახიობია. ის ორჯერ იყო "ოსკარის" ნომინაციაზე წარდგენილი და "ემის" მფლობელია. ბოლო წლებში აქტიურად არის დაკავებული სცენარისტობით და აქტივისტობით. მხარს უჭერს მარიხუანას ლეგალიზაციას, ამასთან, აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვით აქტივობებში.

ნანა ფაჩუაშვილი - ანეტ ბენინგი

74 წლის ნანა ფაჩუაშვილი 1964 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავია მისი როლები: ევა ("ღვთაებრივი კომედია"), მზია ("ჭინჭრაქა"), პოლი პიჩემი ("სამგროშიანი ოპერა"), სონა ("ხანუმა"), ადელა ("ბერნარდა ალბას სახლი"), მართა ("დარისპანის გასაჭირი"). ნანა ფაჩუაშვილი 74 წლის ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურება.

59 წლის ანეტ ბენინგი ამერიკელი მსახიობია. ის ოთხგზის იყო ოსკარის ნომინანტი ფილმებისთვის: "გადამგდებები"; "ამერიკული სილამაზე"; "იყო ჯულია", "ბავშვები კარგად არიან". 2006 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

ზაზა კოლელიშვილი - ალ პაჩინო

60 წლის ქართველი მსახიობის ხსენებაზე პირველ რიგში ალბათ მისი პერსონაჟი "მურტალო" გახსენდებათ "კუკარაჩადან". კოლელიშვილი არამხოლოდ მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და დამდგმელი მხატვარიცაა. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ ფილმში, მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობა "კუკარაჩამ" და "ნატვრის ხემ" მოუტანა.

კოლელიშვილისა და ალ პაჩინოს ტიპაჟებს შორის მართლაც არის მსგავსება. შავი ფერის სიყვარული, მზის სათვალეები, ბლანჟე... თუმცა ალ პაჩინო ქართველ კოლეგაზე ბევრად უფროსი და ბევრად პოპულარულია. 77 წლის მსახიობს 50-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში აურაცხელი რაოდენობის ჯილდოები აქვს მიღებული. მათ შორის: "ოსკარი" მამაკაცის საუკეთესო როლისთვის, "ოქროს გლობუსი", "ტონი" და ა.შ. მის პოპულარულ როლებზე საუბარი კი, ძალიან შორს წაგვიყვანს...