რა უჩვეულო დავალებებს აძლევენ სასწრაფოს ექიმებს პაციენტები

რა უჩვეულო დავალებებს აძლევენ სასწრაფოს ექიმებს პაციენტები

როგორც აღმოჩნდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პაციენტები ზოგჯერ სასაცილო მიზეზებითაც რეკავენ. სტატისტიკის თანხმად, ხშირ შემთხვევაში ნევროზის მქონენი აკეთებენ ე.წ. ფუჭ ზარს, თუმცა ეს დაავადება არა მარტო მოხუცებს, ბევრ ახალგაზრდასაც აწუხებს. ”033”-ის ექიმი მანანა იაშვილი 32 წლის განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკიდან რამდენიმე უჩვეულო პაციენტების შესახებ მოგვითხრობს.

- ჩვენი სამსახური წარმოუდგენელია კურიოზების გარეშე. გვყავს ერთი ნევროზიანი პაციენტი 23-24 წლისაა, შაკო. რამდენიმე ბინა აქვს და სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა გვარით იძახებს სასწრაფოს. როცა მასთან ავდივართ, არაფერს გვთხოვს, უბრალოდ, ჩვენი დანახვა უნდა ხოლმე. წამალს მიიღებს, დაწყნარდება და წასვლას გვთხოვს (იცინის).

- მაღალსართულიან კორპუსებში თუ აწყდებით კურიოზებს?

- ერთ-ერთი გამოძახებისას მისამართი შეგვშლია, სულ სხვა კორპუსის ლიფტში სართულსა და სართულს შორის გავიჭედეთ. როგორც იქნა დავურეკეთ დისპეტჩერს. მან საპატრულოში დარეკა და ცოტა ხანში ორმა ახალგაზრდა პატრულმა ლიფტის კარი გააღო და სერიოზული სახით გვკითხა, თქვენზე თქვეს, ლიფტში გაიჭედნე და მართალიაო? (იცინის). ჩვენ საცოდავი სახეებით ვუყურებდით ლიფტიდან.

ხშირად პაციენტებთან რომ ავდივართ, შეიძლება ლიფტით ვიყოთ ასასვლელი. თუ ხურდა არ გვაქვს, რადგან დღეში მინიმუმ ორი ლარი მაინც გვჭირდება, პაციენტის ახლობლებს ვთხოვთ, ხურდა არ გვაქვს და იქნებ აგვაცილოთ-თქო. ჩამოსვლის შემდეგ ისინი ჩვენ გვთხოვენ ხოლმე ხურდას (იცინის). ჩასვლის დროსაც გვეუბნებიან, თუ კიდევ გამონახავთ ხურდას, გაგაცილებთო (იცინის).

- ფუჭ გამოძახებებზე რას გვეტყვით?

- ერთი კურიოზი ჩემს მეგობარს შეემთხვა. მთელი დღის ნამუშევარს გამოძახებაზე წასვლა ღამის სამ საათზე მოუხდა. გამოძახების ადგილზე რომ მივიდა, დაინახა, მოხუცებული ქალბატონი საწოლში წევს. ქალბატონო, რა გაწუხებთ, ჰკითხა ჩემმა მეგობარმა, სიმართლე რომ გითხრა, შვილო, მაინცდამაინც არაფერი, რაღაც ვერ ვიძინებო (იცინის). ჩემმა მეგობარმა ეს რომ გაიგო, მიუახლოვდა და უთხრა, ახლავე რაიმე სერიოზული მიზეზი მოიგონეთ, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებო (იცინის).

- გამოძახებების რაოდენობა როდის მატულობს?

- წელს განსაკუთრებით ზამთარი გამოირჩეოდა. ე.წ. ღორის გრიპით დაშინებული ადამიანები გვიძახებდნენ. თუ ადამიანს ერთი წამოახველებდა, მაშინვე ეს ვირუსი ეგონათ და ერთი შეხედვით გვთხოვდნენ დიაგნოზის დასმას, ყოველგვარი ანალიზების გარეშე. არადა, ამ გრიპის გასაგებად ჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უნდა გართულდეს, მერე უნდა გადაიყვანონ პაციენტი საავადმყოფოში და სამი დღის მერე უნდა დაისვას დიაგნოზი.

- სიკვდილის პირას მისული პაციენტი თუ გადაგირჩენიათ?

- ერთი პაციენტი გვყავდა, გულის შეტევა ჰქონდა, კვდებოდა. ჩვენ ერთ-ერთმა შვილმა გამოგვიძახა. თურმე ამ ქალბატონს სხვა შვილებიც ჰყოლია. მათთვის დაურეკავს დედასთან ერთად მცხოვრებ ქალს და უთქვამს, დედათქვენი მოკვდაო. ჩვენ გავუკეთეთ ქალბატონს, რაც საჭირო იყო და კარგად გახდა, წამოსვლას რომ ვაპირებდით, შემოცვივდნენ შვილები, ატყდა წივილ-კივილი, ერთ-ერთმა მოხუცებული იმდენად შეაწუხა, თვალი გაახილა და უთხრა, კარგად ვარ, შვილო, ნუ გეშინიაო. ვერ აღგიწერთ, რა დაემართა ამ დროს შვილს (იცინის).

- პატარა ბავშვებთან არ გქონიათ გამოძახება?

- მყავდა ერთი ექთანი, რომელიც კარგად მღეროდა. თავისუფალ დროს თუ გამოვნახავდით, დავსხდებოდით და ვმღეროდით. ერთხელაც ერთ მისამართზე პატარა ბიჭუნა დაგვხვდა მაღალი სიცხით. გავსინჯეთ, გავუკეთეთ სიცხის დამწევი საშუალება და ველოდებოდით კრუნჩხვა არ დამართნოდა, იქვე კედელზე შევნიშნეთ გიტარა, ჩამოვიღეთ, დავუკარით და ეს პატარა სიმღერით მთლიანად გამოვაჯანსაღეთ (იღიმის).

- პაციენტებს არასამედიცინო სურვილებით არ დაურეკავს?

- კი, რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ. ზოგიერთი გვირეკავს და გვთხოვს, ავადმყოფი დედა ან მეუღლე საწოლიდან გადმოვარდა და მომეშველეთ, საწოლში ჩამაწვენინეთო. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ეს ამბავი იყო. ერთი პაციენტი გვყავდა, ელეონორა მაჭავარიანი, ძალიან ხშირად გვიძახებდა. ერთხელაც ავედით და გვითხრა, პური ვერავის მოვატანინეო, ვუთხარი მოგიტანთ თუ გნებავთ-მეთქი. არა, თქვენ როგორ შეგაწუხებთო, ისე მჭადის ფქვილი, კი მაქვს, მაგრამ ვინ გამომიცხობსო, მე ისე შევთავაზე, რა ვქნა, ქალბატონო ელეონორა თუUგინდათ გამოგიცხობ-მეთქი. თუ მაგ სიკეთეს გააკეთებ, ღმერთი გაგახარებსო. მეც რა უნდა მექნა, სასწრაფოდ გამოვუცხვე მჭადები, ეს რომ არ გამეკეთებინა, მთელი დღე გამოიძახებდა სხვადასხვა ბრიგადას, უკან რომ ვბრუნდებოდი, კიბეზე ჩემთვის მეცინებოდა, იმის ნაცვლად, რომ პაციენტისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამეწია, სასწრაფოდ მჭადები გამოვუცხვე (იცინის).

- ასეთი მოთხოვნები მხოლოდ მარტოხელა ქალბატონებს აქვთ?

- არა, მამაკაცებსაც, გამოგვიძახეს, კაცი გახდა ცუდადო, მთელი ბრიგადა გავეშურეთ. სახლში რომ ავედით, საკმაოდ სიმპათიური შუახნის კაცი დაგვხვდა ჩაფიქრებული. ცოტა დავიბენით, მერე ვკითხეთ, რა გაწუხებთ, ბატონო? გვიპასუხა, სასწრაფოდ მიშოვეთ სამსახური, თორემ ვიღუპებიო (იცინის) პირდაღებული ვუყურებდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა.

ნონა ვაშაყმაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი