დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს

დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პარლამენტის წევრმა იური დერევიანკომ განაცხადა.

მისი თქმით, საიმიგრაციო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც დავით სააკაშვილი მიიყვანეს.

"კითხვაზე, არის თუ არა დავით სააკაშვილი დაკავებული ან იყენებენ თუ არა დავით სააკაშვილის მიმართ იძულების ელემენტებს, საიმიგრაციო სამსახურის დირექტორმა უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც სააკაშვილმა დატოვა განყოფილება", - აღნიშნა დერევიანკომ.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, პოლიციაში სააკაშვილის ძმისთვის ადმინისტრატიული დარღვევისა და ჯარიმის შესახებ პროტოკოლის და გარკვეულ პერიოდში უკრაინის დატოვების შესახებ დოკუმენტის გადაცემა სურდათ.

"ეს დაკავება უკანონო იყო. ორშაბათს დავით სააკაშვილის წარმომადგენლები სასამართლოს მიმართავენ. ეს სააკაშვილის დაშინების კიდევ ერთი ფორმაა", - დასძინა მან.

ძმის დაკავებასთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "დღეს დილით ავაკოვის შს სამინისტროს თანამშრომლებმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე კიევიდან მობილური ჯგუფები გააგზავნეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან.

"მობილური ჯგუფების მიზანია საზღვარზე არ შემიშვან და პასპორტი წამართვან. საზღვარზე შეხვედრამდე!" - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."