"ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს ევროპაში არალეგალურად მოსახვედრად იყენებენ"

"ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს ევროპაში არალეგალურად მოსახვედრად იყენებენ"

ენგურის ხიდზე, ე.წ. აფხაზმა მესაზღვრეებმა 15 ემიგრანტი დააკავეს. აფხაზი "სამართალდამცველების" თქმით, ისინი ეგვიპტის, სომალის, იემენისა და სუდანის მოქალაქეები არიან და აფხაზეთში სამუშაოდ გადადიოდნენ. როგორც მათ განყოფილებაში განაცხადეს, არც იცოდნენ, რომ ის საქართველოს ტერიტორია არ იყო...

აფხაზეთის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" ასლან სალაყაიას თქმით, ეს არის "საქართველო-აფხაზეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის, ერთ-ერთი ყველა მასიური შემთხვევა... უკვე დადგენილია, რომ მათ გარკვეული პერიოდი, საქართველოში გაატარეს და იქიდან აფხაზეთში დააპირეს გადასვლა, რომლის გავლითაც, ასევე, არალეგალურად, რუსეთში მოხვედრას გეგმავდნენ.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი, იემენის მოქალაქე, იმან მუჰამედ აბდულაჰ ალბოსი ჰყვება, რომ ის საქართველოში ტურისტული ვიზით, 4 მეგობართან ერთად ჩამოვიდა და აქედან, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში აპირებდა გამგზავრებას... "ერთ-ერთმა ჩვენგანმა იპოვა ადამიანი, რომელიც ამ გეგმის შესრულებაში დაგვეხმარებოდა და ჩვენც მას თითომ, 2800 დოლარი გადავუხადეთ... თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, მან რატომღაც უკან დაიხია და ჩვენც ჩვენს მიერ გადახდილი თანხა მოვთხოვეთ, რის პასუხადაც, მან რუსეთში გადასვლა შემოგვთავაზა, საიდანაც შემდეგ ევროპაში მოვხვდებოდით..." - აცხადებს მიგრანტი.

მისივე თქმით, ასე მოტყუებით აღმოჩნდნენ აფხაზეთში და არც კი იცოდნენ, რომ "აფხაზეთი ცალკე იყო, - ჩვენ ესევ საქართველო გვეგონა... აქამდე ორმა ადამიანმა მოგვაცილა, მათგან ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია..." - ამბობს იემენის მოქალაქე.

მეორე დაკავებული ეგვიპტელია, ვაილ იბრაგიმ უხბი ალგადმი, რომლის თქმითაც, მას ეგვიპტეში უთხრეს, რომ საქართველოდან ევროპის ქვეყნებში არალეგალურად მოხვედრა ძალიან ადვილია.

"მითხრეს, რომ იქ სხვა ლტოლვილებსაც შევხვდებოდი, რომლებიც ევროპაში გადასვლას გეგმავდნენ... თბილისში ჩასვლის შემდეგ, ვიპოვე ეს ადგილი, მეჟეშვილის ქუჩა (სავარაუდოდ, მარჯანიშვილს გულისხმობს), ეს არის "მაკდონალდსთან" ახლოს, სადაც უნდა შევხვედროდით ადამიანს, რომელიც ევროპაში გადასვლაში დაგვეხმარებოდა... იქ ჩემნაირები ბევრნი იყვნენ, თუმცა, ჩვენს დასახმარებლად არავინ მოსულა...

დაახლოებით 2 თვე ვიცხოვრე საქართველოში. შემდეგ, შევხვდი სხვა, ჩემნაირად მოტყუებულ ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით ევროპაში მოხვედრას გეგმავდნენ. ორი ვარიანტი გვქონდა, - 2 ათას დოლარად აფხაზეთში გადავეყვანეთ, საიდანაც რუსეთში მოხვდებოდით და მეორე, - ბათუმიდან, შავი ზღვით გავსულიყავით, თუმცა, ეს მარშრუტი საკმაოდ ძვირი ღირდა და ამიტომაც აფხაზეთი ავირჩიე... ენგურის ხიდამდე ორმა ადამიანმა გაგვაცილა, მათგან ერთ-ერთი პოლიციელი იყო და მათ გვირჩიეს მდინარე ენგურის გადალახვით, აფხაზეთში მოხვედრა..."

ასლან სალაყაიას თქმით, ამ ინფორმაციით, წესით, საქართველოს სპეცსამსახურები უნდა დაინტერესდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ "როგორც ირკვევა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს ევროპაში არალეგალურად მოსახვედრად იყენებენ და მერეც, ამ საქმეში დაკავებულები პოლიციელის მონაწილეობაზე საუბრობენ".

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აფხაზეთის ე.წ. მესაზღვრეების გამოცოცხლება ძალიან საეჭვოა, რადგან მთელი ზაფხულის განმავლობაში, აფხაზეთის ყველა ზღვისპირა ქალაქის პლაჟები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, სხვადასხვა გზებით ჩამოსული ადამიანებით იყო სავსე, თუმცა, არც ერთი "მილიციელი" მათი აფხაზეთში ყოფნის მიზეზით არ დაინტერესებულა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?