საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "Freedom House" ე.წ. სამხრეთ ოსეთი ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ "უარესი უარესთა შორის" ანგარიშში შეიყვანა. ანგარიში ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ანგარიშში შესულია ქვეყნები, რომლებმაც პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების მიმართულებით განსაკუთრებით დაბალი შეფასებები მიიღეს. დოკუმენტში ე.წ. სამხრეთ ოსეთი არა ქვეყნად, არამედ ტერიტორიად არის მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ მკაცრად არის შეზღუდული ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობა, ასევე დამოუკიდებელი ორგანიზაციების მუშაობა და ხელმძღვანელობის კრიტიკა.
მთლიანობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა შეფასებულია როგორც "არათავისუფალი". ორგანიზაციამ ანალოგიური შეფასება დააფიქსირა 2008 და 2009 წლებშიც.
დოკუმენტის დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდგომარეობის გაუარესებას და კორუფციის გაძლიერებას რუსეთის მიერ სრული ეკონომიკური და პოლიტიკური კონტროლის დამყარებამ შეუწყო ხელი.
"რუსეთმა სამხრეთ ოსეთში ძალაუფლება 2009 წელს, მესაზღვრეების განთავსებით და სამხედრო ბაზების შექმნით გააძლიერა. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამხრეთ ოსეთისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა, მაგრამ აღდგენითი სამუშაოები ძალიან ნელი იყო და კორუფციაში ჩაეფლო. ამასთან, ზაფხულში მთელმა რიგმა ინციდენტებმა საქართველოსთან ომის განახლების საფრთხე შექმნა და 18500-ზე მეტი ქართველი, რომელმაც 2008 წლის ომის დროს სახლი დატოვა, მთელი წლის განმავლობაში უკან ვერ ბრუნდებოდა", - ნათქვამია ანგარიშში.