ნიკლას ბენდტნერი: "ნუ დაივიწყებთ, ფავორიტები ბევრჯერ რომ გაგვიმწარებია"

ნიკლას ბენდტნერი: "ნუ დაივიწყებთ, ფავორიტები ბევრჯერ რომ გაგვიმწარებია"

ლონდონის “არსენალის” დანიელმა ფორვარდმა ნიკლას ბენდტნერმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. სესკ ფაბრეგასის და ვან პერსის არყოფნაში იგი “მეთოფეთა” შეტევის ლიდერად იქცა.

პრემიერლიგის საფინალო მატჩებში ნიკლასმა 3 მეტად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რამაც არსენ ვენგერის გუნდს საბოლოოს მესამე საფეხურზე დამკვიდრების საშუალება მისცა. ბენდტნერი ნაკრებშიც კარგად ასპარეზობს. მუნდიალის შესარჩევ ციკლში სწორედ ნიკლასის გოლმა მოუპოვა ქულა დანიას პორტუგალიასთან დაპირისპირებისას, შვედებთან შეხვედრისას კი სწორედ ბენდტნერმა გაუკეთა საგოლე პასი პოულსენს.

სწორედ ამ გოლის წყალობით დანიელებმა ვადაზე ადრე გაინაღდეს სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება. გუშინწინ დანიელებმა ტესტ-მატჩი მუნდიალის მასპინძელთან ჩაატარეს. ბენდტნერს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და სწორედ უთამაშებლობის მიზეზზე დაუსვეს პირველი კითხვა დანიელ ფორვარდს.

- სამხრეთ აფრიკასთან ჩატარებულმა ტესტ-მატჩმა თქვენს გარეშე ჩაიარა. დანიელებმა მომავალი ტურნირის მასპინძლებთან 0:1 წააგეთ, თქვენი არყოფნა კი გუნდს უარყოფითად დაეტყო. რამდენად სერიოზული ტრავმა გაქვთ და რას ეტყვით დამაიმედებელს დანიელ გულშემატკივრებს?

- საზარდული მაწუხებს, მაგრამ ერთ კვირაში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვიქნები. ასე რომ, მომავალ ორშაბათს ჰოლანდიასთან აუცილებლად ვითამაშებ. ცოტათი სათამაშო პრაქტიკა მაკლია, მაგრამ, ვფიქრობ, ინტენსიური წვრთნა სასურველ შედეგს მომცემს.

- როგორი განწყობითა და იმედით ხვდებით მსოფლიოს ჩემპიონატს?

- ნებისმიერი მუნდიალი ფეხბურთის ზეიმია და გამონაკლისი არც მომავალი ტურნირი იქნება. ეს ზოგადად. დანიის ნაკრებს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა დავძლიოთ ჯგუფური ეტაპის ბარიერი. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენთვის ნამდვილი ტრაგედია იქნება. იმედია, მერვედფინალში გავაღწევთ, შემდეგ კი დანიისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ფლეი ოფის პირველ ეტაპზე, შესაძლოა, იტალიას გადავეყაროთ. “სკუადრა აძურა” მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ თუკი მუნდიალზე ჩვენი გზები გადაკვეთა, მარჩელო ლიპის გუნდი უნდა გვიფრთხილდეს.

- პირადად თქვენ რა მიზანს ისახავთ?

- დანიას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო და მუნდიალის საუკეთესო მეგოლე გავხდე (იცინის).

- სპეციალისტთა მტკიცებით, მორტენ ოლსენის განკარგულებაში არცთუ დიდი რაოდენობის მაღალი კლასის მოთამაშეა. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრავმიანობის თავიდან აცილებას. თქვენი პარტნიორები მზადყოფნაში ხვდებიან მუნდიალს?

- დანია დიდი ქვეყანა არაა, ამიტომაც ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცს ისეთი დიდი არჩევნის საშუალება არ აქვს, როგორიც მოსახლეობით ჩვენზე გაცილებით უფრო დიდ სახელმწიფოებს. ცხადია, საფეხბურთო ქვეყნებს ვგულისხმობ. თუმცა, არც ისეა საქმე, ოლსენი ძალიან შეზღუდული იყოს არჩევანში. თუკი ტურნირის მსვლელობისას ფეხბურთელებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები თავიდან ავიცილეთ, გარწმუნებთ, დანია შორს წავა. ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური მომზადებაც. საამისოდ ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ზრუნავენ.

- ქვეჯგუფში ჰოლანდიასთან, იაპონიასა და კამერუნთან მოგიწევთ შებმა. როგორ შეაფასებთ მათ შესაძლებლობებს?

- ყველაზე კარგად ჰოლანდიელ ფეხბურთელებს ვიცნობ. მათ სანაკრებო დონეზეც შევხვედრილვარ და საკლუბოზეც. ბენილუქსელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე რობინ ვან პერსი კი სულაც ჩემი თანაგუნდელია. მოკლედ, ჰოლანდიელთა შესაძლებლობები საყოველთაოდაა ცნობილი და ისინი სამართლიანად ითვლებიან მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტად. კამერუნელი და იაპონელი ფეხბურთელები ერთმანეთისგან ვიზუალურად განსხვავდებიან. აფრიკელები მაღლები და ფიზიკურად მძლავრები არიან, აზიელები კი შედარებით ტანმორჩილნი. სამაგიეროდ იაპონელები ძალიან სწრაფები არიან. ჯგუფურ სტადიაზე 3 მოწინააღმდეგესთან გვიწევდა დაპირისპირება და სამივენი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. კამერუნთანაც და იაპონიასთანაც ურთულესი პაექრობები გველის, აღარაფერს ვამბობ ჰოლანდიაზე.

- მუნდალის ფავორიტებთან შედარებით დანიის ნაკრების შანსი როგორ გამოიყურება?

- რეალისტები ვართ და მშვენივრად გვესმის, მიზნად მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება ნაკლებად რეალური რომაა. ზემოთაც მოგახსენეთ, მოსახლეობით პატარა ქვეყანა რომ ვართ. ძნელია, 5-მილიონიანმა დანიამ ჯეროვანი კონკურენცია გაუწიოს თუნდაც გერმანიასა და ბრაზილიას. მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ფავორიტები არაერ¬თხელ რომ გაგვიმწარებია (ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალში დანიამ სწორედ გერმანიას სძლია-რედ) და რატომ არ უნდა შევეცადოთ ამის გაკეთებას სამხრეთ აფრიკაშიც?

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო