სანდრო მაცოლა: "მუნდიალებზე ყველაზე გამორჩეული ფიგურა გარინჩა იყო"

სანდრო მაცოლა: "მუნდიალებზე ყველაზე გამორჩეული ფიგურა გარინჩა იყო"

სანდრო მაცოლამ მილანის "ინტერში" გატარებული 17 წლის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო (1962/63, 1964/65, 1965/66, 1970/71), ორჯერ ჩემპიონთა თასსა (1963/64, 1964/65) და საკონტინეტთაშორისო თასს დაეფლა, ხოლო 1964/65 წლებში იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კარიერის განმავლობაში, ის მხოლოდ მილანელთა ღირსებას იცავდა (1960/77) და გუნდის რიგებში ჩატარებულ 416 შეხვედრაში 116 გოლი გაიტანა. იგი, 11 წელიწადი (1963-1974) გამოდიოდა იტალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში და 70 მატჩში მეტოქის კარი 20-ჯერ აიღო.

ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე (1966, 1970 და 1974) ითამაშა და 1970-ში ვერცხლის მედლებიც მოიპოვა. დღესდღეობით, ის იტალიური ტელეარხ RAI-ზე კომენტატორად მუშაობს და სამხრეთ აფრიკის მუნდიალიდან ტელერეპორტაჟებსაც გაუძღვება.

თუმცა, მანამდე ლეგენდარული იტალიელი მუნდიალებზე იტალიის ნაკრებთან ერთად თავის გამოსვლას იხსენებს.

სანდრო მაცოლა: "პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე 1966 წელს ვითამაშე. ინგლისში გამართულ ტურნირზე ჩვენს ჯგუფში საბჭოთა კავშირი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა და ჩილე მოხვდნენ. პირველივე შეხვედრაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩემი ერთადერთი გოლი გავიტანე. ჩილესთან მატჩის მე-8 წუთზე, ფლანგიდან გადაცემა მივიღე და საჯარიმოს მისადგომებიდან მეტოქის კარის კუთხეში ზუსტად დავარტყი. საკმაოდ იოლი გამარჯვების (3:0) შემდეგ, ვიფიქრეთ, რომ ჯგუფიდან გასვლა გავინაღდეთ, მაგრამ ასეთმა განწყობამ ცუდი საქმე გაგვიკეთა. მომდევნო შეხვედრაში საბჭოთა კავშირთან დავმარცხდით (0:1), ხოლო კორეელებთან მატჩი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. ის შეხვედრაც წავაგეთ (0:1) და ჯგუფიდან ვერ გავედით".

- სამაგიეროდ ოთხი წლის მერე იტალიის ნაკრები ფინალში გავიდა...

- 1970 წელს მექსიკაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გუნდი უფრო გაძლიერდა - ჩვენ ხომ 1968 წელს ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. თუმცა, არ დაგიმალავთ და თავად არ ველოდით, რომ ფინალში გავიდოდით.

- თქვენ ხომ ევროპის ჩემპიონები იყავით!

- სამაგიეროდ, მანამდე 30 წლის განმავლობაში იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. თითქოს, ვინმეს მიერ დაწყევლილები ვიყავით. ამიტომ, ტურნირისთვის მთელი სერიოზულობით ვემზადებოდით. წარმოიდგინეთ, მექსიკაში პირველი ოფიციალური მატჩის გამართვამდე 20 დღით ადრე ჩავედით. თუმცა, თამაში მაინც ძნელად გამოგვდიოდა. მეორე ტურში ურუგვაისთან ნულოვანი ფრის შემდეგ, ჩვენზე გახვრეტილ გროშსაც არავინ ჩამოვიდოდა ფსონს. თუმცა, ჯგუფიდან მაინც გავედით, ვითამაშეთ რა ფრედ (0:0) ისრაელთან ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში.

მატჩის შემდეგ კი, ძალიან სახალისო ისტორია მოხდა. ჩვენ ახალი ფილმის სანახავად ვაპირებდით წასვლას, რომელზეც ყველა საუბრობდა. უკვე არ მახსოვს რა კინოსურათი იყო. ბუნებრივია, წამოსვლა სამწვრთნელო შტაბსაც შევთავაზეთ, მაგრამ ზრდილობიანი უარი მივიღეთ. ცხადია, მიზეზს ვერ მივხვდით, მაგრამ ამ დროს გუნდის ექიმი მოვიდა, რომელმაც შემდეგი გვითხრა: "ჩვენ გვეშინოდა, რომ დღეს ნაკრებს ფილმებისთვის არ ეცლებოდა. ამიტომ, კინოში ჯერ კიდევ გუშინ ვიყავით". სამწვრთნელო შტაბსაც კი, არ სჯეროდა, რომ ფლეი-ოფში გავიდოდით.

- რთული წარმოსადგენია...

- მხოლოდ ნახევარფინალში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ, მივხვდით, რომ მსოფლიო თასის მოგება შეგვეძლო. მართლაც, ფინალური მატჩის დღეც დადგა. ორივე გუნდი განლაგდა პირითი ხაზის გასწვრივ, სტადიონი ემოციების მოზღვავებისგან შეშლილი იყო და წუთი-წუთზე ჰიმნების შესრულება უნდა დაწყებულიყო. პირველი ჩვენი მეტოქის ჰიმნმა გაიჟღერა და გაოცებული ვიყავით, რომ თითოეული ბრაზილიელი მას ზეპირად მღეროდა. ჩვენი დრო რომ დადგა და ნაცნობმა მუსიკამ გაიჟღერა, არცერთს გვიმღერია. ყველა მიწაში ჩარჭობილებივით ვიდექით.

ეს რამდენიმე წამი გაგრძელდა, რის შემდეგ გუნდის კაპიტან ჯაჩინტო ფაკეტის მივმართე: ალბათ, ბრაზილიელები ფიქრობენ, რომ თუ სიმღერაც კი არ ვიცით, მაშინ მოედანზე საერთოდ ვერაფერს გავაკეთებთ. ამის შემდეგ ჰიმნის შესრულება დავიწყეთ. მართალია, საშინლად გამოგვივიდა, მაგრამ ეს მაინც გავაკეთეთ.

- იმ შეხვედრაში ბრაზილიელებმა არა მხოლოდ იმღერეს თქვენზე უკეთესად...

- ერთი საათის განმავლობაში მეტოქეს ტოლსწორად ვეთამაშეთ. თუმცა, მეორე გოლი რომ გავუშვით, ხელები "ჩამოვყარეთ". ყველას ესმოდა, რომ ბრაზილიის საუცხოო ნაკრების დამარცხება შეუძლებელი იყო. საბოლოოდ, 1:4 დავმარცხდით.

- საინტერესოა, იმ პერიოდში იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს რა პრემიალურ თანხას უხდიდნენ...

-…1966 და 1974 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე არავითარი პრემიალური არ მიგვიღია. თუმცა, გვეკუთვნოდა. გუნდს ბონუსებს მხოლოდ ძალიან წარმატებული გამოსვლის შემდეგ უხდიდნენ. ერთადერთხელ პრემიალური თანხა 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მივიღეთ, როდესაც ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. თითოეულს 3 მილიონი ლირა (დაახლოებით 1500 ევრო-რედ.) მოგვცეს. ამ თანხით ავტომანქანის ყიდვა შეიძლებოდა.

- თუმცა, მომდევნო, მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატზე იტალიამ მორიგი "ჩავარდნა" განიცადა...

- ჩვენი ნაკრების შემადგენლობა სანახევროდ ვეტერანებისგან, ხოლო სანახევროდ ახალგაზრდებისგან შედგებოდა. თითოეული დაჯგუფება ცდილობდა თავი რაც შეიძლება უკეთესად წარმოეჩინა, ამიტომ, ერთიანი კოლექტივი არ ვიყავით და გამარჯვება შეუძლებელი იყო. თუმცა, გერმანიაში ჩატარებული ჩემპიონატი სხვა რამით დამამახსოვრდა – ის მთელი ფეხბურთისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სახლში დაბრუნებული მივხვდი, რომ თამაში კარდინალურად შეიცვალა. "ტოტალური ფეხბურთის" ეპოქა დაიწყო და მეტოქის ორი ნომერი შესაძლოა შენს კართან აღმოჩენილიყო, ხოლო "ათიანს" დაცვაში დაეხია და მეტოქეს საკუთარ საჯარიმოსთან შეხვედროდა. მართალია, ჰოლანდიელები ფინალში გერმანელებთან დამარცხდნენ (1:2), მაგრამ მათ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს. "ნარინჯისფერებმა" მსოფლიოს თამაშის სულ სხვა ვარიანტი შესთავაზეს, რომლის დროსაც, მეკარის გარდა, ყველა ფეხბურთელი გოლის გასატანად გარბოდა და თავსაც მთელი გუნდი იცავდა.

- 1974 წლის ფორმაციის იტალიის ნაკრებში, ერთ-ერთი საუკეთესო, ინგლისის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო იყო. გაიხსენეთ მისი სათამაშო თვისებები...

- ფაბიო ნახევარდაცვის ცენტრში მოქმედებდა, მაგრამ შეტევაში ჩართვა და გოლის გატანა უყვარდა. თუმცა, მისი დარტყმების შემდეგ, ბურთი მეტოქის კარის ბადეში არც ისე ხშირად ხვდებოდა. კაპელოს ფილიგრანული ტექნიკა ჰქონდა და ამასთანავე, ფიზიკურად ძლიერი იყო. ჩემი ეპოქის ფეხბურთელების ამჟამინდელებთან შედარება არასწორია, მაგრამ ყველაზე მეტად ფაბიო თამაშის მანერით "რომას" ნახევარმცველ დანიელე დე როსის ჰგავს. მართალია, რომაელი ფიზიკურად უფრო ძლიერია, მაგრამ ისეთი ტექნიკური არაა, როგორც კაპელო.

- მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ვინ მიგაჩნიათ?

- ჩემთვის საუკეთესოდ ფეხბურთელად ალფრედო დი სტეფანო რჩება, მაგრამ უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ყველაზე გამორჩეული ფიგურა გარინჩა იყო. თუმცა, შეუძლებელია არ გავიხსენო ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორიც პელე, ფერენც პუშკაში, იოჰან კრუიფი და ფრანც ბეკენბაუერი არიან.

- სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებით?

- დიახ, მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ტელევიზიისთვის კომენტატორად ვიმუშავებ.

- აფრიკაში გამგზავრება არ გეშინიათ?

- არანაირად, რადგან გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში კონფედერაციის თასზე ვიყავი. მაშინ, პრობლემა არ შემქმნია. საერთოდ, სამხრეთ აფრიკა ძალიან მომეწონა - მწვანე ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველების ნახვა შეიძლებოდა.

- მსოფლიოს ჩემპიონატს ვინ მოიგებს?

- ბრაზილია, არგენტინა, ინგლისი, ან იტალია.

- რომელი ნაკრები "გაისვრის" ან პირიქით, რომელმა შეიძლება იმედი გააცრუოს?

- სამხრეთ აფრიკის ნაკრებში კარგი კოლექტივი შეიკრიბა, რომელსაც სერიოზული ამოცანების გადაჭრა შეუძლია. ჩემი აზრით, გერმანელებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი წარუმატებელი იქნება.

ლაშა თაბაგარი

"მსოფლიო სპორტი"

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო