ურუგვაის ეროვნული ნაკრების შეტევის ლიდერ დიეგო ფორლანისთვის, მადრიდის “ატლეტიკოში” ჩატარებული სეზონი, კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
მან მადრიდელებთან ერთად ევროპის ლიგა მოიგო და ინგლისის” ფულემთან” ფინალურ შეხვედრაში დუბლიც მიითვალა, რითაც საკუთარი გუნდის გამარჯვება (2:1) უზრუნველყო. ამჟამად, 31 წლის ფორვარდი, ურუგვაელებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და The Times-თან მომავალ პერიპეტიებზე ისაუბრა, თან საკლუბო დონეზე ნაჩვენები შედეგიც შეაჯამა.
- მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, ისე ჩანს, თითქოს ფეხბურთში მისი საუკეთესო წლები უკანაა. რატომ?
- დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ საკითხში ექსპერტად გამოვდგები. ყოველივე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული – სოციალურზე, ეკონომიკურზე. მართალია, ქვეყანა ადრეულ ასაკში დავტოვე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ურუგვაიში ფეხბურთი ძალიან უყვართ.
- მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენი გუნდის მოხვედრამ, სამშობლოში გულშემატკივრების დიდი სიხარული გამოიწვია?
- რა თქმა უნდა. ჩვენ 2006 წლის მუნდიალზე ვერ მოვხვდით და ამიტომ ახლა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის დიდი სურვილი გვქონდა. თუმცა, ადვილი არ იყო კოსტა-რიკის დამარცხება, რათა სამხრეთ აფრიკაში გავმგზავრებულიყავით.
- ეს თქვენთვისაც მიღწევაა, რადგან 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყავით, ხოლო ამჯერად, ალბათ, ყველაზე გამოცდილი ხართ...
- მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ვის არ უნდა? არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, ახალგაზრდა ხარ, თუ ასაკოვანი, რადგან ასეთ ტურნირზე თამაში ყველას სურს. მსოფლიო პირველობაზე მეორედ ვითამაშებ და ეს, ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა.
- 2002 წელს, არცთუ სასიამოვნო გამოცდილება მიიღეთ, თუმცა სენეგალის კარში გოლი მაინც გაიტანეთ...
- ნამდვილად. იაპონია-სამხრეთ კორეაში ჩატარებული მუნდიალი, ჩვენთვის საუკეთესო არ იყო, თუმცა, მიღებულ გამოცდილებას რა დამავიწყებს. მთელი მსოფლიოს მიკროსკოპში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. სამწუხაროა, რომ ამაზე მეტი ვერ გავაკეთე.
- ჯგუფში მეტოქედ სამხრეთ აფრიკა გყავთ...
- მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლებთან თამაში არავის უნდა, რადგან მათ გულშემატკივრების დიდი არმია ჰყავთ. როდესაც მეტოქეს მხარს მთელი სტადიონი უჭერს, თამაში ძნელია. ეს უცნაური ატმოსფეროა, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათოა.
- მასპინძელთა გარდა, ჯგუფში თქვენი მეტოქეები საფრანგეთი და მექსიკა არიან...
- ჩვენს ჯგუფში წინასწარ რაიმეს განსაზღვრა ძნელია. ტურნირს ძალიან კარგ გუნდთან, საფრანგეთთან მატჩით ვიწყებთ, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა შეუძლია. რაც შეეხება მექსიკას, ამ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატებზე საკმაოდ კარგად გამოსვლის დიდი ტრადიცია აქვს.
- 1/8-ფინალში გასვლას უმიზნებთ?
- ბუნებრივია, ამას ვეცდებით. თუმცა, ფლეი-ოფის საგზურის მოპოვება ჩვენი ჯგუფის ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება.
- მომავალ ტურნირზე, პირადად რაიმე მიზანს ისახავთ?
- მეორე რაუნდში გასვლა საუცხოო იქნებოდა. ამასთან ერთად, თუ გოლებსაც გავიტან, ზეიმის კიდევ ერთი მიზეზი მექნება. თუმცა, ტურნირის დაწყებამდე, რაიმე ჩარჩოში საკუთარი თავის ჩასმა არ მსურს, რადგან ეს, დამატებითი პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური წნეხია. ჩემი ამოცანაა – იქ ვიყო და მაქსიმალურად კარგად ვითამაშო.
- მიმდინარე წელს, საკლუბო დონეზე ევროპის ლიგა მოიგეთ. თვლით, რომ კარიერის მანძილზ,ე ეს თქვენთვის ყველაზე დიდი მიღწევა იყო?
- ცხადია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში არცთუ კარგად გამოვედით და “დიდ” გუნდებს ვერაფერი დავუპირისპირეთ. 4 ტურის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლის შანსი დავკარგეთ და დარჩენილ ორ შეხვედრაში შევეცადეთ, რომ ევროპის ლიგაში მოვხვედრილიყავით. საბოლოოდ, ეს გავაკეთეთ.
- დანარჩენი უკვე ისტორიაა?
- დიახ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ფინალურ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გავიტანე. დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩემპიონთა ლიგაში თავს გამოვიჩენდით, მაგრამ გულშემატკივრებისთვის მიცემული პირობა ვერ შევასრულეთ. ამიტომ, არ გვინდოდა ევროპის ლიგაში გამარჯვების შანსი ხელიდან გაგვეშვა. “ფულემის” დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთეთ.
- მიმდინარე წელს, როგორც კლუბში, ასევე, ნაკრებში, “კედელთან მიმწყვდეული” იყავით, მაგრამ სიტუაციიდან გამოსვლას ყოველთვის ახერხებდით – ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვეთ და მუნდიალზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფი გაიარეთ...
- კარგადაა ნათქვამი. კარგი იქნებოდა, საქმე აქამდე არ მისულიყო. საუცხოოა, რომ ყველაფერი ჩვენთვის წარმატებით დასრულდა. თუმცა, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ, რაც არაჩვეულებრივი გრძნობაა.