ლოთარ მათეუსი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა ჩემპიონი, ბუნდესლიგის შვიდგზის გამარჯვებული და სერია A-ს ჩემპიონი, ორჯერ უეფას, სამჯერ კი გერმანიის თასების მფლობელი,
5 მუნდიალის მონაწილე, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე სარეკორდო რაოდენობის, 25 მატჩის მონაწილე, ევროპის პირველობების დასკვნითი სტადიის ოთხგზის მონაწილე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების რიგებში ჩატარებული 150 შეხვედრის მქონე მოთამაშე, მომავალ მსოფლიოს პირველობაზე “ალ ჯაზირას” მიმომხილველად იმუშავებს. ალემანთა ლეგენდარული ფეხბურთელი, ფიფა-ს ოფიციალურ საიტთან საუბრისას საკუთარ პოზიციასა და თვალსაზრისს გვიზიარებს.
- რამდენიმე დღის წინათ, ტელეკომპანია “ალ ჯაზირასთან” კონტრაქტი გააფორმეთ, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმომხილველად იმუშავებთ. სამომავლოდაც მედიასთან თანამშრომლობას აპირებთ?
- ეს ჩემი პირველი ხელშეკრულება არაა ტელევიზიასთან. თქვენი კითხვა კი ამგვარად გავიგე, მწვრთნელობაზე უარის თქმას ხომ არ ვაპირებ. არავითარ შემთხვევაში, ოღონდ შესაფერისი წინადადების მოლოდინით ვარ. რამდენიმე კლუბი და ნაკრები შემეხმიანა, მაგრამ მათმა პირობებმა არ დამაკმაყოფილა. მოთმინებით ველი მომდევნო შეთავაზებას.
- თქვენმა ყოფილმა გუნდმა მილანის “ინტერმა”, ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. “ნერაძურის” მთავარი მწვრთნელის პოსტი, ჯერჯერობით ვაკანტურია. “ინტერის” ხელმძღვანელობიდან, რომელიმე ხომ არ შეგხმიანებიათ?
- ყველაზე მეტად “ინტერსა” და “ბაიერნს” ვთვლი “ჩემს” გუნდებად, ამიტომაც, მოხარული გახლდით, ფინალში ამ ორმა კლუბმა რომ გააღწია. “ნერაძურის” დიდ წარმატებას ვულოცავ. ამ კლუბის სათავეში ახალი ბორდი მოვიდა, რომელთა უმრავლესობა მიცნობს. ამის მიუხედავად, რეალისტი ვარ და ვიცი, ჩემი “ინტერის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში რომ არ დადგება.
- მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატის სტარტამდე რამდენიმე დღე დარჩა. რას ელით სამხრეთ აფრიკის ტურნირისგან?
- მუნდიალისგან ფეხბურთის ჭეშმარიტ ზეიმს ველი. ღრმად მწამს, ტურნირი მილიარდობით გულშემატკივრის იმედს გაამართლებს. ბევრს ეჭვი ეპარება, რომ ორგანიზატორები თავიანთ საქმეს თავს უნარიანად გაართმევენ, მე კი საპირისპირო მგონია, თანაც, სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. ეს კი, წარმატებული მსოფლიოს ჩემპიონატის გარანტიაა.
- მუმდიალის მონაწილეთა შორის იოაჰიმ ლიოვის გუნდიცაა. რამდენადაა მზად გერმანიის ეროვნული გუნდი მაღალი მიზნის გადასაჭრელად?
- ჩემთვის, ამაზე საუბარი ძნელია. მე ხომ მოსამზადებელ პროცესში ჩახედული არ ვარ და გადაჭრით რაიმეს მტკიცება, ჩემი მხრიდან არაპროფესიული ნაბიჯი იქნებოდა. უარყოფითი კი ისაა, რომ ბუნდესთიმს მიხაელ ბალაკი დააკლდა და ნაკრებს მიუნხენის “ბაიერნის” მოთამაშეები გვიან შეუერთდნენ.
- ბალაკის გარეშე, გუნდის წარმატებით გამოსვლის შანსი შემცირდა?
- მიხაელის არყოფნა, კარგი, რასაკვირველია, არაა, მაგრამ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. გუნდში მოთამაშეთა გადაადგილება მოხდება, რაც არსებულ “იერარქიას” შეცვლის. ვინ იცის, იქნებ, სასიკეთოდაც... ყოველივე აქედან გამომდინარე, ბალაკის არყოფნა, შესაძლოა, დადებითი მომენტიც კი გახდეს.
- ბუნდესგუნდს ნომერ პირველი მეკარე რენე ადლერიც დააკლდება. რამდენად მძიმე გამოდგება მისი არყოფნა?
- მუნდიალზე ადლერის უთამაშებლობას ჩვენი ნაკრებისთვის ბალაკის დანაკლისზე ნაკლებად საზიანოდ ვთვლი მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევ ციკლში ადლერმა ბრწყინვალედ ითამაშა და განსაკუთრებით რუსეთთან მატჩს გამოვყოფდი. გერმანიას გოლკიპერის პოზიციაზე არ უჭირს და ლიოვს არჩევანის საშუალებაც აქვს. ადლერის დამტვრევამდე, ნაკრების მეორე და მესამე ნომერი მეკარეები მანუელ ნოიერი და ტიმ ვიზე იყვნენ. აქედან გამომდინარე, ძირითადი გოლკიპერი ნოიერი უნდა გახდეს. ამასთან, ვიზესა და იორგ ბუტის ოსტატობისა და გამოცდილების არგათვალისწინებაც არასწორია. მაინც ნოიერისკენ ვიხრები. დარწმუნებული ვარ, მცველებთან ერთად, მანუელი საიმედო უკანა ხაზს შექმნის.
- რამდენად გამართლებულად თვლით ნაკრების კაპიტნად ფილიპ ლამის დანიშვნას?
- კაპიტნის პოსტზე ლამს მიხაელ ბალაკის საუკეთესო შემცვლელად ვთვლი. ერთადერთი, რაც მაფიქრებს ისაა, რომ ლამი განაპირა მცველია და მატჩების მსვლელობისას, მინდვრის შუაგულში ნაკლებად ჩნდება ხოლმე. ამის მიუხედავად, ორივე ხელით ვემხრობი ფილიპის კანდიდატურას. ის კონტაქტური ადამიანია. კარგი დამოკიდებულება აქვს უკლებლივ ყველა თანანაკრებელთან, მწვრთნელებთან, გერმანიის საფეხბურთო კავშირის წევრებთან, პრესის წარმომადგენლებთან. ლამს ყველა პატივს სცემს, განსაკუთრებით კი, “ბაიერნის” ფეხბურთელებს უყვართ. ეს, ფრიად მნიშვნელოვანია.
- გერმანიამ, 2006-ის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა, ავსტრია-შვეიცარიის კონტინენტის პირველობაზე კი, ფინალამდე გააღწია. გაგრძელდება გერმანელთა წარმატებული სვლა მნიშვნელოვან ტურნირებზე?
- გულახდილები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ მაღალი კლასის შემსრულებლების ნაკლებობას განვიცდით. გერმანულ ფეხბურთში, ამგვარი მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წელია გრძელდება. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი რიდი წამყვან საფეხბურთო ნაკრებებს მაინც აქვთ, დავამატოთ ამას მონდომება და გამოცდილება და თავისუფლად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ მინიმუმ, მეოთხედფინალამდე გავაღწევთ. დანარჩენი, უკვე სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომელთაგან უმთავრესი, გამართლებაა.
- ჩემპიონობის მოპოვების უმთავრეს კანდიდატებად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?
- ევროპის ჩემპიონ ესპანეთს, კონფედერაციათა თასის გამარჯვებულ ბრაზილიას და დიეგო მარადონას არგენტინას. ამ სამ ნაკრებში, პრაქტიკულად, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებია თავმოყრილი. ურიგო მოთამაშეებით არც ჰოლანდიაა დაკომპლექტებული, მაგრამ ბენილუქსელები 1974 და 1978 წლების მუნდიალების შედეგს ვერ გაიმეორებენ. ჰოლანდიას გუნდურ თამაშს ვუწუნებ.
- მუნდიალების ისტორიაში პირველად იასპარეზებს 6 აფრიკული ნაკრები. რას უნდა ველოდოთ “შავი კონტინენტის” წარმომადგენელთაგან და მათი ემოციური და ხმაურიანი გულშემატკივრებისგან?
- აფრიკელთაგან, ყველაზე სუსტი შემადგენლობა სამხრეთაფრიკელებს ჰყავთ, სამაგიეროდ, მათი დამრიგებელი კარლოს ალბერტო პარეირა, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და “ბაფანა ბაფანას” გულმხურვალე ქომაგობა გარანტირებული ექნება. სამხრეთ აფრიკა ჯგუფური ეტაპის ბარიერს დაძლევს, რაც მათთვის წარმატებად უნდა შეფასდეს. უფრო მეტს ველი სხვა აფრიკული ნაკრებებისგან, რომელთაგან ერთ-ერთი, ნახევარფინალამდე მივა. საერთოდაც, მუნდიალზე რამდენიმე სიურპრიზის მომსწრენი შევიქმნებით.