ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი ბირთვული პროგრამის განხილვაზე უარს იტყვის, თუ გაეროს უშიშროების საბჭო თეირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას გადაწყვეტს , - ამის შესახებ ”ბი-ბი-სი” იუწყება.
”უკვე ვთქვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ შეძლებენ რეზოლუციის ქნევას და შემდეგ ჩვენთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან. ასეთი რამ არ მოხდება”, - განაცხადა ახმადინეჯადმა სტამბულში, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
”ჩვენ ვისაუბრებთ ნებისმიერთან, თუ მოლაპარაკებები იქნება სამართლიანი და მხარეები ერთმანეთის მიმართ პატივისცემით იქნებიან განწყობილნი. მაგრამ თუ ვინმეს უხეში საუბარი სურს დომინირებული პოზიციიდან, მათთვის ჩვენი პასუხი დიდი ხანია ცნობილია”, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
გაეროს უშიშროების საბჭო მორიგი კონსულტაციების გამართვას დახურულ კარს მიღმა დღეს გეგმავს. სხდომაზე მეოთხე რეზოლუციის მიღებაზე იმსჯელებენ, რომელიც ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. გუშინ გამართულ საბჭოს სხდომაზე საბჭოს 15 წევრმა ერთობლივ გადაწყვეტილებაზე შეთანხმება ვერ მოახერხა.