"სააკაშვილის რეჟიმს საერთაშორისო ნარკომაფია და იარაღის კონტრაბანდის ჯგუფები უმაგრებენ ზურგს"

 "სააკაშვილის რეჟიმს საერთაშორისო ნარკომაფია და იარაღის კონტრაბანდის ჯგუფები უმაგრებენ ზურგს"

30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ეროვნული ფორუმი" არ მონაწილეობდა. დღეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი პროგნოზი, ხელისუფლებისგან არჩევნების გაყალბებაზე, ახდა და მთელ ოპოზიციას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

გთავაზობთ ინტერვიუს "ეროვნული ფორუმის" ლიდერ კახა შარტავასთან.

- სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა, უკვე მერამდენედ ვცდილობთ, წინასწარ გავაგებინოთ, ავუხსნათ საზოგადოებას რაღაც, მაგრამ არ გვიჯერებენ, ბოლოს კი ამბობენ, მართლები იყავითო. ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ, რომ ამ საარჩევნო სიების პირობებში ხელისუფლება ნებისმიერ სასურველ შედეგს მიიღებდა.

საარჩევნო გარემოში არსებითად არაფერი შეცვლილა. გრძელდებოდა საზოგადოებაზე ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ფინანსური რესურსის მობილიზაცია და ა.შ. თუ ამ ვითარებაში საარჩევნო გარემოს შეცვლას არ ითხოვ, ნიშნავს, რომ მოსახლეობა ისევ დამარცხების გზით მიგყავს.

ამასთანავე, ოპოზიციური ძალები დაიქსაქსნენ და საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა არა მგონია, თუნდაც ამ შემთხვევაში არსებითად შეცვლილიყო რაიმე.

- არსებობს მოსაზრება, რომ თქვენი ბოიკოტით საზოგადოების ნაწილში ნიჰილიზმი გააღვივეთ, რაც მნიშვნელოვნად აისახა ამომრჩევლის აქტივობაზე.

- საზოგადოებისთვის აქტიური ბოიკოტისთვის არ მოგვიწოდებია, მეტიც, ყრილობაც არ ჩავატარეთ, რომ ხელი არ შეგვეშალა საარჩევნო პროცესისთვის. დამატებითი საარჩევნო სუბიექტების გაჩენა ოპოზიციას უფრო შეუშლიდა ხელს და ერთმანეთს უფრო წავართმევდით ხმებს, ამიტომ ამ ბრალდებას ვერ გავიზიარებ. რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს რომ დავხმარებოდით, ამით დავეხმარებოდით დანარჩენ ოპოზიციურ კანდიდატებთან ბრძოლაში და არა - "ნაცმოძრაობასთან" დაპირისპირებაში. უგულავამ ამ გაყალბებული სიებით ხმების 30-40 პროცენტი წინასწარ გაინაღდა.

რეჟიმის შეცვლა თუ გინდა, უარი უნდა თქვა ამ რეჟიმის შემოთავაზებაზე. ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას და საზოგადოებას, აღარ ვიყოთ სააკაშვილის ინიციატივების მაჩანჩალა და ალტერნატიული პოლიტიკური რეალობა წამოვწიოთ. ვფიქრობ, მომხდარი ყველა პოლიტიკურ ძალას დააფიქრებს, რომ საჭიროა ერთიანი ძალით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლა.

"ეროვნული ფორუმი" ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად კონსულტაციებს იწყებს ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიასთან და საზოგადოების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ქვეყანაში არსებული ვითარების რეალურად შეცვლით არიან დაინტერესებული.

- ზურაბ ნოღაიდელთანაც აპირებთ კონსულტაციის გამართვას?

- ვთქვი, ძირითად ოპოზიციურ ძალებთან-მეთქი. ნოღაიდელს ამ ხელისუფლების ნაწილად განვიხილავ. საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის ბრძოლას სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, იმ მოთხოვნებს, რომელზეც არჩევნებამდე 9 პოლიტიკური პარტია შევთანხმდით, აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა. დროა, ერთ ამომრჩეველს ერთი ხმა ჰქონდეს.

- ეს რთული გასაკეთებელი იქნება, რადგან არავინ იცის, რამდენი ადამიანი ცხოვრობს დღეს საქართველოში. იქნებ ოპოზიციას დღის წესრიგში დაეყენებინა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საკითხი?

- ამ საკითხის დასმა შეიძლება დროული იყოს, მაგრამ გააჩნია, ვინ ჩაატარებს აღწერას, ამ ხელისუფლების პირობებში ესეც გაყალბდება. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის აღწერა ჩუმად ჰქონდეს ჩატარებული და ზუსტად იცოდეს, რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. მონაცემებს არ ახმაურებენ, რადგან საარჩევნოდ სჭირდებათ გაბერილი სიები. ოპოზიციურ ძალებს არც ძალა გვაქვს და არც ფინანსები, რომ საქართველოში აღწერა ჩავატაროთ.

არსებობს მარტივი გამოსავალი: შევქმნათ მექანიზმი, რომელიც არარსებულ ამომრჩეველს არ მისცემს ხმის მიცემის საშუალებას. ასეთია ბიომეტრიული ფოტო. ეს თუ შემოვიღეთ, როცა ამომრჩეველი ერთ უბანზე გაივლის რეგისტრაციას, მეორე საარჩევნო უბანზე ვეღარ შეძლებს ხმის მიცემას. ამის მიღწევასაც სჭირდება ბრძოლა.

- ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ასეთ დათმობაზე წავა?

- ნებით არ წავა, მაგრამ თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობაც დაგვეხმარება და ჩვენც ვიაქტიურებთ, იძულებული გახდება ან ალტერნატიული მეთოდი შემოგვთავაზოს, ან ეს გაიზიაროს, ან უარი თქვას და ამით აღიაროს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს. ამის შემდეგ ბუნებრივად დგება დღის წესრიგში საკითხი, როგორ უნდა მოექცე ასეთ ხელისუფლებას, რომელსაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება არ სურს - უნდა ჩამოართვა არჩევნების ჩატარების უფლება. თუ ერთიანი და ძლიერი იქნება ოპოზიცია, შესაძლოა, მართლა ჩატარდეს საერთო-ეროვნული ყრილობა და ასე მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება.

ეს პროცესი უნდა დამთავრდეს შემოდგომამდე. ჯერ უნდა შევცვალოთ საარჩევნო გარემო და ამის შემდეგ ვიბრძოლოთ რიგგარეშე არჩევნებისთვის. რეჟიმი, რომელიც მაფიოზურად მართავს ქვეყანას, თავისი ნებით არასდროს არაფერს დათმობს. ასეთი არჩევნებით, როგორც ახლა ჩაატარეს, სააკაშვილი ყოველთვის მოახერხებს ძალაუფლების გახანგრძლივებას. მით უფრო, თუ რამდენიმე ოპოზიციური სუბიექტიც მიეხმარება. ახლა გვიცხადებენ, უკეთესად ჩაიარა არჩევნებმაო, რადგან თურმე სისხლის ღვრა არ ყოფილა საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ხელისუფლებამ დილის პირველ საათამდე რომ დაამთავრა ყველაფერი და გაიფორმა გაყალბებით გამარჯვება, ეს არაფერი?!

- ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ დღესვე უნდა დადგეს დღის წესრიგში ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი...

- საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა ახლა, უპირველესად ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. ჯერ ერთი, ამ საარჩევნო გარემოში ისედაც წააგებს ოპოზიცია, მეორეც - საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ისევ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას ერთ კანდიდატზე, შედეგად კი ისევ სახელისუფლებო ჯგუფის კანდიდატი გაიმარჯვებს. სწორი პოლიტიკური ანალიზისა და მოქმედების დაგეგმვის გარეშე ვერასდროს მოუგებ სააკაშვილის რეჟიმს, რადგან მას ზურგს უმაგრებენ საერთაშორისო ნარკომაფია და იარაღის კონტრაბანდის ჯგუფები, რომლებიც ფულს ამათთან ერთად შოულობენ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე