საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო. დაკავებულები - სოსო გურული, ზურაბ ბერიაშვილი და პაატა დევიძე მომდევნო სასამართლო სხდომის გამართვამდე დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლემ სხდომა დაკავებულების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადადო. როგორც დაკავებულები აცხადებენ მათ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.
"გუჯა ჯღარკავამ და სუს-მა დამაკავა. პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი იქცეოდა გამომწვევად, ისინი აქციის მონაწილეებს აგინებდნენ. დაკავების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს", - განაცხადა ზურაბ ბერიაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს.