სურინამის დედაქალაქ პარამარიბოში დაბადებული, მაგრამ ჰოლანდიის მოქალაქე კლარენს ზეედორფი, ჯერჯერობით, მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად (“აიაქსი”, “რეალი” და “მილანი”) ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
თან, მილანელებთან ერთად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ორჯერ იმარჯვა. ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, “როსონერის” ბედი 2002 წელს დაუკავშირა, როდესაც “ინტერმა” ის, ფრანჩესკო კოკოში გაცვალა. მას შემდეგ, ზეედორფმა “მილანის” რიგებში 380 შეხვედრა ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. მოპოვებული ტიტულების მიუხედავად, 34 წლის ფეხბურთელს ამბიცია არ განელებია, რასაც ინტერნეტ-გამოცემა calcionews-ზე გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ მოწმობს.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპორტსმენებისა და მასმედიის ურთიერთობა რადიკალურად განსხვავებულია იტალიასთან შედარებით. რა არის ამის მიზეზი?
- ყოველივე დამოკიდებულია იმ სპორტულ კულტურაზე, რომელსაც ამერიკაში ჯერ კიდევ სკოლიდან ასწავლიან. თავდაპირველად, ყველა სპორტის რომლიმე სახეობითაა დაკავებული და შემდეგ ხდებიან გულშემატკივრები, ან ჟურნალისტები. ამიტომ, კარგად იციან რასაც საუბრობენ და არასოდეს სვამენ კითხვებს, რომლებზეც პასუხები უკვე აქვთ.
- გამოდის, რომ ყველაფერში დამნაშავე იტალიელი ჟურნალისტები არიან?
- მე ამის თქმა არ მინდოდა. დანაშაული, სპორტისადმი არასწორი მიდგომაა.
- ამერიკაში განსაკუთრებით რა მოგწონთ?
- იქ იმას იღებ, რაც დაიმსახურე. თუ იყოჩაღებ, ამერიკაში ყველაფერს მიაღწევ. ევროპაში კი, საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, იმავე ჰოლანდიაში - ბოლო ოთხი წელიწადის განმავლობაში, ეროვნულ ნაკრებში მიწვევას ვიმსახურებდი, მაგრამ ერთხელაც არ გამომიძახეს.
- შტატებში თამაშზე არასოდეს გიფიქრიათ?
- ამაზე ყოველ წელს ვფიქრობ, რადგან სხვადასხვა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს და ქვეყანაც მომწონს. თუმცა, ჯერჯერობით თავს ისევ საუცხოოდ ვგრძნობ და “მილანში” თამაში მსურს.
- მსოფლიო ჩემპიონატზე BBC-ის კომენტატორად მუშაობას აპირებთ. ეს, ახალი გამოცდილების მიღების სურვილია, თუ ტურნირზე არმიწვევით გამოწვეული წყენის გაქარვების ერთ-ერთი ხერხი?
- ნაწყენი არ ვარ, რადგან შექმნილი ვითარება, უკვე დიდი ხანია ყველასთვის კარგადაა ცნობილი. აი, ახალი გამოცდილება კი ნამდვილად გამამდიდრებს როგორც ადამიანს და მხოლოდ საფეხბურთო მატჩების კომენტირებით არ შემოვიფარგლები. მხოლოდ ფეხბურთზე საუბარს არასოდეს დავთანხმდებოდი. ეს საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელშიც მსურს მსოფლიოს, ფეხბურთის გარდა, კიდევ ბევრი რამის შესახებ მოვუთხრო. მე, სამხრეთ აფრიკის შესახებ სპეციალურ რეპორტაჟებს მოვამზადებ.
- ჟოზე მაურინიოს, იტალიური ფეხბურთი ძალიან არ მოსწონს. თქვენ?
- მე არ ვიცი, რამდენად იმოქმედა ამ ასპექტმა მის სურვილზე - იტალია დაეტოვებინა. შესაძლოა, მაურინიოს ახალი გამოწვევის მიღება სურდა. მიუხედავად ამისა, იტალიამ მისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ნებისმიერი ადგილი, სადაც ცხოვრება გვიწევს, ძალიან ბევრს გვაძლევს. კლუბში დარჩენის თაობაზე გადაწყვეტილებას, პირველყოვლისა, იმიტომ ვიღებდი, რომ პატივს ვცემ გაფორმებულ კონტრაქტებს. გარდა ამისა, კლუბთან ერთად, ყოველთვის ახალ მოტივაციას ვპოულობდი.
- მოტივაცია ახლაც გაქვთ?
- ახლა რთული მომენტი დადგა. დღევანდლამდე კონკრეტული ამოცანა გვქონდა, რომელიც საუცხოო შემსრულებლებთან ერთად, განვლილ სეზონში შევასრულეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი მწვრთნელი საკუთარი იდეებით მოვა, რომლის ერთგული ბოლომდე იქნება და გუნდს სიმშვიდეს ჩაუნერგავს. ჩვენთვის, აუცილებელია ენთუზიაზმი და ნათელი გეგმები.
- ახალი მწვრთნელის მოსვლისთანავე შეუძლია “მილანს” კონკურენტუნარიანი გახდეს?
- იტალიურ კლუბებს შორის, ყველაზე ძლიერი შემადგენლობა არ გვყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, შეგვიძლია კონკურენცია ნებისმიერ მეტოქეს გავუწიოთ და დავამარცხოთ. მუშაობა, სიმშვიდე და კონკრეტული ამოცანები - ეს არის სწორედ ის ბაზა, რომელიც წარმატების მიღწევის გარანტიას ყოველთვის იძლევა. თუ საბერძნეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო “პორტუმ” ჩემპიონთა ლიგა, მაშინ, “მილანსაც” შეუძლია დიდი წარმატებების მიღწევა.
- მიუხედავად იმისა, რომ გუნდის გარდაქმნაზე ამდენი დრო დაიხარჯა?
- მართალია, ბოლო სამი წელიწადის განმავლობაში დრო დაიკარგა, მაგრამ ძნელია ცვლილებების განხორციელება, როდესაც იმარჯვებ. ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელების ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. დღემდე თავს ახალგაზრდად ვგრძნობ, როგორც ფიზიკური მომზადების, აგრეთვე აზროვნების მხრივ. მწვრთნელის ჩანაფიქრი, ენთუზიაზმი და გამარჯვების სურვილი, ასაკზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
- დანახარჯების შემცირებით, წარმატებული გუნდის შექმნა რამდენად შესაძლებელია?
- რა თქმა უნდა, შეიძლება. ეს ხომ ბიზნესია და ე.ი. საჭიროა.
- კლუბის ამჟამინდელი პოლიტიკაც ბიზნესია?
- ფეხბურთში ფული უნდა გამოიმუშავო და ეს ნიშნავს, რომ დიდ წარმატებებს მცირე დანახარჯებით მიაღწიო. გასულ ზაფხულს კომეციულ ტურნირებში მონაწილეობა არ წაგვადგა – მართალია, ფული ვიშოვეთ, მაგრამ წინასასეზონო მომზადების ხარისხი დაზარალდა. ამიტომ, ბიზნესი ჭკუით უნდა აკეთო.
- ლეონარდოს ხელში, მიმდინარე წელს, “მილანმა” მაქსიმალური შედეგი აჩვენა?
- დიახ. გადამწყვეტ მომენტებში, მხოლოდ ხასიათი და შეგნება არ გვყოფნიდა.
- კლუბთან კონტრაქტი 2011 წელს გეწურებათ. შემდეგ რას აპირებთ?
- ჯერ კიდევ ბევრი შემიძლია. გასული სეზონის საწყის 5 თვეში ძალიან ეფექტურად ვმოქმედებდი. შემდეგ, ბარძაყის ტრავმა მაწუხებდა, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალებას არ მაძლევდა. ძალიან მინდა, რომ გუნდის ათვლის წერტილი გავხდე. ვიდრე “მილანში” ღირებულ მოთამაშედ ჩამთვლიან, კლუბში დავრჩები.