ტექნიკურმა პროგრესმა, უახლესმა ტექნოლოგიებმა გააზარმაცა ადამიანი, რომელიც კომფორტისკენ მიილტვის. ფიზიკურმა დატვირთვამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და ადამიანი აქტიურ ცხოვრებას სულ უფრო იშვიათად მისდევს. ბევრი მაღაზიაში პურის საყიდლადაც კი მანქანით მიდის.
თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი კუნთები ნაკლებად დაიტვირთება, დასუსტდება და თანდათან ატროფირდება კიდეც, კუნთების დასუსტებისა და განლევის კვალდაკვალ კი შესაძლოა ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურაც შეიცვალოს.
ჰიპოდინამიის (მოძრაობის უნარის დაქვეითება) მიერ გამოწვეულ პრობლემებზე გვესაუბრება ექიმი-თერაპევტი ბაია კაციტაძე:
- ბოლოდროინდელმა ექსპერიმენტებმა და დაკვირვებამ აჩვენა, რომ აქტიური ცხოვრების შეზღუდვა, განსაკუთრებით კი 40-50 წლის შემდეგ, ათეროსკლეროზის განვითარებას უწყობს ხელს, აფერხებს სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციას, საბოლოო ჯამში კი, ტვინსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სისხლის მიმოქცევას არღვევს. ამიტომაც გახშირდა ინსულტი და ინფარქტი, ფიზიკური დაბერების ნიშნები კი ნაადრევად ვლინდება.
ცხოვრების მჯდომარე წესს და აქტიურობის შეზღუდვას ცუდ შედეგებამდე მივყავართ, ცხოვრების ნაკლებად მოძრავ წესთან შეჩვევა კი ადვილია, მით უმეტეს, რომ ამაში ჩვენი საქმიანობაც გვეხმარება - კომპიუტერთან ჯდომა და სხვა. ჰიპოდინამიის სინდრომს მეცნიერები ტექნიკური პროგრესის თანმხლებ მოვლენად მიიჩნევენ. გადის ხანი და ადამიანი ვეღარც კი ამჩნევს, როგორ ემსგავსება მისი ცხოვრების წესი ავადმყოფისას.
ექსპერტებმა უკვე დაადგინეს, რომ იშვიათად მოძრაობა, გამუდმებით ჯდომა და წოლა მარტო საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას კი არ აზიანებს, არამედ გონებრივ შესაძლებლობებზეც უარყოფითად აისახება, რადგან კუნთოვან მასაზე დატვირთვის შეზღუდვა აუარესებს ქსოვილების სისხლით მომარაგებას, შედეგად უჯრედებამდე ნაკლები ჟანგბადი აღწევს და იწყება ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი). დროთა განმავლობაში კი მოძრაობის რეგულარული დეფიციტი გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მუშაობასაც არღვევს.
- ჰიპოდინამია, ალბათ, ჭარბი წონის წარმოქმნასაც უწყობს ხელს.
- ბუნებრივია. კუნთოვანი მასის დასუსტებისა და ატროფიის შედეგად იზრდება ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, იცვლება ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, თანდათანობით თავს იჩენს სისუსტე, მოთენთილობა, ადვილად დაღლა, ემოციური გაუწონასწორებლობა და, რასაკვირველია, ჭარბი წონაც.
- ჰიპოდინამიას ბავშვებსა და მოზარდებშიც ხვდებით?
- ვხვდებით და განსაკუთრებულ საფრთხედაც მიგვაჩნია, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმის ჯანსაღი ფორმირებისთვის არის საშიში. მოძრაობის შეზღუდვა უარყოფით გავლენას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე, იმუნურ თუ ენდოკრინულ სისტემებზე. მოძრაობა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა მარტო კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებას კი არა, ნივთიერებათა ცვლის პროცესთა რეგულაციასაც უწყობს ხელს, არეგულირებს სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციებს, აჯანსაღებს ორგანიზმს.
- ქართველთაგან დილით სირბილისა და ვარჯიშისთვის ცოტა თუ იცლის.
- ფორმაში რომ იყოთ, არ არის აუცილებელი, დილა-საღამოს ივარჯიშოთ, ფიტნესკლუბში ან აუზზე იაროთ. საკმარისია, დღეში ნახევარი საათი მაინც იაროთ ფეხით. როგორი დაღლილიც უნდა დაბრუნდეთ სამუშაოდან, ხანმოკლე დასვენების შემდეგ, ეცადეთ, შინაც იმოძრაოთ. შინ უამრავი საქმეა, არ დაიზაროთ და ფიზიკურ დატვირთვას თავი არ აარიდოთ.
ექიმი გვირჩევს:
გახსოვდეთ: რაც უფრო ნაკლებს იმოძრავებთ, დროთა განმავლობაში მით უფრო დაგეზარებათ ხელ-ფეხის განძრევა. იარეთ ფეხით, შეძლებისამებრ შეასრულეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, ნუ დაგავიწყდებათ, რომ უმოძრაობას, ჭარბ წონასთან ერთად, ჯანმრთელობის უამრავი პრობლემაც მოჰყვება.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)