წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია საღამოს კრემების წასმის დროს:
- შეეცადეთ, რომ სახეზე საღამოს კრემის წასმა მოახერხოთ 6-8 საათამდე.
- ნურასოდეს დაწვებით დასაძინებლად სქლად წასმული საღამოს კრემით, რადგან კრემის სქელი ფენა ქმნის სათბურის ეფექტს, რომელიც ხელს უშლის კანიდან ტოქსინების გამოდევნას.
- ცხიმიანი კანის მქონე ქალები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ საღამოს მკვებავი კრემების შეძენის დროს, უმჯობესია, თუ მათი საღამოს კრემი ნაკლებად ცხიმიანი იქნება.
- სახის კანის მოვლის თანამედროვე კოსმეტოლოგიური საშუალებების გარდა, რა თქმა უნდა, არანაკლებ ეფექტურია ბუნებრივი საშუალებებიც. სახის კანს განსაკუთრებით სჭირდება ვიტამინების მიღება გაზაფხულის პერიოდში, რათა გამოცოცხლდეს და გლუვი და ვარდისფერი გახდეს. ამისათვის, პირველ რიგში, კვების რაციონის გამდიდრება და გამრავალფეროვნებაა საჭირო. სასურველია, თქვენს საკვებში შემდეგი სახის ვიტამინები და პროდუქტები შედიოდეს: ვიტამინი C - ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ამცირებს დაბერებისა და ნაოჭების წარმოქმნის პროცესს, განსაკუთრებით კი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოშობას, რომელზეც ძალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს ვიტამინი უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას.
ვიტამინი A - ზრუნავს ეპითელიუმის განახლებაზე, საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე, კანს უნარჩუნებს ტენს და იცავს მას გამოშრობის, აქერცვლისა და ნაოჭების გაჩენისგან. ამისთვის საჭიროა მიირთვათ რძე, ხაჭო, ყველი, კვერცხი, სტაფილო, პომიდორი, გარგარის ჩირი, წითელი წიწაკა.
ვიტამინი B12 - აქტიურად არის ჩართული ნახშირწყლოვანი ცვლის პროცესში, ცილებისა და ცხიმების ათვისებასა და ჰემოგლობინის წარმოქმნაში. ამისათვის საჭიროა მიირთვათ რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთი, სოკო, ღვიძლი.
ვიტამინი E - ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს სიბერის პროცესს. სასურველია მიირთვათ მზესუმზირა, სიმინდი და ზეითუნის ზეთი, ასკილის ნაყოფი, კვერცხის გული, ბარდა, ლობიო, თხილი.
თუთია - აფერხებს სიბერის პროცესს, ამკვრივებს კანს, ეხმარება ჭრილობების იოლად შეხორცებას და ებრძვის დაავადების წარმომქმნელ და გამომწვევ მიკრობებს. მას შეიცავს მიწის თხილი, ნიორი, ნუში, ტკბილი წიწაკა, კომბოსტო, სტაფილო.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)