არსებობს თუ არა აფხაზებთან შერიგების რესურსი

არსებობს თუ არა აფხაზებთან შერიგების რესურსი

უკვე 17 წელია, რაც საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტი გრძელდება. შედეგად კი თითქმის 300 ათასი ქართველი და სხვა ეროვნების მოსახლეობა დევნილად იქცა. ამას მოჰყვა აფხაზეთის ეკონომიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განადგურება. ყველაზე მტკივნეული პრობლემა კი, ურთიერთობების გაწყვეტაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქართველთა და აფხაზთა ერთობლივი ცხოვრების შედეგად ჩამოყალიბდა.

კონფლიქტის შედეგად საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციული თანაცხოვრების წესები თანდათან დავიწყებას მიეცა. ომის შემდეგ აფხაზეთსა და საქართველოშიც გაჩნდა ახალი თაობა, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში განვითარდნენ და მათთვის ერთად ცხოვრება გაცილებით უცხო გახდა. 2008 წლის ომის შემდეგ ამ უხილავ კედელს ხილულიც დაემატა.

რუსეთის გადაწყვეტილებით მდინარე ენგურის მთელ პერიმეტრზე დაიწყო გამყოფი კედლის მშენებლობა, რაც ისედაც მინიმუმამდე დასულ ქართულ-აფხაზურ კონტაქტს მთლიანად ზღუდავს. ამ პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტების განახლებას ორ საზოგადოებას შორის. ამ მიზნით ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიებზე.

აპრილში მოხერხდა ქართველ-აფხაზთა შეხვედრა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, რომლის ორგანიზატორი ბრიტანული ფონდი "შერიგების რესურსები" იყო. ამ შეხვედრას ესწრებოდა წარმომადგენელი "კავკასიური სახლიდან" გიორგი კანაშვილი, რომელიც შეხვედრაზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე გვესაუბრა.

- გიორგი, მოკლედ მოგვიყევი იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც ბრიუსელში ჩატარდა.

- შეხვედრა ჩატარდა აპრილის ბოლოს ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, ბრიტანული ფონდის მიერ, პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა. ამ ფონდს ჰქვია "შერიგების რესურსები", რომელიც საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გზების ძიებაში საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია და ერთ-ერთი იმ ფონდთაგანია, რომელსაც აფხაზეთის მხარეც ენდობა, შესაბამისად, ომის შემდეგაც, ვგულისხმობ 2008 წლის ომს, ეს ფონდი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა მოლაპარაკებებში.

შერიგების საკითხებზე მომუშავე ამ ბრიტანული ორგანიზაციის გარდა არსებობს მეორე გერმანული ორგანიზაცია "BERKOFF-ი", რომელიც საქართველო-აფხაზეთის გარდა საქართველო-ოსეთის პრობლემატიკაზეც მუშაობს და კონფლიქტური მხარეების შეხვედრების ორგანიზებას ახდენს.

შეხვედრების ერთი ნაკადი იყო კოსოვოში, მეორე ნაკადი კი - მოლდოვაში დნესტრისპირეთის საკითხთან დაკავშირებით.

- კონკრეტულად ამ ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე რა საკითხები იყო განხილული?

- ჩემი აზრით, ბრიუსელი შემთხვევით არ იყო შერჩეული, რადგან ამ ქალაქშია თავმოყრილი მსოფლიოში უძლიერესი ორგანიზაციების სათაო ოფისები, მაგალითად, როგორიცაა ნატოს შტაბბინა და ევროპარლამენტი, შესაბამისად, შეხვედრის ბრიუსელში ჩატარებაც გათვლილი იყო იმაზე, რომ შეხვედრის მონაწილეებს ჰქონოდათ საშუალება, ახლოს გასცნობოდნენ ამ ინსტიტუტებს.

ეს განსაკუთრებით აფხაზებს ეხებათ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, მათ დაინახონ რუსეთის ზრახვები. ამ შეხვედრაზე განიხილებოდა სხვადასხვა საკითხები, მაგრამ ყველაზე აქტუალურად და ყველაზე საინტერესოდ, ზოგ შემთხვევაში დაძაბულადაც განიხილებოდა რამდენიმე საკითხი ეს იყო, ერთი მხრივ, დევნილთა დაბრუნების საკითხი, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგიული გეგმა კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, კერძოდ, რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი.

ამ პოლემიკაში აფხაზები ხანდახან წამოწევდნენ ხოლმე უსაფრთხოების თემას, მოგეხსენებათ, ჟენევის ფორმატში რუსეთის, აფხაზეთის, ოსეთის მთავრობის აზრით, აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გაფორმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ საქართველო ამ ხელშეკრულებაზე არასოდეს მოაწერს ხელს, იქიდან გამომდინარე, რომ რეალობა შეცვლილია.

თუ 2008 წლამდე შეიძლებოდა ამ ტიპის ხელშეკრულებების დადება როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეჟიმთან, დღეს ეს შეუძლებელია, ვინაიდან ეს იქნებოდა საქართველოს მიერ აღიარება, რომ ვითომც და კონფლიქტში არაფერ შუაშია რუსეთი, თანაც თვითონ ამ სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმაციის დონე გაიზრდებოდა.

