"გამომძიებელმა მითხრა, ჯადოქრობაში გდებს ბრალსო" - რა დეტალებს ამხელს "გორგიას" მფლობელის ყოფილი მეუღლე

"გამომძიებელმა მითხრა, ჯადოქრობაში გდებს ბრალსო" - რა დეტალებს ამხელს "გორგიას" მფლობელის ყოფილი მეუღლე

არ გამოვრიცხავ, გია გორგოშაძემ საკუთარ კომპანიაში ცეცხლი გააჩინოს და მე დამაბრალოს, - ამის შესახებ ჰიპერმარკეტ "გორგიას" მფლობელის, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, გამოძიება მუშაობდა ანგარიშსწორების ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენის გატაცება მისმა ყოფილმა მეუღლემ ნინო დარსალიამ შეუკვეთა და საქმეში ჩართო მეგობარი ქალი ლალი ე. ვიდეომასალაში, სადაც ბრალდებულების გატაცების გეგმას ამუშავებენ, სწორედ ამ ორ სახელს ასახელებენ. ნინო დარსალია აცხადებს, რომ ეს ბრალდება არის საუკეთესო საშუალება, რომ გორგოშაძემ ის თავიდან მოიცილოს.

"დაჰკითხეს თუ არა, ჩემსკენ გამოიშვირა ხელი და საოცარი რამ მოიფიქრა. ამ კაცს, ჩემს გარდა, 5 ადამიანი ჰყავს თაღლითურად გადაგდებული. არაადეკვატურია, როცა საქმე ფულს ეხება. წარმოიდგინეთ, ჩვენებაში წერდა, რომ ბოდბეში განიბანა, ჯადო მოეხსნა, გონება გაუნათდა და ბებერ ცოლს გაშორდა (5 წლით უფროსი ვარ) და პატარა "ანგელოზი", 19 წლით უმცროსი თანამშრომელი მოიყვანა ცოლად. გამომძიებელმა მითხრა, ჯადოქრობაში გდებს ბრალსო. ამის მერე არაფერს გამოვრიცხავ. მან მე არაერთხელ მომკლა... გაშორების შემდეგ ღამის საათებში იწყებოდა ჩემს ტელეფონზე რეკვა (გიას რომელიღაც სპეციალურ საიტზე დაიდო ჩემი ნომერი), ნინათი მომმართავდნენ და მეკითხებოდნენ, ქალი გამოძახებით ხართო? ამ ადამიანმა მორალურადაც გამანადგურა. 12 ოქტომბრის ღამეს მორიგი მკვლელობა ჩაიდინა", - განაცხადა დარსალიამ.

მისი თქმით, თუ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც ნორმალურ სახელმწიფოს შეფერის, რადიკალურ ზომებს მიმართავს და თვითონ გამოუტანს თავს სასიკვდილო განაჩენს.

"კაცს დიდძალი ქონება, 100 მილიონზე მეტი აქვს, ოფშორებშიც გაიჭრა და ეს ჩემი და სხვა პარტნიორების გადაგდების ხარჯზე მოახერხა. ყველას საჩივარი აქვს შეტანილი, არიან მოწმეებიც, რომლებიც მის ფინანსურ მაქინაციებს ადასტურებენ. საიდან უნდა მცოდნოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები? გამოძიებას ამის ოდნავი ეჭვიც რომ ჰქონოდა, დღეს დაკავებული ვიქნებოდი. დაიჭირონ ეს თაღლითი. მან ჩემი შვილიც მოკლა და გაწირა - უსახსროდ დაგვტოვა. თუ არ შეაჩერეს, არ გამოვრიცხავ, საკუთარ კომპანიაში ცეცხლიც გააჩინოს და მე დამაბრალოს ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დამწამოს", - განაცხადა ნინო დარსალიამ.

შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბრის ღამეს, წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა - სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანეს. მათი ინფორმაციით, ვასილ ვასილიადი, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა იმავე ღამით, პარალელურად ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ბინა გაჩხრიკეს, საიდანაც კომპიუტერი და მობილური ტელეფონები ამოიღეს. გამტაცებლებს გამოსასყიდის სახით ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარი უნდა მოეთხოვათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