ჭამა ძალიან უყვარს, ზოგჯერ ღამის ოთხ საათზე იმდენს ჭამს, რამდენსაც ნორმალური ადამიანი ქორწილში მიირთმევს. სმაც უყვარს, მაგრამ დოზირებულად, ამბობს, რომ საქართველოში ღვინო უზრდელურად ისმება. რას ნიშნავს "უზრდელური დალევა" და რა ინციდენტი მოუხდა პატრულთან ნასვამ მყუდროს, ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ. სერიალ "ჩვენი ოფისის" მსახიობ გია ცინაძეს ამჯერად კულინარიაზე ვესაუბრეთ.
- ძალიან მიყვარს ჭამა, შეიძლება, ეს ჩემს გარეგნობას არ ეტყობა, მაგრამ ხშირად გადამეტებულადაც ვჭამ. ღამის ოთხ საათზე იმდენი მიჭამია, რამდენსაც ქორწილში ჭამენ ადამიანები. როგორი ადგილიც უკავია ჩემს ცხოვრებაში კვების პროცესს, ისეთივე ადგილი აქვს საჭმელების კეთების პროცესსაც. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, ხშირად თვითონ ვიმზადებ კერძებს.
- საყვარელი კერძი გაქვს?
- გამორჩეულად არაფერი არ მიყვარს, რაც იჭმევა, ყველაფერს ვჭამ. თინეიჯერობის ასაკში სულ შემწვარ-მოხრაკულებს ვჭამდი. ასეთი საკვები ახლაც არის ჩემს რაციონში, მაგრამ ახლა ვგიჟდები წვნიანებზე. განსაკუთრებით მიყვარს ჩიხირთმა, ბორშჩი. წვნიანების გაკეთება არ ვიცი, შემწვარ-მოხრაკულების მომზადება უფრო საინტერესოდ მეჩვენება.
- პირველად რა კერძი მოამზადე?
- ეს ღრმა ბავშვობაში იქნებოდა, კვერცხს შევწვავდი ალბათ, მაგრამ კარგად მახსოვს, ხაჭაპური რომ გამოვაცხვე. ბებიაჩემი აკეთებდა, მეც მომინდა. უბრალოდ, ცომში ყველი მოვათავსე. ფორმა მთლად ხაჭაპურის არ ჰქონდა, მაგრამ გემრიელი იყო.
- ოჯახში ვინაა ამ საქმით დაკავებული?
- სახლში ვართ მე და მშობლები. დედაჩემი ოჯახურ ამბავში პატიოსანი და კლასიკური დედაა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის თავისუფლება გვაქვს ოჯახში. შეიძლება მივიდე სახლში, დედაც სახლში იყოს, კერძი არ იყოს მზად და მე დავიწყო გაკეთება. არც მე გავბრაზდები დედაჩემზე და არც იმას გაუკვირდება ჩემი ინიციატივა სამზარეულოში. ისე, ყველას თავისი დედის მომზადებული კერძი მოსწონს, მაგრამ არ ვიქნები სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ დედაჩემი ერთ-ერთი კარგი კულინარია.
- ეგზოტიკურ კერძებზე რას გვეტყვი?
- გველის ხორცი გავსინჯე ერთხელ. გერმანიაში ვიყავით და რესტორანში მოგვიტანეს, თავიდან არც ვიცოდი, რისი ხორცი იყო, მაგრამ რომ გავიგე, არც გამიპროტესტებია, თან კარგად გამოიყურებოდა, აჯაფსანდალს ჰგავდა.
- ალკოჰოლთან რა ურთიერთობა გაქვს?
- კარგი, ვმეგობრობთ, ოღონდ არ ვძმაკაცობთ. ღვინო მიყვარს, მაგრამ ერთი ჭიქა. ქართულ სუფრაზე ღვინო ძირითადად არაადამიანურად, უზრდელურად ისმევა. იმდენს გასმევენ, ცუდად ხდები, არადა, ღვინო ისეთი რამეა, უნდა გესიამოვნოს. მთელი საღამო შემიძლია ერთი ჭიქა ღვინო ვწრუპო და მის გემოზე ვიკაიფო.
- უზრდელური დალევა რას ნიშნავს?
- კასრებით რომ სვამენ ღვინოს, იმას. ამას წინათ მომიხდა ღვინის ქართულად დალევა. მართალი გითხრათ, პროცესი მესიამოვნა, მაგრამ მერე ვნანობდი, მძიმედ ვიყავი. მიყვარს ლუდი და ვისკი. კონიაკს და არაყსაც გეახლებით ზოგჯერ.
- როგორია მთვრალი მყუდრო?
