ხელისუფლება თავს იჭრის მთელი მსოფლიოს წინაშე, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” უმრავლესობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის დამტკიცებას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, ”რესპუბლიკური პარტია” აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც ქვეყნის ავტორიტარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
”ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც ქვეყნის ავტორიტარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ცუდი ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, როდესაც არ არის გათვალისწინებული არც ერთი ოპოზიციური პარტიის მოსაზრება. ხელისუფლება თავს იჭრის მთელი მსოფლიოს წინაშე და დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს აჯამებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.
სწორედ ამიტომ, უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.