ეს მშვენივრად იციან მათ, მათთვის არანაირი უსაფრთხოების დეფიციტი არ არსებობს და თუ არსებობს, ამ დეფიციტს უფრო მეტად საქართველო განიცდის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ორ რეგიონში 2008 წლის ომის შემდეგ შენდება რუსული სამხედრო ბაზები, იქ უკვე იმ რაოდენობის რუსული სამხედრო ძალაა თავმოყრილი, რომ საქართველო რაიმე სახის სამხედრო ოპერაციას არ ჩაატარებს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ შეხვედრაზე განიხილეთ საქართველოს მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა. აფხაზეთის მხარეს თუ ჰქონდა რაიმე მონახაზი და ზოგადად როგორ წარმოუდგენიათ ჩვენთან ურთიერთობა?

- რაც შეეხება სტრატეგიას, არსებობს აფხაზების მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი 2006 წელს, რომელსაც ჰქვია "მომავლის გასაღები", რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იყო. ამ დოკუმენტს ერთხელ გაცნობით ვერ გაიგებ, მე მეორედ გაცნობისას, სულ სხვა დასკვნა გამოვიტანე.

ერთხელ წაკითხვისას შეიძლება ყურში მოგხვდეს სიტყვა კეთილმეზობლური, რომელიც იმას მიუთითებს, რომ აფხაზეთი და საქართველო ცალკ-ცალკე სახელმწიფოებია, შემდეგ თვალში მოგხვდება, მაგალითად, ისტორიის აფხაზური ხედვა, რომელიც არც ისე მისაღებია საქართველოსთვის, მაგრამ მთლიანობაში ამ დოკუმენტს შეიძლება პოზიტიური უწოდო, რადგან დაფარულად ეს რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს გთავაზობს: ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობა, აფხაზეთის დასავლეთისადმი გახსნა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა.

უსაფრთხოებას რაც შეეხება, აფხაზებს ამ შემთხვევაში ადარდებდათ და ადარდებთ გალი. ახლა საქართველომ ანალოგიური დოკუმენტი შეიმუშავა. როგორც ქართული, ისე 2006 წელს შემუშავებული აფხაზური სტრატეგიული გეგმა არსითა და შინაარსით ახლოს დგანან ერთმანეთთან, თუ არ ჩავთვლით იმას, რა მიზნებს ისახავენ მხარეები. ორივეს თავისი ინტერესები აქვთ. ამ ეტაპზე საქართველოც მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას სთავაზობს.მინდა გითხრათ, რომ ოსებისგან განსხვავებით აფხაზებს უფრო გათავისებული აქვთ რა უნდათ, საით მიდიან, რის მიღებას ლამობენ ამისგან, რა დამოკიდებულება აქვთ დასავლეთთან, რუსეთსა და საქართველოსთან.

აფხაზები რეალობას ობიექტურად აღიქვამენ. დღეს აფხაზეთში ეთნოკრატია ჰყვავის და იქ საკმაოდ კონკურენტული გარემოა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ პროცესებიდან მთლიანად გამოთიშული არიან ქართველები და ნაწილობრივ სომხებიც.

- გიორგი, რას ფიქრობენ აფხაზები იმ ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც განხორციელდა აფხაზეთში 90-იან წლებში?

- აფხაზებს ეს კარგად ესმით და ის, რომ აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდა განხორციელდა, ეს დადასტურებული ფაქტია მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა აფხაზებს გამოდევნილი მოსახლეობის უკან დაბრუნებაზე ქართველებისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ.

აფხაზები ფიქრობენ, რომ მათ კეთილი ნება გამოიჩინეს და ქართველები დააბრუნეს გალის რაიონში, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აქ აფხაზებმა უბრალოდ ხელი ვეღარ შეუშალეს მოსახლეობის დაბრუნებას ამ რაიონში. გალელებთან აფხაზებს საპრეტენზიო ნაკლები აქვთ, რადგან ამ რაიონის მოსახლეობას ერთეული შემთხვევების გარდა არ მიუღია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. აფხაზები თვლიან, რომ გალში მათ 40-დან 60 ათას ქართველამდე დააბრუნეს, თუმცა ეს ციფრი დასადგენია.

- შეხვედრისას როგორი იყო თქვენსა და აფხაზებს შორის პირადული დამოკიდებულება?

- ვთვლი, რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა აფხაზები ჩვენთან უფრო ახლო ურთიერთობას ერიდებოდნენ. მოდი ასე ვიტყვი, იყო რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც აღარ მოდიოდნენ. დღეს ნებისმიერ აფხაზს, რომელიც ქართველთან სასაუბროდ ჯდება, სერიოზული მუშაობის გაწევა უწევთ თავიანთ საზოგადოებასთან, რათა დაარწმუნონ, რომ ამით არ თმობენ პოზიციებს. აფხაზეთის საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდაც წინააღმდეგია ამ ტიპის შეხვედრების, ამიტომ მათი ჩვენდამი დამოკიდებულება გასაგებია.

ზვიად ბიაშვილი

regions.ge

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?