გია ხუხაშვილი უბარიერო სისტემაზე - "ქართულ ოცნებასთან" ამ ტიპის გარიგებაზე წასვლას არავის ვურჩევდი

გია ხუხაშვილი უბარიერო სისტემაზე - "ქართულ ოცნებასთან" ამ ტიპის გარიგებაზე წასვლას არავის ვურჩევდი

ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ დათანხმდნენ მმართველი გუნდის ახალ წინადადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უბარიერო საარჩევნო სისტემა "ერთკაციან" პოლიტიკურ პარტიებს არა პარლამენტში შესვლის, არამედ "პოლიტიკურ სანაგვეზე უფრო შორს გადაგდების პერსპექტივას აძლევს". ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პრინციპულობა უნდა შეინარჩუნონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც მათ პერსპექტივას საბოლოოდ წაადგება.

"ჩვენი უბედურება ის არის, რომ მთელი პოლიტიკური ელიტაა ღრმა კრიზისში. პირობითი გაყიდვა პარტიებისგან არაერთხელ გვინახავს და ახლაც ვერ გამოვრიცხავთ ამას. მაღალი ალბათობით, ერთკაციანი პარტიები შესაძლოა წაეთამაშონ ხელისუფლებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს პარტიები დათანხმდნენ, თუმცა ეს იქნება უგუნურება, რადგან ვერანაირ პერსპექტივას ვერ მისცემს და პირიქით, შორს გადაისვრის პოლიტიკურ სანაგვეზე. ილუზია იმაზე, რომ 3%-ზე პერსპექტივა არ გაქვს და 1 პროცენტს მაინც მიიღებენ, ამ იმედით 1 პროცენტსაც ვერ მიიღებენ და ქუჩაში დარჩებიან. ამ ტიპის გარიგებაზე წასვლას არავის ვურჩევდი. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უკან დახევა შეუძლია და პოლიტიკური პარტიების პრინციპულობა, საბოლოო ჯამში, მათ პერსპექტივას წაადგება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ შეთავაზებით ეძებს კონსენსუსს ერთკაციან პარტიებთან, რომლებსაც ბარიერის გადალახვის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.

"მათი მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს კონსენსუსის ილუზიის შექმნას. ასეთი წინადადებით, შესაძლოა, მოიხიბლონ მხოლოდ ის პარტიები, რომლებსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ყველაზე სუსტ და უპერსპექტივო ნაწილთან ეძებს ხელისუფლება კონსენსუსის მიღწევის საფუძველს, რასაც პოლიტიკურად შესაძლოა ჰქონდეს გამართლება, თუმცა სახელმწიფოებრივად ძალიან დამაზიანებელია. ეს შეთავაზება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ხელისუფლება წინა ხელისუფლებების მსგავსად მიდრეკილია საკუთარი პოლიტიკური ინტერესის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენებისკენ. ერთადერთი მთავარი საკითხია, რასაც ხელისუფლება თვითონ იხილავდა და ქვეყანაში ცვლის პოლიტიკურ განვითარებას პოზიტიურად და ეს არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და მაჟორიტარების მანკიერ სისტემაზე უარის თქმა. თუ ეს თემა არ გადაწყდა, მაშინ ყველაფერი სხვა არის პოლიტიკური თამაში. "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ ეთამაშება არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ სახელმწიფოს და ეს მათ უნდა გაიგონ და შეიგნონ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, ერთჯერადად, უბარიერო არჩევნები დაუშვას.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მმართველ გუნდში განიხილება მომავალი არჩევნების კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი. ამასთან, როგორც სააგენტოს სარწმუნო წყარომ განუცხადა, ამ აზრს გუნდში მომხრეებთან ერთად, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და ყველაფერი ძირითადად ოპოზიციასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

მმართველი გუნდი საარჩევნო საკითხებზე შეხვედრის თაობაზე ოპოზიციისადმი შეთავაზებას დღეს გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ თემაზე დღეს, 18:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მედიისთვის ბრიფინგს გამართავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."