რამაზ საყვარელიძე - მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდეს, ადრეც უთქვამს - აი, მოვდივარო, მაგრამ მერე გვინახავს, რომ ადვილად შეუცვლია გეგმები

რამაზ საყვარელიძე - მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდეს, ადრეც უთქვამს - აი, მოვდივარო, მაგრამ მერე გვინახავს, რომ ადვილად შეუცვლია გეგმები

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებში შეშფოთებული ინტონაცია გაჩნდა, რაც მის შესაძლო დაკავებას უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საყვარელიძემ განუცხადა, გამორიცხული არაა სააკაშვილმა საკუთარი გეგმები შეცვალოს და 10 სექტემბერს უკრაინაში არ ჩავიდეს. ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, მიხეილ სააკაშვილის საერთო გეგმებში არსებითი ცვლილება მოსალოდნელი არაა, ვინაიდან ყოფილ პრეზიდენტს არ სურს, რომ მისი პერსონის მიმართ ინტერესი გაქრეს.

"მომეჩვენა, რომ შეშფოთებული ინტონაცია გაჩნდა მის კომენტარებში, რაც გამოქვეყნდა ამ დღეებში. ლაპარაკობს დაკავებაზე, როგორც შესაძლო მოვლენაზე, ოღონდ, რა თქმა უნდა, მიაჩნია, რომ არ დააკავებენ, რადგან წამგებიანია. ასევე, რა თქმა უნდა, საინტერესოა უკრაინელების ხელახალი შეკითხვა დაკავების თაობაზე. რაც შეეხება სააკაშვილის ნაბიჯებს, მეეჭვება, რომ მან არსებითად შეცვალოს საკუთარი გეგმები, რადგან საკმარისია ის, ასე ვთქათ, ბუჩქებში ჩაჯდეს, მისი პიროვნების მიმართ ინტერესი, რომლის გარეშეც უჭირს გაძლება, შეიძლება საერთოდ გაქრეს. ამიტომ მან რაიმე სახით მაინც უნდა გააგრძელოს უკრაინის ხელისუფლების ნერვებზე თამაში. თუმცა მეც მეეჭვება, რომ ამჟამად იმ ვადაში, რა ვადაც დათქმული აქვს, ჩავიდეს უკრაინაში. არაერთხელ გაუკეთებია ანალოგიური განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით - აი მოვდივარ, სხვა გზას მოვნახავ და ა.შ. მაგრამ მერე გვინახავს, რომ ადვილად შეუცვლია გეგმები. არც ახლა არის გამორიცხული გეგმების ცვლილება. მაგალითად, დატოვოს ვერსია, რომ ჩავალ სხვა დროს. დაკავება სერიოზული მოვლენაა მისთვის, რადგან თუკი გადმოსცეს საქართველოს, მას, როგორც ჩანს, არ აქვს იმის იმედი, რომ საქართველოში მისი ყოფნა კომფორტული იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."