მასწავლებელთა ეთიკის კოდეოქსით გათვალისწინებულ რეპეტიტორთა ინსტიტუტის მოშლას პედაგოგთა უმეტესობა სასიცოცხლო არტერიის გადაკეტვის ტოლფასად აფასებს. თუ მასწავლებელს აუკრძალავ საკუთარ მოსწავლეზე რეპეტიტორობას (იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს აკრძალვა თავისი არსით სამართლიანია), მივიღებთ უმასწავლებლო სკოლას - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას მასწავლებელთა პროფკავშირების პრეზიდენტი, მანანა ღურჭუმალიძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინიციატივით შექმნილმა საზოგადოებრივმა დარბაზმა სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი განიხილა. შენიშვნები და შეხედულებები, რომელიც დარბაზის წევრებმა შეხვედრაზე გამოთქვეს, ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.
სამინისტრო აცხადებს, რომ მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის პროფესიული ქცევის წესებს ადგენს, რაც მათ ეთიკურად გამართლებული ქმედებების წარმართვაში დაეხმარებათ. ამ კოდექსით, მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხის შეფასება მოხდება. კოდექსის დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლების, თავად მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება - ირწმუნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-საიტი, სადაც ისიც არის აღნიშნულ რომ "სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის აუცილებელია, სკოლამ არა მარტო ხარისხიანი ცოდნა შესთავაზოს მოსწავლეს, არამედ სასწავლო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ეთიკურად მიზანშეწონილი და საზოგადოებრივად გამართლებული ურთიერთობების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი."სამინისტროსვე გავრცელებული ინფორმაცით, მასწავლებელთა პროფესიულ ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან უკვე გაიმართა: "იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსმა სრულყოფილი სახე მიიღოს, ანალოგიური შეხვედრები როგორც დარბაზის წევრებთან ასევე მრჩეველთა საბჭოსთან და საზოგადოების წევრებთან მომავალშიც გაგრძელდება."
ეთიკის კოდექსში მასწავლებლებისთვის განსაკუთრებულად პრობლემატური ის პუნქტი აღმოჩნდა, რომელის მიხედვითაც საკუთარი მოსწავლის კერძოდ მომზადებაა. ეთიკის კოდექსით ამის აკრძალვა რომ არა, ისედაც 12 იანვარს ბათუმში პრეზიდენტმა გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეპეტიტორთა ინსტიტუტი საერთოდ უნდა მოისპოს.
ლალი გილიგაშვილი, 207-ე სკოლის მასწავლებელი: "ყველას მოგეხსნებათ, თუ რა მიზერული ხელფასი გვაქვს მასწავლებლებს. ჩემი ხელფასით გადასახადებს ვერ ვიხდი. თუ დამატებითი შემოსავალი ამ გზით არ მექნა, როგორ უნდა შევძლო არსებობა?! ასე რომ, ამის მოშლა ჩვენთვის სასიცოცხლო არტერიის გადაკეტვა იქნება. რა მოტივაცია აქვს ამას, არ მესმის. მაშინ გაზარდონ ჩვენი ხელფასი და იყოს დღევანდელი სასიცოცხლო არსებობის პირობების ადეკვატური. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს ჩვენს მუშაობას. ყველამ უნდა მივატოვოთ პროფესია და სხვა საქმეს მოვკიდოთ ხელი. იმ ასაკში ვარ, ახალს უკვე ვეღარაფერს ვისწავლი. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებს ძალიან უკმაყოფილო დამოკიდებულება გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. რეპეტიტორობით მე ჩემს შრომას ვყიდი და ამის ანაზღაურებას ვიღებ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს ჩემი ზედმეტი შრომა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება. ამასაც რომ მიკრძალავენ და არ მაძლევენ საარსებო საშუალებას, მაშინ ამიხსნან, როგორ ვიცხოვრო. მაინცდამაინც ყველა უნდა გავიქცეთ საქართველოდან, რომ ოჯახები ვარჩინოთ და იქ მონობის მსხვერპლი გავხდეთ?! კი, ბატონო, ვეთანხმები იმ აზრს, რომ მოსწავლე საკმარის განათლებას სკოლაში უნდა იღებდეს და რეპეტიტორი არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ჩვენი დღევანდელი სკოლა ხომ კარგად იცით, რა დღეშიც არის? შესაძლებელია, ეს მდგომარეობა 10 წლის შემდეგ გამოსწორდეს და სწავლას ხარისხი თუ ფასი დაედოს; მაგრამ ახლა, როცა რეფორმა ზემოდან დაიწყეს და არა ქვემოდან, არაფერი გამოვა, რადგან რეპეტიტორის გარეშე მოსწავლე გამოცდებს ვერ ჩააბარებს."
