"ოცნების" წევრები "ბოქაულებივით" ადგანან თავზე კომისიის წევრებს" - რა დარღვევებზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები

"ოცნების" წევრები "ბოქაულებივით" ადგანან თავზე კომისიის წევრებს" - რა დარღვევებზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები

საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს ირჩევს. ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

საარჩევნო პროცესი რამდენიმე საათის დაწყებულია, თუმცა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ თბილისსა და რეგიონებში საარჩევნო პროცესი დაღვევებით მიმდინარეობს:

ლევან ბეჟაშვილი, ნაციონალური მოძრაობა: "პრაქტიკულად წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს თბილისში არჩევნები. ასეთი დარღვევა უპრეცედენტოა და არც ერთი არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა. "ქართული ოცნების" პარტიული წარმომადგენლები, იმყოფებიან საარჩევნო უბანზე, "ბოქაულებივით" ადგანან თავზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, რეგისტრატორებს და იწერენ ყველა მოსული ამომრჩევლის საარჩევნო სიაში რეგისტრაციის ნომერს. აქამდე ასეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა არც ერთ არჩევნებზე. ეს ეტყობა რაღაც ახალი მოგონილია "ქართული ოცნების" მიერ. ამის მიზანია მოხდეს ზეწოლა ადმინისტრაციულ რესურსზე, რათა მოხდეს აღრიცხვა თუ ვინ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და მისცეს თუ არა მათ ხმა და ვინც არ მოსულა ისინი იძულებით მოიყვანონ არჩევნებზე. ეს არის არჩევნების ფარულობის უხეში დარღვევა, რაზეც ცესკოს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. მოვუწოდებთ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს პოზიცია ამ დარღვევაზე. ნუ იმალება პრესსპიკერის და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების უკან".

მარნეულში "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი: დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ უბანთან გარეთ იდგა ავტომობილი და მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს აძლევდნენ. ჩვენ მივედით და ვნახეთ, რომ უბანზე შესვლამდე და გამოსვლისას მოქალაქეები ავტომობილთან მიდიოდნენ. ეს ადამიანი მარნეულში მუშაობს და არის სასამართლოს თანამშრომელი, კერძოდ მანდატური. ეს აშკარად არის სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერა".

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი: "დილიდან თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს საშინლად არ მოგვწონდა და გვაცოფებდა ხოლმე. დღეს ხდება თბილისში შეხვედრა წარსულთან. ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან შავებში ჩაცმული ადამიანები, აფორიაქებული სახეებით, საწერი კალმებით, ფურცლებით, სიებით, დაარბენინებენ აქეთ-იქით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, გაშმაგებულები ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები, უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები მოიყვანონ საარჩევნო უბნებზე. რა თქმა უნდა, ამის ორგანიზატორია ხელისუფლება, "ქართული ოცნება". სწორედ ეს არ მოგვწონდა თითოეულ ჩვენგანს წინა ხელისუფლების დროს, რომ ასე არჩევანის უფლებას აკარგვინებდნენ მოქალაქეებს. ათეულობით ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული, მოდის ინფორმაციები რომ არის "კარუსელების" მცდელობა და ახლა ჯგუფებია გასული ამ ფაქტების გადასამოწმებლად. არაერთი საჩივარი დაწერეს ჩვენმა დამკვირვებლებმა".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებს "ხელისუფლებისა და კრიმინალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია" უწოდა. გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და დარღვევებზე ისაუბრა.

მერობის კანდიდატის თქმით, საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების წარმომადგენლები და პარტია "ქართული ოცნების" წევრები ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ. ვაშაძემ ამომრჩეველს მიმართა, მოსალოდნელი გაყალბების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."