ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, გზათსარგებლობის საფასურის შემოღების ინიციატივა , დამტკიცების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
გზათსარგებლობის საფასურის შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში მთავრობამ მოახდინა, რომლის თანახმად, გზათსარგებლობის საფასურის გადახდა თავდაპირველად იმ სატვირთო მანქანების მფლობელებს მოუწევთ, რომლებიც საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაზიდვას ახორციელებენ.
გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილების პარლამენტის მიერ დამტკიცება, ავტომატურად გააძვირებს ტრანზიტს და შესაბამისად ფასებს.
რაც შეეხება ინიციატივის უკანონობას, ცაგარეიშვილი ამბობს, რომ გზების მოვლის და შენახვის გადასახადი ნავთობპროდუქტების აქციზში დევს და მძღოლი, საწვავის შეძენისას, ამ გადასახადს ავტომატურად იხდის.
კანონმდებლობით კი, ცაგარეიშვილის თქმით, ერთი გადასახადის ორმაგად გადახდა აკრძალულია.
"გზათსარგებლობის საფასურის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი", – განაცხადა ცაგარეიშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ პარლამენტში მთავრობის ამ ინიციატივას, არანაირი პრობლემა არ შეექმნება.