ქრთამის აღებისთვის დაკავებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება: "როცა მიმართა სასამართლოს, ცრემლიანი იყო"

 ქრთამის აღებისთვის დაკავებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება: "როცა მიმართა სასამართლოს, ცრემლიანი იყო"

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის თაობაზე. ადვოკატები აბესაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რის არგუმენტადაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდნენ. დაცვის მხარემ სასამართლოს აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარუდგინა. ამის მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა აბესაძის ადვოკატების ლილი გელაშვილისა და ირმა ჭკადუას არგუმენტები და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ საკმარისად მიიჩნია პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და საქმე არსებითად განსახილველად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას გადასცა.

დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აბესაძემ სასამართლოს დღესაც მიმართა და ემოციურ ფონზე ცრემლები ვერ შეიკავა.

"ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მძიმეა. ბოლოს როცა მიმართა სასამართლოს, ცრემლიანი იყო. დღესაც ასე იყო. სასამართლოს უთხრა, რომ ახალგაზრდა ასაკში ცხოვრება ჩამოენგრა თავზე", - განაცხადა ჭკადუამ.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ საქმეს ის სამედიცინო ბარათი და მოწმეთა სია დაურთო, რომელიც დაცვის მხარემ წარუდგინა. ირმა ჭკადუას განცხადებით, სასამართლოში დაცვის მხარის მიერ დასაკითხი მოწმეები დაადასტურებენ, რომ ოთარ აბესაძეს ქრთამი არ მოუთხოვია არავისთვის და არც არავისგან აუღია.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე პირველ არსებით სხდომაზეც დააყენებს ოთარ აბესაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას.

"იმედს ვიტოვებთ, 19 სექტემბრის სხდომაზე წარვუდგენთ სასამართლოს იმ ახალ გარემოებას, რომელიც აბესაძის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდება", - აღნიშნა ჭკადუამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