ბალაკმა და კოულმა "არისტოკრატობაზე" უარი თქვეს

ბალაკმა და კოულმა "არისტოკრატობაზე" უარი თქვეს

ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნახევარმცველები - ჯო კოული და მიხაელ ბალაკი გუნდს ტოვებენ. დასახელებულ

ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება არ მოხერხდა და ისინი ლონდონურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.

BBC-ის ინფორმაციით, "არისტოკრატები" დაინტერესებულნი იყვნენ ორივე მოთამაშის შენარჩუნებით, მაგრამ მათთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

კოული "ჩელსიმ" 2003 წელს "ვესტ ჰემისგან" შეიძინა და მის სანაცვლოდ, თანაქალაქელებს 6.6 მილიონი ფუნტი გადაუხადა. 28 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე "არისტოკრატთა" ფორმით ჩატარებული 200-ზე მეტი მატჩი და 40 გოლია. თუმცა, ლონდონურ გრანდში კარლო ანჩელოტის მისვლის შემდეგ, კოულს ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდა.

ამის მიუხედავად, კლუბს მაინც სურდა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ მორიგდნენ - ფეხბურთელი ყოველკვირეულ ანაზღაურებად 100 ათას ფუნტს ითხოვდა, მაშინ როცა "ჩელსი" 80 ათასის გადახდას თანხმდებოდა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, დათმობაზე წასვლა არც ერთმა მხარემ ისურვა და საბოლოოდ, დროის უქმად ხარჯვას, განშორება ამჯობინეს.

რაც შეეხება 33 წლის ბალაკს, ის "ჩელსიში" 2006 წელს მიუნხენის "ბაიერნიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. ლონდონურ კლუბში ბუნდესნაკრების კაპიტნის ყოველკვირეული გასამრჯელო 121 ათასი ფუნტი იყო. გერმანელი ნახევარმცველი "ლურჯებს" ორ პირობას უყენებდა – მინიმუმ, ორწლიანი კონტრაქტი, თანაც ამჟამინდელი ანაზღაურებით. "ჩელსის" კი, ბალაკთან მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდა. საბოლოოდ, შეთანხმებას ვერც მათ მიაღწიეს.

ჯო კოულის გადაბირებით, ყველაზე მეტად დაინტერესებულია "ტოტენჰემი", რომელსაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოუწევს ასპარეზობა და პრესტიჟული ევროტურნირისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. ბალაკზე კი, პრეტენზიას "შალკე" და არაბეთის გაერთიანებული საემიროების რამდენიმე კლუბი აცხადებს.

აქვე დავამატებთ, რომ უახლოეს დღეებში, "ჩელსის" კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს. პირველ ივლისს კონტრაქტის ვადა ბრაზილიელ ჟულიანო ბელეტისაც ეწურება და კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, მას ხელშეკრულება აღარ გაუხანგრძლივდება.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო