ეროვნული ფეხბურთის ციფრების ანატომია

ეროვნული ფეხბურთის ციფრების ანატომია

თითქმის თვე გავიდა რუსთავის "ოლიმპის" მეორედ გაჩემპიონების შემდეგ. სპეციალისტები გასულ სეზონს აჯამებენ, ბევრმა ამპლუების მიხედვით საუკეთესოთა დასახელებაც გაბედა, ცოტამ გასული სეზონის მოვლენები შეაფასა. საკუთარი რჩეულები ჩვენც გვყავს, მაგრამ დღეს მათზე შეჩერებას არ ვაპირებთ. ახლა ის გვინდა, რომ ფეხბურთში XXI ეროვნული ჩემპიონატი ციფრებით "ავამეტყველოთ".

ხომ გაგიგიათ, "ფულს დათვლა უყვარსო". ჰოდა, ვინაიდან ქართულ ფეხბურთში იმდენი ფული არაა, რომ ვინმემ მისი დათვლით თავი შეიწუხოს, ჩვენც ისღა დაგვრჩენია საფეხბურთო ანგარიშები, წარმატებული და წარუმატებელი სერიები დავთვალოთ. გამგები ამ ციფრებიდანაც ბევრს გაიგებს, ზოგისთვის დღესავით რომ ნათელია, იმ ფაქტებს სტატისტიკით "გაამაგრებს". მოკლედ, მოემზადეთ და დავიწყოთ.

დავუშვათ ვადაჭკორიამ გაბედა

ფეხბურთში საქართველოს XXI ეროვნული ჩემპიონატი (უმაღლესი ლიგა) 2009 წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყო და 2010 წლის 20 მაისს დასრულდა. 10-მა გუნდმა ერთმანეთში 4 წრედ იასპარეზა და 36 ტურის შემდეგ ისე დალაგდნენ, ქვემოთ ნაჩვენებ ცხრილში რომაა.

ჩემპიონატში 180 მატჩი დაიწყო და მათგან არბიტრმა 179-ში მისცა საფინალო სასტვენი. მხოლოდ ერთში, რომელიც ზესტაფონში იქაურ გუნდსა და რუსთავის "ოლიმპს" შორის მიმდინარეობდა, გიორგი ვადაჭკორიამ 83-ე წუთზე (1:1-ზე) შეწყვიტა შეხვედრა და საკითხი განსახილველად ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს დაუთმო. იქ იმსჯელეს და ორივე გუნდს ტექნიკური მარცხი (0:3) ჩაუთვალეს. მოკლე ხანში აღმასკომმა რუსთაველებს სასჯელი უფრო გაუმკაცრა და გუნდს კიდევ 3 ქულა დააკლო.

ვინაიდან 20 მარტის ამ შეხვედრაში იმერლებმაც და ქვემოქართლელებმაც დე-იურედ წააგეს და არა დე-ფაქტოდ, ჩვენს სტატისტიკაში მისი შედეგი 1:1 დავტოვეთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან დაგვენანა "ოლიმპის" თავკაცის თემურ მახარაძის საკმაოდ გრძელვადიანი წაუგებელი სერია თითქმის 2 თვით ადრე გასაწყვეტად. ვინაიდან მეცნიერებაში და მათ შორის სტატისტიკაშიც დაშვება დასაშვებია, დავუშვათ არბიტრმა ვადაჭკორიამ გაბედა, ის მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა და შედეგიც არ შეცვლილა (არადა, თვითმხილველთა თქმით, მსაჯს სწორედ იმის შეეშინდა, ვაითუ დარჩენილ დროში რომელიმე გუნდმა გოლი გაიტანოსო და მეტწილად იმიტომაც არ დაამთავრებინა ნაჩხუბარზე დაშოშმინებულ ფეხბურთელებს). მგონი, არაფერს დავაშავებთ.

ზამთარში გამოფხიზლებული სტუმრები

180 მატჩში მასპინძლებმა 81 მოიგეს, სტუმრებმა - 48, ხოლო 51 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა, ბურთების სხვაობა 259:172. სულ 431 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩზე გადაანგარიშებით 2,39-ს უტოლდება.

მასპინძელთა უპირატესობა 4-დან 3 წრეში იყო, აი, ე.წ. ზამთრის (5 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით) III წრეში კი, თავი ფავორიტმა სტუმრებმა გამოიჩინეს და 16-16-ჯერ მოგებული და ფრედ დამთავრებული მატჩების წილ, მხოლოდ 13-ში წააგეს.

ჩემპიონატის განმავლობაში 3 შემთხვევა იყო, როცა მასპინძლებმა ტურის 5-ვე შეხვედრა მოიგეს (III, XV და XXXVI), მათგან გატანილ-გაშვებული ბურთების საუკეთესო ბალანსი ბოლო შემთხვევაში დაფიქსირდა - 17:2. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათი ბენეფისი 2010 წლის 21 თებერვალს XXII ტურში შედგა. ამ დღეს მათ მხოლოდ ქულა დაუტოვეს მასპინძლებს, დანარჩენ 4 შეხვედრაში კი მოიგეს (ბურთების ბალანსით 7:2).

გატანილი გოლების რეკორდული ოდენობით 2009 წლის 17 ოქტომბერს გამართული XI ტური გამოირჩა. ამ დღეს გუნდებმა 23 გოლი (საშუალოდ 4,6 გოლი მატჩში) გაიტანეს. გოლების მხრივ ყველაზე "ღარიბი" იყო IV ტური - 22 აგვისტოს იქეთ-აქეთ სულ 4 გოლი (საშუალოდ 0,8 გოლი მატჩში) გავიდა.

17-დან 14 იმერლებისაა

XXI ეროვნული ჩემპიონატის 180 მატჩში 17-ნაირი შედეგი დაფიქსირდა. საფინალო სასტვენის შემდეგ ტაბლოზე ყველაზე მეტჯერ 1:0 (ან 0:1) დარჩა. ასე მოხდა 37-ჯერ. ეს ანგარიში "ზესტაფონისა" და ზუგდიდის "ბაიას" სამატჩო ოქმებში 10-10-ჯერ დაფიქსირდა, თუმცა თუ იმერლებმა მათგან 7 შემთხვევაში მოიგეს, მეგრელებმა 9-ში წააგეს. 0:1 კიდევ ერთი გუნდისთვის იყო "სატურნირო თილისმა". "გაგრამ" ასეთი ანგარიშით 9-დან 8 შემთხვევაში დატოვა მინდორი წაგებულმა.

პოპულარულ ანგარიშთა შორის მე-2 ადგილზეა 2:0 - 24-ჯერ (რეკორდსმენი თბილისის "დინამო" - 7 (აქედან 6 მოიგო)). შემდეგ მოდის 2:1 - 23-ჯერ (რეკორდსმენები ცხინვალის "სპარტაკი" და თბილისის "ვიტ ჯორჯია" - 7 (5 მოიგო)). 22-ჯერ დაფიქსირდა 1:1, 21-ჯერ კი - 0:0. ნულოვანი შედეგით ყველაზე ხშირად (8) ბოლნისის "სიონის" მატჩები დამთავრდა. ს/კ "სამტრედია" ერთადერთი ქართული გუნდი გახლდათ, რომელსაც გასულ სეზონში ასეთი ანგარიშით არ უთამაშია.

კიდევ დაფიქსირებული სხვა შედეგების ციფრული სტატისტიკა ასეთია 4:1 - 10, 3:0 - 9, 3:1 - 9, 2:2 - 7, 4:0 - 6, 5:0 - 3, 6:0 - 2, 5:1 - 2, 3:2 - 2, 4:2 - 1, 4:3 - 1, 3:3 - 1.

"სამტრედია" ანგარიშებთან მიმართებაში ერთხელაც, თუმცა თანარეგიონელ ზესტაფონელებთან ერთად უნდა ვახსენოთ. ამ იმერულ კლუბთა შეხვედრებში, საერთოდ დაფიქსირებული 17 სხვადასხვა შედეგიდან, ყველაზე მეტი 14-ნაირი ანგარიში დარჩა ტაბლოზე. ყველაზე ნაკლები არჩევანი კი, თბილისის "ლოკომოტივს" ჰქონდა - 8.

ერთიც სამტრედიელებზე და მალე "სერიებზე" გადავიდეთ - იქ მათი ხსენება აღარ იქნება. ყველაზე მეტი გოლი "სამტრედიას" მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში გავიდა - 111 (საშუალოდ 3,08 გოლი მატჩში). ამ მხრივ, ყველაზე მოკრძალებული მაჩვენებელი პირველ ლიგაში დაქვეითებულ "ლოკომოტივს" აქვს - 69 (საშუალოდ 1,92 გოლი). ახალი სეზონიდან საინტერესო დაკვირვების მოლოდინში იქნებიან სპეციალისტები, რადგან იმერელთა მართვის სადავეები გასულ სეზონში რკინიგზელების გამწვრთნელმა გელა სანაიამ ჩაიბარა.

ჩემპიონატზე დიდი ანგარიშით (3 და მეტი ბურთის სხვაობით) სულ 32 მატჩი დასრულდა. მოგებათა მხრივ რეკორდსმენი თბილისის "დინამოა" - 9, ხოლო წაგებათა მხრივ ცხინვალის "სპარტაკი" - 6. "ზესტაფონმა" ისე დაამთავრა ჩემპიონატი, რომ დიდი ანგარიშით არ წაუგია, აი, "ლოკომოტივი" კი, ერთადერთი გუნდია, რომელსაც ასეთი ანგარიშით არ მოუგია.

გაგრული ტრიოს "ნაშრომი"

წაუგებელი მატჩების ყველაზე ხანგრძლივი სერია ქვეყნის ჩემპიონ რუსთავის "ოლიმპს" უკავშირდება. VI ტურში თბილისში "დინამოსთან" განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ ქვემოქართლელებმა ზედიზედ 27 მატჩში არ იცოდნენ წაგების გემო. რუსთაველთათვის მარცხიანი აღმოჩნდა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე - 9 მაისი. ამ დღეს თემურ მახარაძის გაწვრთნილმა "ოლიმპმა" თბილისის "ვიტ ჯორჯიასთან" 0:2 წააგო.

ამავე დღეს დასრულდა მახარაძის უფრო ხანგრძლივი წარმატებული სერია. მოგეხსენებათ, ეს სპეციალისტი ჩემპიონატის საწყის 11 ტურში ბოლნისის "სიონს" წვრთნიდა. სწორედ ამ გუნდიდან გამოყოლილ 7 წაუგებელ მატჩს მახარაძემ "ოლიმპში" 22 დაუმატა და მისი სერია 239 დღეს გაგრძელდა.

მოუგებელი მატჩების ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონდა ს/კ "გაგრას". ამ სერიას ფასიც "განსაკუთრებული" აქვს, რადგან გუნდმა იგი 3 მთავარი მწვრთნელის ხელში "შექმნა" (2009 წლის 22 ნოემბრიდან 2010 წლის 9 მაისი). 19-მატჩიანი სერია მწვრთნელებზე ასეთი თანმიმდევრობით გადანაწილდა - ვიქტორ კაშჩეი -2, კახი კარანაძე - 11, ანატოლი პისკოვეცი - 6.

თბილისის "დინამომ" და რუსთავის "ოლიმპმა" ზედიზედ 13 შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, რომ მეტოქისთვის გოლი გაჰქონდათ. თუმცა აქ უპირატესობა ქვემოქართლელთა მხარეს უნდა იყოს, რადგან მათ ამ სერიაში 34 გოლი გაიტანეს, თბილისელებმა კი - 25.

უგოლო სერიით გამოირჩა კიდევ ერთი ქვემოქართლური გუნდი ბოლნისის "სიონი". ამ გუნდმა, სათავეში ხვიჩა ქასრაშვილის მოსვლიდან ზედიზედ 6 მატჩში ვერ შეძლო მეტოქისთვის გოლის გატანა, მერე კი ერთბაშად "აიწყვიტა" და ჩემპიონატი ცხრილის მე-6 საფეხურზე დაამთავრა.

ყველაზე ხანგრძლივი გოლგაუშვებელი სერია ჰქონდა რუსთავის "ოლიმპს". მისმა კიპერმა გრიგოლ ჭანტურიამ ზედიზედ 5 შეხვედრაში შეძლო კარის "მშრალად" შენარჩუნება. ზედიზედ 4 მატჩში მოახერხა ასეთი რამ თბილისის "დინამოს" კიპერმა გიორგი ლორიამ.

ამ მხრივ სრულიად საპირისპირო შედეგი აქვთ თბილისის "ლოკომოტივის" მეკარეებს. რკინიგზელებმა გასული ჩემპიონატის ბოლო 13 მატჩში ერთხელაც ვერ შეძლეს კარის სრული უსაფრთხოების დაცვა.

"ლოკომოტივმა" ყველაზე მეტჯერ (21) დატოვა მინდორი ისე, რომ მეტოქეს გოლი ერთხელაც ვერ გაუტანა. რაც შეეხება ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს რუსთავის "ოლიმპს", მან 36-დან 31 მატჩში შეძლო მოწინააღმდეგის ერთხელ მაინც დამწუხრება.

ფრიდონ კერვალიშვილი

"მსოფლიო სპორტი"

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო