გალელებისთვის "ბინადრობის მოწმობების" დარიგება გრძელდება - რა შეზღუდვებს უწესებს დოკუმენტი ადგილობრივებს

გალელებისთვის "ბინადრობის მოწმობების" დარიგება გრძელდება - რა შეზღუდვებს უწესებს დოკუმენტი ადგილობრივებს

"სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ "ბინადრობის მოწმობა" არ ავიღეთ, გალს იქით ვერ წავალთ", - ასე ეხმიანებიან გალის რაიონის მაცხოვრებლები ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესს. დოკუმენტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა გათვლილი და ხუთწლიანი ვადა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის გარეშე ადგილობრივებს საკუთარი ეზოს იქით წასვლის უფლება არ ექნებათ, მის აღებაზე, იქ მცხოვრები ქართველების ნაწილმა მაინც პრინციპული უარი განაცხადა.

"ეს ჩემი სახლია, 78 წლის კაცი ვარ, მარტო მე კი არა, ბაბუაჩემი და მისი წინაპარიც კი, აქ დაიბადნენ და აქ დაიხოცნენ, ახლა კი მეუბნებიან, რომ 5-წლიანი ნებართვა უნდა ავიღო, რატომ?.. 5 წელი, ალბათ არც კი დამრჩენია და როგორმე ისევ გავლევ ამ დროს, მათთან მისვლა არ დამჭირდეს", - ამბობს საბერიოს მკვიდრი მოხუცი.

ადგილობრივების თქმით, მათ "ბინადრობის მოწმობის" აღება კიდევ ერთი მიზეზის გამო არ უნდათ, - ის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის დოკუმენტი, არაერთ შეზღუდვას გულისხმობს. ასევე, გალის რაიონში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ალტერნატიული საბუთი შემოიღონ, რაც ერთგვარი შეღავათი იქნება.

"თუ რამე შეღავათი არ დაგვიწესდება, ადგნენ და გაგვასახლონ, მაინც არაფერი იქნება აქ, ხოჭომ შეგვჭამა, სახლში მასთან ერთად ვცხოვრობთ და გვძინავს. ასეა მთელი აფხაზეთი და ვერაფერი უშველეს. ახლა, როგორც კი აცივდა, ციტრუსს შეესია, სათბურებში, ბეღლებში, საქონლის სადგომებში დაბინავდნენ... ალტერნატიული საბუთის შემოღებაზე, მხოლოდ ვარაუდით საუბრობენ და ვნახოთ, რა იქნება", - ამბობს გალის მკვიდრი 64 წლის მევლუდი...

რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ 5-წლიან დოკუმენტს, აღნიშნული საბუთით არ შეიძლება გქონდეს პირადი ქონება; ასევე, მის მფლობელს არ აქვს უფლება ფლობდეს უძრავ ქონებას, არ შეუძლია მისი გაყიდვა და სხვა.

"ფაქტობრივად, სტუმრებივით ვართ, რომელიმე უცხო ქვეყანაში თან რომ ცხოვრობ და აი ისე, თან ხელში წასასვლელი ბილეთი რომ უნდა გეჭიროს. ამიტომ, ბევრი იკავებს თავს მისი აღებისგან. აფხაზური მხარეც ჯერ მთლად იარაღით არ გვაიძულებს ამის გაკეთებას, მაგრამ გარკვეული გაფრთხილებები და მინიშნებებია... თუმცა, არ ვიცით, ასე როდემდე გაგრძელდება", - ამბობს გალელი ქალბატონი, 53 წლის მარინა.

ბინადრობის მოწმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. ის იძლევა აფხაზეთში გადაადგილებისა და მის "საზღვრებს" გარეთ, მათ შორის, საქართველოში გადაადგილების საშუალებას, რაც მათ (გალელებს) ძალიან აწუხებთ.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ბინადრობის მოწმობასთან ერთად ზაფხულში დაიწყო ახალი ე. წ. აფხაზური პასპორტების გაცემაც, თუმცა, ის საქართველოს მოქალაქეებზე არ არის გათვლილი. ამასთანავე, პარალელურად ივნისიდან შეწყდა ე.წ. ფორმა ნომერი ცხრის გაცემა, რომლითაც პასპორტის არმქონე მოქალაქეები ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებას ახერხებდნენ.

ამჯერად გალის ადმინისტრაცია მანამდე გაცემული, ე.წ. ფორმა ცხრის ვადას, ორი თვით მხოლოდ იმ შემთხვევაში ახანგრძლივებს, თუ მოქალაქე ბინადრობის მოწმობაზე განაცხადს შეავსებს. ბინადრობის მოწმობის აღების შემდეგ, "ფორმა ცხრას" გააუქმებენ.

"ბინადრობის მოწმობის აღება ფასიანია, ეროვნული ვალუტით 40 ლარი ღირს, თუმცა, მოგანიჭებენ თუ არა, ის მაინც უნდა აიღო", - ამბობენ გალელები.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის 30 მარტს მიიღო ე.წ კანონი, რომელიც რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. ეს გადაწყვტილება, ძირითადად, გალის რაიონს ეხებოდა, რადგან აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გალის მაცხოვრებელთა უმრავლესობას ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა არ გააჩნია და წლების განმავლობაში სამართლებრივი სტატუსის არქონის მიზეზით ე. წ. არჩევნებშიც ვერ მონაწილეობდნენ.

გალის დე ფაქტო საპასპორტო-სავიზო განყოფილების უფროსის, ედუარდ მანარღიას თქმით, მითია ის, რომ ბინადრობის მოწმობის მქონე ადგილობრივები "ენგურის საზღვარს" ვერ გადაკვეთენ.

"ამის შესახებ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება და ყველას ავუხსენით, რომ ბინადრობის მოწმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. მისი საშუალებით, აფხაზეთში და მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის, საქართველოს რესპუბლიკაში გადაადგილება შეიძლება, რაც ასე აწუხებთ გალელებს. ბინადრობის მოწმობის ნიმუშები უკვე გადაეცათ მესაზღვრეებს და ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ", - აცხადებს მანარღია, რომლის თქმითაც, იმისათვის, რომ მოქალაქემ მიიღოს ბინადრობის მოწმობა, აფხაზეთში მცხოვრებად 1995 წლიდან უნდა ფიქსირდებოდეს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?