მასწავლებელთა ზოგიერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა მარტო იმიტომ არის არასაკმარისი, რომ მოსწავლე სახლში არ მეცადინეობს.
მარინა ბიწაძე, 169-ე საჯარო სკოლის პედაგოგი: "სასურველია, რეპეტიტორთა ინსტიტუტი არ არსებობდეს და სკოლა იძლეოდეს საჭირო ცოდნას. რატომღაც ჰგონიათ მოსწავლეებს, თუ რეპეტიტორთან მეცადინეობენ, უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე სკოლაში. ჩემი აზრით, მოსწავლემ იმდენი უნდა შეიძინოს სკოლაში, რომ მას რეპეტიტორი აღარ სჭირდებოდეს. რეალურად მოსწავლეს მაინც სჭირდება რეპეტიტორი, რადგან სკოლის შემდეგ სახლში რომ მიდის აღარ მეცადინეობს. სკოლიდან რაც მიაქვს, ის რჩება. გარწმუნებთ, არიან მოსწავლეები, რომლებსაც არ სჭირდებათ რეპეტიტორები, რადგან სკოლა აძლევს მათ საკმარის ცოდნას და მშვენივრად აბარებენ კიდეც მისაღებ გამოცდებს."
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ რეპეტიტორობა სკოლების მხრიდან სათანადო განათლების ვერმიცემის გამოა გამოწვეული.
"გარდა ამისა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლის მხრიდან საკუთარი მოსწავლის მომზადება დაუშვებელია, რადგან ამაში ინტერესთა კონფლიქტი გამოიხატება: თუ მე კარგად ვასწავლი სკოლაში, მაშინ ჩემივე მოსწავლე ჩემთანვე რატომ მოემზადება?! ანუ მე ამის წინააღდეგი ვარ. მაგრამ აქ არის ერთი "მაგრამ": ჩემი აზრით, მასწავლებლებსა და სახელმმწიფოს შორის ასეთი უსიტყვო შეთანხმება არსებობს - ჩვენ ვერ გაძლევთ ხელფასს, აგერ, არიან ბავშვები და ირეპეტიტორეთ. რეპეტიტორებად ერთეულები რომ იყვნენ, რამე საწინაღდეგოს ვიტყოდი, მაგრამ როცა მასწავლებელთა 90% ამით ცხოვრობს, ეს არის ინსტიტუციონალური სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც გლობალური მიდგომა ესაჭირეობა. მასწავლებლის ხელფასი მაქსიმუმი უნდა იყოს 2000, მინიმუმი კი - 1000. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს აუკრძალავ საკუთარ მოსწავლეზე რეპეტიტორობას (რაც თავისი არსით სამართლიანია), მივიღებთ უმასწავლებლო სკოლას."
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი მასწავლებლები ერთს ასკვნიან:
ლალი გილიგაშვილი: "ჩვენი სამინისტრო რეალობას მოწყდა. თვითონ დიდი ხელფასები და შეღავათები რომ აქვთ, თვლიან, რომ მასწავლებლებიც მათ მდგომარეობაში არიან. სინამდვილეში ასე არ არის. ჩემი განაკვეთი 18 საათია. 18-ს ზევით 21 მექნება თუ 25, მაინც მაძლევენ 18 განაკვეთს დამატებულ 20 ლარს. თვეში ვმუშაობ 4 კვირას, მინაზღაურებენ 1 კვირისას, ამ 1 კვირის ანაზღაურებული თანხიდან კიდევ 20%-ს მიქვითავენ. ეს არის ექსპლუატაცია და, საერთოდ, რაც ხდება განათლების სისტემაში, ყველაფერი აბსურდის დონეზეა დასული. ეთიკის კოდექსი კი არის თითიდან გამოწოვილი იმისათვის, რომ ქართველი მასწავლებლები სასიცოცხლო არტერიის გარეშე დარჩნენ."
მარი ოთარაშვილი