კოსმეტიკური პროცედურების ეფექტურობა შეიძლება 70 პროცენტით შემცირდეს, თუ მას მივმართავთ არახელსაყრელ, შეუფერებელ დროს.
დღის კრემებს საღამოს პერიოდში გამოიყენება არ შეიძლება და პირიქით, საღამოს კრემების გამოყენება არ შეიძლება დღისით, რადგან მათში შემავალ ნივთიერებებს სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვთ. მთავარია, ქალმა იცოდეს, რა სჭირდება მის კანს დღის სხვადასხვა პერიოდში და ამის მიხედვით შეარჩიოს შესაფერისი კრემი.
დილა-შუადღის კრემები
მიუხედავად იმისა, რომ დილის 5-6 საათზე გძინავთ, თქვენი სახის კანი სწორედ ამ დროს იწყებს გაღვიძებას. ამ დროს ხდება მასში ნივთიერებათა ცვლის აქტიური პროცესები, სწორედ ამ პერიოდში წასმული კრემი იძლევა სასურველ ეფექტს. სრულებითაც არ არის აუცილებელი, თქვენი დღის კრემი ცხიმიანი იყოს, მთავარია, იგი შეიცავდეს ისეთ დანამატებს, როგორებიცაა გლიცერინი, ალოე, ხილის
ექსტრაქტები. დილის კრემების მთავარი დანიშნულებაა კანის დაცვა რადიაციისგან, მტვრისაგან, გამონაბოლქვისა და სიგარეტის ბოლისგან. ამიტომაც, პრაქტიკულად, ნებისმიერი დღის კრემი შეიცავს A, ჩ, E ვიტამინებს, რომლებიც კანს ასევე ეფექტურად იცავენ მზისგან.
წესები, რომელთა დაცვაც საჭიროა დღის კრემის წასმის დროს:
1. დღის კრემი ყოველთვის უნდა წაისვათ კარგად გაწმენდილ, სუფთა სახეზე და რაც შეიძლება დილის საათებში, ანუ მაშინვე, როგორც კი გაიღვიძებთ. სასურველია, ეს მოხდეს რვა საათამდე.
2. შეეცადეთ, რომ კრემის წასმიდან მხოლოდ 20-25 წუთის მერე გაიკეთოთ მაკიაჟი, რადგან ამ დროში კანში უკვე შედის და ხვდება ყველა ის საჭირო ნივთიერება, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში იცავს.
3. თუ დილით დროის უკმარისობას არ განიცდით, მაშინ შეეცადეთ გაიკეთოთ დილის კრემის ე.წ. ნიღაბი ანუ წაისვათ კრემი უფრო სქლად, ხოლო 20 წუთის შემდეგ ზედმეტი კრემი სპეციალური ხელსახოცით მოიშორეთ. ეს პროცედურა განსაკუთრებით საჭიროა იმ ქალბატონებისთვის, ვისაც მშრალი კანი აქვთ.
საღამო-ღამის კრემები
საღამოს 5-6 საათზე კანს უკვე ესაჭიროება დღის სტრესებისგან გათავისუფლება და აღდგენა. ამ დროს ჩატარებული ყველა სახის კოსმეტიკური პროცედურა არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა. თუ ამ პერიოდში კოსმეტოლოგთან მისვლას ვერ ახერხებთ, მაშინ თავად მოგიწევთ საკუთარ სახის კანზე ზრუნვა. პირველ რიგში, აუცილებლად მოიცილეთ მაკიაჟი და შემდეგ წაისვით საღამოს მკვებავი კრემი, სასურველია, თუ ყოველივე ამას საღამოს რვა საათამდე მოახერხებთ. როგორც წესი, საღამოს კრემები მკვებავ ნივთიერებებს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს, ასევე - დამაწყნარებელ კომპონენტებსაც. ასე რომ, საღამოს პერიოდში შეეცადეთ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)