- უფრო მოსიყვარულე, უფრო გაწონასწორებული. ვიცი, მთვრალს რა შეიძლება დაემართოს და ორმაგად მობილიზებული ვარ, თავი რომ არ მომეჭრას.
- არაფერი გაგიკეთებია სასირცხვილო სიმთვრალეში?
- ერთხელ ისე დავთვერი, დილით ვაკის პარკში გამეღვიძა, მაგრამ ამის არ მრცხვენია. კონცერტზე ვიყავი მეგობრებთან ერთად და ეტყობა, სახლში წასვლა დამეზარა.
- სიმთვრალე უკეთესი გაქვს, ვიდრე სიფხიზლე?
- არა, სიფხიზლეც კარგი მაქვს, მაგრამ სიმთვრალეში ვხდები სიყვარულის ბუშტი, თუმცა თუ ვინმე პროვოკაციას მიწყობს, შეიძლება გავბრაზდე. ამას წინათ ნასვამი ვიყავი და სამწუხაროდ, გამაბრაზეს, ვერ მოვითმინე და ავყევი.
- ვინ გაგაბრაზა?
- ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა ადამიანებმა, პატრულის თანამშრომლებმა. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ალბათ იქაც არსებობენ ცუდი ადამიანები. პატრულის რამდენიმე თანამშრომელი ისე იქცეოდა, როგორც წესი და რიგია, მაგრამ ორი იყო დაბოღმილი, ალბათ ღამეს რომ ათენებინებდნენ იმიტომ, გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ჩემთვის მივდიოდი და სისულელეზე ამიშარდა ერთი, ნუ ხმაურობო. ვუთხარი, იმედია ხვდებით, რომ ხულიგანი არ ვარ-მეთქი.
- შენი გარეგნობა იძლევა იმის საფუძველს, რომ დაგიჯერონ, არ ხარ ხულიგანი?
- მგონი, იძლევა. თან ტელევიზორში ერთხელ მაინც ვეყოლებოდი ნანახი. ეტყობა, გაბრაზებულები იყვნენ რაღაცაზე და ჩემზე იყარეს ჯავრი. მაგრამ მე არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, ვინც უცბად იცვლის აზრს. დიდ პატივს ვცემ პატრულს თავისი კარგი მხარეებით. ასეთი გარეწარი ადამიანები, როგორებიც მე შემხვდნენ, ყველა სფეროში არიან.
- შენ მოგწონს ჩვენი პრეზიდენტიც...
- კი, ვიცნობ, ფოტოებიც მაქვს გადაღებული მასთან. შემხვედრია ადამიანები, ვისაც უკვირს ჩემი სიმპათიები პრეზიდენტისადმი. საბედნიეროდ, ასეთი ცოტაა, ისეთი ახლობლები და მეგობრები მყავს გარშემო, რომლებიც ჩემს აზრს იზიარებენ. შეიძლება მყავდეს ძმაკაცი, რომელიც ოპოზიციის მხარეს იყოს და ამის გამო არ დავკარგავ, მაგრამ მართლა არ მყავს ასეთი ძმაკაცები.
- კულინარიას დავუბრუნდეთ. შემოგვთავაზე ერთ-ერთი შენი გამოგონილი კერძის რეცეპტი.
- კვერცხი, კარტოფილი და მწვანილი. ოღონდ ჯერ შეწვავ კარტოფილს, შეკმაზავ სუნელებით, რომელთა სახელები არ ვიცი, ფერებზე ვხვდები და სუნებზე. ერთი ყვითელია. სხვათა შორის, მწვანილის ჩაჭრაც მოსულა.
- რომელი მწვანილის?
- ხახვები როა, გრძელი და მწვანე. მერე დაასხამ ათქვეფილ კვერცხს და პიცის ფორმას იღებს. დაჭრით და მიირთმევთ.
- დასასრულისთვის რაიმე კულინარიული თავგადასავალი მიამბე.
- ერთხელ მთაში ვიყავი რამდენიმე თვე დასასვენებლად და სულ ყველსა და პურს ვჭამდით. ერთ დღესაც ხინკალი მოგვიხარშეს. "პოდნოსით" რომ შემოგვიტანეს, ერთი ხინკალი ძირს გადავარდა. რომ ავიღე, შავი პილპილივით ეყარა მიწა. ცოტა ხანი სერიოზულად ვფიქრობდი, მეჭამა თუ არა. მერე გადავიფიქრე, კიდევ კარგი, თორემ ახლა სათაურს გაუკეთებდი, მყუდრო ძირნაყარ ხინკალს ჭამსო.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)