აუცრელი ბავშვები პოლიომიელიტის საფრთხის წინაშე დგანან

აუცრელი ბავშვები პოლიომიელიტის საფრთხის წინაშე დგანან

ქვეყანაში ბავშვებში კალენდარული ვაქცინაცია აქტიურად ტარდება. როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე აღნიშნავს, ქვეყანაში წელიწადში 600-700 ათასი აცრა ტარდება. ბავშვებში ყოველწლიური აცრების მოცვა 90%-ია, რაც არაა დაბალი მაჩვენებელი, თუმცა დარჩენილ 10%-ს შესაძლოა სერიოზული პროდლემები შეექმნას.

იმნაძე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ შესაძლოა ყოველწლიურად აუცრელი ბავშვების 10%-მა დაავადებების, კონკრეტულად კი დიფთერიის შემთხვევების გამოვლენა და გავრცელება გამოიწვიოს.

- ამჟამად გვეშინია პოლიომიელიტის შემთხვევების გამოვლენის. ევროპის რეგიონი და მათ შორის საქართველო 2002 წლიდან სერტიფიცირებულია იმაზე, რომ პოლიომიელიტის ადგილობრივი შემთხვევები რეგიონში აღარ გვხვდება. თუმცა დამშვიდება არ შეიძლება, ვინაიდან შედარებით ახლო ქვეყნებში - ავღანეთსა და ინდოეთში, სადაც მიმოსვლა ხშირია, პოლიომიელიტი გავრცელებულია.

მაგალითად, ტაჯიკეთში, სადაც პოლიომიელიტის შემთხვევები დიდი ხანა აღარ ვლინდებოდა და ეს ქვეყანაც სერტიფიცირებულია, აღმოჩნდა, რომ 500-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. დაავადება ვიღაცამ შეიტანა, რომელსაც სრულიად შესაძლებელია არ ჰქონოდა გამოვლინებული, მაგრამ იყო მისი მტარებელი. ამის შედეგად 500-ზე მეტი ბავშვი ავად გახდა, აქედან 15 დაიღუპა. როგორც ჩანს, აცრების სრული მოცვა ქვეყანაში არ ჰქონდათ. მაგალითად, ჩვენთან შარშან პოლიომიელიტზე აცრების მოცვა 90%-ზე მეტი იყო. მაგრამ ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ბავშვების 10% აუცრელი დარჩა. წინა წლებშიც დაახლოები ასე იყო, ანუ ბავშვების 90% აიცრა. ჯამში კი ყოველწლიურად აუცრელი ბავშვების 10% თანდათან დაგროვდება და მათი რაოდენობა იმატებს.

თუ ქვეყანაში პოლიომიელიტის მტარებელი შემოვა და მას იმუნურად მოუმზადებელი ბავშვები დახვდება, შესაძლოა დაავადება აუცრელ ბავშვებში გავრცელდეს. ამიტომ, ჩვენ რომ ვამბობთ, მინიმუმ ბავშვების 95% მაინც უნდა აიცრას, სწორედ იმაზე გვაქვს გათვლილი, რომ დაავადება ისევ არ გავრცელდეს. რა თქმა უნდა აცრების მოცვა როდესაც 90%-ია, კარგი მაჩვენებელია, თუმცა სასურველია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლდა წელიწადში ბავშვების 95% მაინც იყოს აცრილი.

- რატომ არ ცრიან მშობლები ამ ბავშვებს?

- მათ გარკეული შეხედულება აქვთ იმუნიზაციაზე და ალბათ თვლიან, რომ საჭირო არაა, რაც მცდარი შეხებულებაა და ისინი პატარებს საფრთხეში აგდებენ. ჩვენდა საბედნიეროდ, ეს ქვეყანაში ისეთი პროგრამაა, რომელიც მთელი იმ წლების განმავლობაში, როდესაც ქვეყანა დანგრეული იყო, მაშინაც კი მუშაობდა. ახლა კი მითუმეტეს, დღევანდელი აცრების კალენდარით, რომელიც საქართველოში მოქმედეს, არ ვამბობ უკვე პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც კი ბევრს ვჯობივართ.

მაგალითად, ხუთკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც გასული წლის ბოლოდან დაინერგა, ძალიან ეფექტურია. მანამდე ბავშვებს იმუნიზაცია უკეთდებოდათ დიფთერია-ტეტანუსი-ყივანახველაზე. ახლა, ამ სამ კომპონენტს დაემატა ჰეპატიტი "ბე" და პლიუს ახალი ვაქცინა ჰეიოფილუს ინფლუენცია "ბე", რომლის მიკრობიც პნევმონიებსა და მენინგიტებს იწვევს. წლევანდელი წლიდან ბავშვები პოლიკლინიკებში უკვე ამ ვაქცინით იცრებიან, სრულიად უფასოდ. რაც უფრო მეტი ბავშვი აიცრება, არა მარტო ის იქნება დაცული დაავადებისგან, არამედ საზოგადოებასაც აღარ შეუქმნის საფრთხეს.

ამიტომ, განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო მშობლებს - ვის ბავშვსაც ეს აცრა გამოტოვებული აქვს, მიმართოს პოლიკლინიკას. ჩვენც ჩვენი მხრიდან დავალებული გვაქვს რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისთვის, აღმოაჩინონ ეს ბავშვები, რომლებიც აუცრელები არიან და კიდევ ერთხელ შესთავაზონ მშობლებს აცრების ჩატარება.

- საქართველო ყოველწლიურად იღებს სერტიფიკატს იმაზე, რომ ქვეყანა პოლიომიელიტისგან თავისუფალია. ანუ ჩვენთან ამ დაავადების შემთხვევები აღარ ვლინდება?

- რომ ვიძახოთ, შემთხვევები არ გვაქვს და ამაზე დაყრდნობით მივიღოთ სერტიფიკატი - ასე არ ხდება. ამას აქვს თავისი ინდიკატორი. ჩვენნაირი ქვეყნის მოსახლეობაზე, 100 ათას ბავშვზე ერთი შემთხვევა მაინც უნდა იპოვო ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული მწვავე-დუნე დამბლის. ეს შემთხვევა ვირუსოლოგიურად უნდა გამოიკვლიო და თუ ეს პოლიომიელიტი არაა, ესე იგი შენს სიტემას შეუძლია ნახოს შემთხვევა და დაადასტუროს, რომ ამ დაავადების შემთხვევა არ გვხვდება. საქართველოს მოსახლეობაზე, მაგალითად გამოდის, რომ ასეთი წელიწადში ყველაზე ნაკლები 8-9 ბავშვი უნდა ვიპოვოთ.

შარშან, მაგალითად, ასეთი 12 ბავშვი გამოვლინდა, რომლებსაც მწვავე-დუნე დამბლა ჰქონდათ და არცერთი არ იყო პოლიომიელიტით გამოწვეული. ეს დამბლა სხვა ვირუსმაც შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, ისევ ვიმეორებ, აუცრელი ბავშვების საფრთხე არსებობს, რაზეც ძალიან ვართ შეშფოთებულები.

- მაინც თუ ვლინდება ის დაავადებები, რომლებზეც იმუნიზაცია ტარდება?

- ფაქტობრივად დაავადებები, რაზეც იმუნიზაცია ტარდება, ქვეყანაში აღარ გვხვდება. შარშან დიფთერიის 3 შემთხვევა გამოვლინდა, შარშანწინ 7 შემთხვევა და არავინ გარდაცვლილა. წარმოიდგინეთ, რომ ისინი იყვნენ მოზარდები, ან ზრდასრულები, რომლებიც არ იყვნენ აცრილები. გახსოვთ ალბათ, წინა წლებში რა ამბავი იყო ატეხილი წითელა-წითურას მასობრივ აცრებზე. გეგმით საქართველოს მოსახლეობაში მილიონი ადამიანი მაინც უნდა აცრილიყო. აგორებული სკანდალის გამო კი ნახევარი მილიონი აიცრა.

წითელა მოსახლეობაში თითქოს ადვილ დაავადებათ ითვლება, თუმცა ასე არაა. შეიძლება 1000 დაავადებული ადამიანიდან ერთი მსხვერპლით დასრულდეს. შესაძლოა ბავშვს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დაუტოვოს გართულება. წითურა კი ორსულებისთვისაა განსაკუთრებით საშიში. შეიძლება ნაყოფი სიმახინჯეებით დაიბადოს. ამიტომ ვთავაზობდით, რომ აცრილიყვნენ გოგონები 26 წლის ასაკამდე. ისინი ორსულობის პერიოდში დაზღვეულები იქნებოდნენ ამ დაავადებისგან. სამწუხაროდ, ცნობილია ის საშინლი შემთხვევები, როცა ორსული წითურით ავადდება და იძელებული ხდება აბორტი გაიკეთოს. ახლა წელიწადში 50-დე წითელას და 80-მდე წითურას შემთხვევები გვაქვს, როცა შეგვეძლო, რომ ეს დაავადებები საერთოდ აგვეცილებინა თავიდან.

ქვეყანა მარაგდება ხარისხიანი ვაქცინებით და თუ რამოდენიმე წელიწადში ვინმეს ვაქცინამ რეაქცია მისცა, ეს უკვე ინდივიდუალურად ორგანიზმზეა დამოკიდებული. ჩვენთან საბედნიეროდ ეს უკიდურეად იშვიათია. წარმოიდგინეთ, ვიქცინაზე თუ მისცა ბავშვს ასეთი რეაქცია, დაავადება რომ შეხვდეს, როგორ დამძიმდება მისი მდგომარეობა.

- ქვეყანაში უკვე შემოსულია ე.წ. "ღორის გრიპის" საწინააღმდეგო ვაქცინა. დაიწყო თუ არა აცრები და ბავშვები შედიან თუ არა ასაცრელ ჯგუფებში?

- ვაქცინა შემოტანილია - საქართველოში 100 ათასი დოზაა და დანაწილებულია ყველა რაიონში. უნდა აიცრას მედპერსონალი და ვაქცინაციას ვთავაზობთ ორსულებს. ეს მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი - ანუ მედპერსონალისა და ორსულებისთვის. რაც შეეხებათ ბავშვებს, არც ისინი ითვლებიან მაღალი რისკის ჯგუფად. საბედნიეროდ, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მართალია ახალი გრიპი ბევრმა ბავშვმა გადაიტანა, მაგრამ ჩვეულებრივი გრიპივით, გართულებების გარეშე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ მშობლებს - უმთავრესია ბავშვები აცრან კალენდარული ვაქცინაციის მიხედვით, არ გამოტოვონ აცრები, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში საშიში ინფქციებით დაავადებას და მათ გავრცელებას. რაც მთავარია, თვითონ ბავშვები იქნებიან დაცულები.

ნინო ფრანგიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი