შერმადინი სკანდალურ მატჩში გაჩემპიონდა

შერმადინი სკანდალურ მატჩში გაჩემპიონდა

საბერძნეთის საკალათბურთო ჩემპიონატი სკანდალური მატჩით დასრულდა. ათენის “პანათინაიკოსმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი იცავს, პირეოსის “ოლიმპიაკოსს” ფინალური სერია 3:1 მოუგო, თუმცა, ბოლო შეხვედრის დასრულება არ დასცალდა, რისი მიზეზიც მასპინძელი ქომაგების თავაშვებული საქციელი გახდა.

არადა, შეხვედრის დასაწყისი “ოლიმპიაკოსისთვის” ცუდს არაფერს მოასწავებდა. პირეოსელებმა პირველი მეოთხედი 19:12 მოიგეს, თუმცა, მეორე ათწუთეულში “ჩამოეძინათ” და 13:26 განადგურდნენ.

ათენელებმა უპირატესობა ხელთ მყარად იგდეს და მეტოქეს მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. აღნიშნულმა პირეოსელთა გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია და პირველმა ინციდენტმაც არ დაახანა.

მატჩის 26-ე წუთისთვის სტუმრები 50:42-ს იგებდნენ, როდესაც “ოლიმპიაკოსის” მთავარმა მწვრთნელმა იანაკის პანაიოტისმა წუთშესვენება აიღო, ტრიბუნებზე შეკრებილმა ფანებმა კი მოედანზე პეტარდებთან ერთად სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს.

თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახლდათ და მსაჯები გუნდებს გასახდელისკენ გაუძღვნენ. პაუზამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა, თუმცა, ამან მასპინძლები ვერაფრით ახეირა.

მოედანზე დაბრუნების შემდეგ, უპირატესობას ისევ “პაო” ინარჩუნებდა, პირეოსელთა ხსნა კი არსაიდან სჩანდა. აღნიშნულს “ოლიმპიაკოსის” ქომაგებიც კარგად ათვითცნობიერებდნენ, რის გამოც საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე (სტუმრები 76:69-ს იგებდნენ), მატჩი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ჩაშალეს.

ათენელებს ხსენებული ანგარიშით მოგება ჩაეთვალათ და ჩემპიონობას მარადიული მეტოქის სარბიელზე იზეიმეს, “ოლიმპიაკოსს” კი მკაცრი სასჯელი რომ არ ასცდება, ფაქტია.

სეზონის დასკვნით შეხვედრაში შერმადინმა სიმბოლური მონაწილეობა მიიღო. “პაოს” თავკაცმა ჟელკო ობრადოვიჩმა ქართველი კალათბურთელი 19 წამს ათამაშა, რა დროშიც ჩვენებურმა ერთი პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.

ათენელთა რიგებში საუკეთესო მაიკ ბატისტე გახლდათ, რომელმაც 20 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ათქულიან ზღვარს კი ვასილის სპანულისი (15) და ენდრიუ ნიკოლასიც (13) გადასცდნენ.

ცნობისთვის, “პანათინაიკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონობა ბოლო ცამეტ სეზონში მეთორმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიგო.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო